ავიამეხანძრეების ეფექტი! - კვირის პალიტრა

ავიამეხანძრეების ეფექტი!

ბორჯომის ხეობაში ხანძრის კერების ჩასაქრობად 6 შვეულმფრენი და 1 თვითმფრინავი თითქმის მთელი კვირა ინტენსიურად დაფრინავდნენ

აგვისტოს მიწურულს ბორჯომის რაიონში ტყის ხანძრების ჩასაქრობად ავიაციის გამოყენებით მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერაცია ჩატარდა. საჰაერო-სახანძრო ოპერაციაში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ორ Ми-8MT ტიპის შვეულმფრენთან ერთად, მონაწილეობდნენ აზერბაიჯანული Ка-32а, თურქული Ми-8MT და Ка-32а, ასევე ბელორუსიიდან გამოგზავნილი Ми - 26Т ტიპის შვეულმფრენი. თურქეთიდან ასევე ჩამოფრინდა CL-215 ტიპის ერთი სახანძრო თვითმფრინავიც. გარდა ამისა, აზერბაიჯანის სასაზღვრო ჯარების ორი Ми-8MT ტიპის შვეულმფრენი რამდენიმე დღე ხანძრის კერების თავზე სიტუაციის საჰაერო მონიტორინგს ახორციელებდა.

სტატიის ავტორი ორი დღის განმავლობაში უშუალოდ აკვირდებოდა ხანძარსაწინააღმდეგო ავიაციის მოქმედების ტაქტიკას და შეუძლია გააანალიზოს მისი მოქმედების ეფექტიანობა.

ხანძრის კერების ავიაციის გამოყენებით ჩაქრობისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ოპერატიულობას, სიზუსტესა და წყლის მოცულობას.

ყველა შვეულმფრენი იყენებდა ხანძარსაწინააღმდეგო კალათებს დაგუბებული მდინარის ან ტბის წყლით ასავსებად. Ми-8MT ტიპის შვეულმფრენებს ასეთი კალათებით, მაქსიმუმ, 3 ტონა წყლის აღება შეუძლიათ, Ка-32а უფრო მძლავრია და 5 ტონამდე წყალს იღებს, მსოფლიოში უდიდესი სერიული წარმოების შვეულმფრენ Ми - 26Т-ს კალათაში კი დაახლოებით 15 ტონა ეტევა. ამფიბია-თვითმფრინავი CL-215 5 ტონა წყალს ტბაზე დაჯდომისას შეუჩერებლივ იღებს.

სიცხეში, თანაც ბორჯომის ხეობაში დაბალ სიმაღლეზე ფრენისას წყლის მაქსიმალური რაოდენობის აღებას ეკიპაჟები ვერ გარისკავდნენ ფრენების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამიტომაც კალათაში მაქსიმალურთან შედარებით 1 ტონით ნაკლებს იღებდნენ. ეს, რა თქმა უნდა, ამცირებდა ხანძრის კერის თავზე ჩამოღვრილი წყლის მასის მოცულობას და შესაბამისად, ცეცხლის ჩაქრობის შესაძლებლობას.

აზერბაიჯანული Ка-32А შვეულმფრენი დაგუბებულ გუჯარეთისწყალში სახანძრო კალათას ავსებს

გარდა ამისა, მთის ციცაბო კალთაზე ხანძრის კერების ჩაქრობა ბევრად ძნელი და სახიფათოა, ვიდრე ვაკეზე, რადგანაც იზრდება მთაზე საჰაერო ხრახნების წამოდების ალბათობა, ამიტომაც პილოტებს კალათის გახსნისა და წყლის მარაგის ჩამოცლისთანავე ენერგიული მანევრირება უწევდათ უსაფრთხო სიმაღლის ასაღებად, რაც როგორც ეკიპაჟის წევრების, ასევე თავად შვეულმფრენების კონსტრუქციის მნიშვნელოვან გადატვირთვას იწვევდა. ჩემი დაკვირვებით, Ка-32а ტიპის შვეულმფრენი უფრო უკეთესი ჩანს მთებში ცეცხლის ჩასაქრობად, ვიდრე Ми-8MT და ეტყობა, ესეც არის მიზეზი იმისა, რომ მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყანა, კერძოდ, თურქეთი, ესპანეთი, პორტუგალია, შვეიცარია, იაპონია თუ სამხრეთი კორეა ხანძარსაწინააღმდეგოდ სწორედ ამ შვეულმფრენს ამჯობინებენ.

თურქული ამფიბია-თვითმფრინავი CL-215-ისთვის წყლის ასაღებად თავდაპირველად ტაბაწყურის ტბა შეირჩა, მაგრამ ეკიპაჟმა ტყიბულის წყალსაცავი ამჯობინა, რამაც მისი გამოყენების ოპერატიულობა შეამცირა. ხეობაში მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამფიბია-თვითმფრინავის ეკიპაჟი დაბალ სიმაღლეზე ჩამოსვლას ერიდებოდა, ხოლო მაღლიდან გადმოღვრილი წყლის მასა ხშირად ჰაერში იფანტებოდა, ქარს მიჰქონდა და ხანძრის კერას ბევრს ვერაფერს აკლებდა.

ყველაზე შთამბეჭდავად უზარმაზარი Ми - 26Т მუშაობდა, როდესაც ეს "მფრინავი ძროხა" თითქმის 15 ტონა წყალს ასხამდა ცეცხლის კერას. თუმცა, უფრო პატარა შვეულმფრენებივით, არ შეეძლო წყალი დაგუბებული მდინარე გუჯარეთისწყლიდან ამოეღო. ამიტომ ხაშურისკენ გაფრენა უწევდა, რაც ასევე ამცირებდა მისი გამოყენების ოპერატიულობას.

სამაგიეროდ, Ми-8MT-ებისა და Ка–31А-ების ეკიპაჟები საოცრებას ახდენდნენ - დილის 6 საათიდან დაღამებამდე შეუსვენებლივ მუშაობდნენ, მხოლოდ საწვავის შესავსებად თუ დასხდებოდნენ. ისინი ერთგვარი კარუსელის პრინციპით მოქმედებდნენ - ერთმანეთის მიყოლებით დაბალ სიმაღლეზე ეკიდებოდნენ გუჯარეთისწყალზე, ორიოდე წუთში ავსებდნენ კალათას და ენერგიული მანევრით შედიოდნენ ცეცხლის კერის თავზე. სოფელ დაბის ბოლოში, სადაცM მთის ფერდობი რამდენიმე დღე იწვოდა, შვეულმფრენები ყოველ 5-7 წუთში ცლიდნენ წყლიან კალათებს.

მიუხედავად ავიაციის ინტენსიურად გამოყენებისა, როდესაც ხანძრის კერები წყლით დღეში ასჯერ მაინც "იბომბებოდა", ვერ მოხერხდა ხანძრის ყველა კერის ჩაქრობა, პირიქით, ბევრი კერა, რომლებიც ჩამქრალი ეგონათ, მეორე დღეს ისევ აგიზგიზდებოდა, რაც ძალზე კარგად მოჩანდა მძლავრ საარმიო ბინოკლში.

რა იყო ამის მიზეზი? უპირველესად, ქარი და მაღალი ტემპერატურა, რომელმაც ცხადყო, რომ მარტო ავიაციას არ შეუძლია ასეთი ხანძრის კერების სრული ლიკვიდაცია. ცეცხლის კერაზე შვეულმფრენის კალათიდან წყლის ჩამოცლისთანავე აუცილებლად იქვე ახლოს უნდა იყვნენ მეხანძრეები, რომლებიც

შესუსტებულ ცეცხლს ნიჩბებით მიწას დააყრიან და გაღვივების საშუალებას არ მისცემენ.

გარდა ამისა, გამოჩნდა, რომ მხოლოდ წყალი ნაკლებად ეფექტიანია ასეთი ხანძრების ჩასაქრობად და კარგი იქნებოდა ქაფის შერევაც. მით უმეტეს, რომ ხანძარსაწინააღმდეგო საფრენ აპარატებში მონტაჟდება ქაფის წარმომქმნელი აპარატურა, რომელიც წყალს ერევა და ცეცხლის კერებს ესხმება.

სტატიის ავტორს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ბევრად მეტი წყლის მასის წამღებ სახანძრო თვითმფრინავებს უფრო ოპერატიულად და ეფექტიანად შეეძლოთ ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაცია. ერთი ასეთი სახანძრო თვითმფრინავი, Бе-200ЧС, აზერბაიჯანმა რუსეთისგან 2008 წელს იყიდა. ამ ამფიბია-თვითმფრინავს, რომელიც ჩვენი თანამემამულის, ცნობილი საბჭოთა ავიაკონსტრუქტორG გიორგი ბერიევის (ბერიაშვილის) საკონსტრუქტორო ბიუროში, ტაგანროგშია შექმნილი, მაქსიმალური, 12 ტონა წყლის აღება შეუძლია ტბაზე დაჯდომა-აფრენისას. მას ორი რეაქტიული ძრავა აქვს, ბევრად სწრაფია თურქულ სახანძრო თვითმფრინავზე და თუნდაც თბილისის ზღვიდან შეეძლო წყლის მარაგის შევსება. ქართულმა მხარემ სთხოვა ოფიციალურ ბაქოს ამ თვითმფრინავით დახმარება, მაგრამ ის, სავარაუდოდ, სარემონტოა.

ქართველი მესაზღვრეების Ми-8МТ ბორჯომის ხეობაში ხანძარს აქრობს

ბორჯომის ხეობაში ხანძრების კერების ჩასაქრობად საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა თავიდანვე ოთხძრავიანი რეაქტიული Ил-76П-ს გამოყენება, რომელსაც 6-8 წმ-ში 42 ათასი ლიტრი წყლის გადმოღვრა შეუძლია ხანძრის კერის თავზე, რაც მისი სრული ჩაქრობის დიდ ალბათობას იძლევა. მაგრამ ეს საჰაერო-სახანძრო მანქანა (5 ცალი) მხოლოდ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჰყავს და ეს ყველაფერი უკვე პოლიტიკის საკითხია - სთხოვო დახმარება თუ არა იმ ქვეყნის ხელისუფლებას, რომელიც 9 წლის წინ გბომბავდა და დღესაც შენი ქვეყნის ტერიტორიის ორი რეგიონი ოკუპირებული აქვს?

პრინციპში არსებობს გამოსავალიც - ჩვეულებრივი სატრანსპორტო Ил-76Т-ის დაქირავება. ისინი საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებსაც ჰყავთ და მათ სატრანსპორტო ნაკვეთურში, როგორც რუსულ "ილიუშინებში", ორი სპეციალური ავზის დამონტაჟება შეიძლება. თუმცა, ეს დიდ დროს მოითხოვს, რადგან მოსაძებნია, რუსეთის გარდა, რომელ ქვეყანაში შემორჩა ეს სპეციალური ავზები და პილოტებიც მომზადებულნი უნდა იყვნენ ასეთი რთული საჰაერო ოპერაციისთვის.

ბორჯომის ხეობაში ხანძრის მრავალი კერის ავიაციის გამოყენებით ჩაქრობის პრაქტიკამ ცხადყო, რომ ხანძარსაწინააღმდეგო შვეულმფრენები ყოვლისშემძლეები არ არიან, მათ ამ დონის ხანძრის კერების გავრცელების დროებით შეჩერება და არა მათი სრული ლიკვიდაცია შეუძლიათ. ამისთვის უშუალოდ ხანძრის კერასთან ცოცხალი ძალა უნდა იყოს მობილიზებული, რომელიც ჰაერიდან დაწყებულ საქმეს მიწიდან დაამთავრებს.