5 მილიონის ქართული ჯავშანჟილეტები - კვირის პალიტრა

5 მილიონის ქართული ჯავშანჟილეტები

"დელტას" წარმოებული 10 კგ-იანი საარმიო დანიშნულების ჯავშანჟილეტი 10 მეტრიდან ნასროლ სნაიპერული შაშხანის ტყვიას უძლებს, ხოლო ჯავშანჩაფხუტს 5 მეტრიდან მოხვედრილი პისტოლეტის ტყვია ვერ ხვრეტს

თავდაცვის სამინისტრო "დელტას" ქართული რეალობისთვის ჯერ არნახული ღირებულების შეკვეთას აძლევს სამამულო წარმოების ჯავშანჟილეტებისა და ჯავშანჩაფხუტების დასამზადებლად...

ჯარისკაცის სიცოცხლეს ყველა ნორმალური ქვეყნის ხელისუფლება უფრთხილდება, თუნდაც იმიტომ, რომ რამდენადაც ეს ცუდად უნდა ჟღერდეს, დასახიჩრებულ და მით უმეტეს, დაღუპულ მებრძოლს სახელმწიფომ შესაბამისი კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.

ამიტომ თანამედროვე ქვეყნების არმიებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მებრძოლების იმ ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებებით აღჭურვას, რომლებმაც ისინი ტყვიებისა და ნამსხვრევებისგან უნდა დაიცვან. მებრძოლის ინდივიდუალური თავდაცვის უმთავრესი საშუალება კი ჯავშანჟილეტი და ჯავშანჩაფხუტია, რომლებიც სხეულისა და თავის დიდ ნაწილს ფარავენ.

საბედნიეროდ, ქართული არმიის მებრძოლები სრულად არიან აღჭურვილი ჯავშანჟილეტებითა და ჯავშანჩაფხუტებით, თუმცა, კომპოზიციური მასალებისგან დამზადებულ ინდივიდუალური თავდაცვის ამ საშუალებებს ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა აქვთ _ დროთა განმავლობაში ძველდებიან (განსაკუთრებით ინტენსიური მოხმარებით მზესა და წვიმაში) და 5-7 წელიწადში ერთხელ გამოცვლა სჭირდებათ, რადგან ნაწილობრივ კარგავენ ტყვიებისა და ნამსხვრევების შემაკავებელ უნარს.

ქართული არმიის აღჭურვილობაში დღეისთვის არსებული, სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ჯავშანჟილეტები და ჯავშანჩაფხუტები, ბუნებრივია, გამონაკლისი ვერ იქნება და უკვე რამდენიმე წელია მათი განახლების პრობლემა მწვავედ დგას.

ამიტომაც გასახარია თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" 5 მლნ ლარის ღირებულების ჯავშანჟილეტებსა და ჯავშანჩაფხუტებს შეუკვეთს ქართული არმიის მებრძოლების ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებების გასაახლებლად.

ქართული არმიის ზოგიერთი დანაყოფი აქამდეც იყო აღჭურვილი "დელტას" ჯავშანჟილეტებითა და ჯავშანჩაფხუტებით, მაგრამ 5-მილიონლარიანი შეკვეთა მართლაც შთამბეჭდავია, რაც არა მარტო გაზრდის ჩვენი მებრძოლების უსაფრთხოებას, არამედ ხელს შეუწყობს ქართული სამხედრო წარმოების გაძლიერებას.

ქართული არმიისთვის შეკვეთილ ჯავშანჟილეტებს სამხედროების მოთხოვნით დაემატება ხელების ბალისტიკური დამცავები. ეს ჯავშანჟილეტი საერთო-საჯარისო დანიშნულებისაა, დაახლოებით 10 კგ-ს იწონის და მეოთხე კლასის დაცვის დონეს შეესაბამება, რაც ნიშნავს, რომ მისი წინა და უკანა ჯავშანფილა 10 მეტრიდან სნაიპერული შაშხანით ნასროლ 7,62 მმ კალიბრის ტყვიას უძლებს _ თავად გვაქვს შემოწმებული.

საარმიო დანიშნულების ტაქტიკურ ჯავშანჩაფხუტს 5 მეტრიდან თთ-ს პისტოლეტი ვესროლეთ, თუმცა, ტყვიამ ჩაფხუტში ვერ გაატანა და მის შრეებში ჩარჩა გაბრტყელებული. ზომებიდან გამომდინარე, ეს ჯავშანჩაფხუტი დაახლოებით 1,2-1,5 კგ-ს იწონის.

სამინისტროს 5-მილიონიანი შეკვეთით, სავარაუდოდ, ქართული არმიის არანაკლებ 2,5-3 ათას მებრძოლს მაინც განუახლდება ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის, რადგან 6-7-ჯერ მეტი ჯავშანჟილეტისა და ჯავშანჩაფხუტის ახლით ჩანაცვლებაა საჭირო უახლოეს მომავალში.

სავარაუდოდ, თავდაცვის სამინისტროს აპირებს მიჰბაძოს შსს-მაც, რომლის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ოკუპაციის საზღვრებთან ყოველდღიურად მორიგეობენ.

თუკი საქართველოს ყველა ძალოვანმა სტრუქტურამ "დელტას" დაუკვეთა სხვადასხვა კლასის დაცვის ხარისხის ჯავშანჟილეტები და ჯავშანჩაფხუტები, მაშინ შეკვეთის მოცულობა შეიძლება 35-40 ათასსაც გასცდეს, რაც დიდი მხარდაჭერა იქნება ეროვნული სამხედრო მრეწველობის მხრებში გასაშლელად, თანაც წარმოებულ პროდუქციაში გადახდილი თანხა ქვეყანაშივე დარჩება და რამდენიმე ასეული კაცი მუდმივად დასაქმდება.

გარდა ამისა, ავღანეთსა თუ ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიებით მყოფი ქართული სამხედრო კონტინგენტის სამამულო წარმოების ჯავშანჟილეტებსა და ჯავშანჩაფხუტებს უცხოელი სამხედროები უკვე აქცევენ ყურადღებას, ინტერესდებიან მათი დაცვის ხარისხით, წონით, ტარების მოხერხებულობით. როდესაც ქართული არმია მთლიანად ადგილობრივი წარმოების ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებებით იქნება აღჭურვილი, იქნებ უცხოელებმაც მოინდომონ ქართული ჯავშანჟილეტებითა და ჯავშანჩაფხუტებით თავიანთი მებრძოლების აღჭურვა.