წითელი კორეა, ბირთვულქობინიანი რაკეტები და გარინდებული ამერიკა - რა არის ალტერნატივა, ომი? - კვირის პალიტრა

წითელი კორეა, ბირთვულქობინიანი რაკეტები და გარინდებული ამერიკა - რა არის ალტერნატივა, ომი?

იაპონიის მიმართულებით კორეული ბალისტიკური რაკეტის გაშვებით კიმ ჩენ ინი ტრამპს არჩევანის საშუალებას უსპობს

29 აგვისტოს იაპონიას ჩრდილოკორეულმა ბალისტიკურმა რაკეტამ გადაუფრინა, რომელიც კუნძულ ჰოკაიდოდან 1180 კმ-ის მოშორებით ჩავარდა. კორეულმა რაკეტამ, "ჰვასონ-12"-მა, 2700 კმ იფრინა და მაქსიმალურ სიმაღლეს - 550 კმ-ს მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ მისი ფრენის მაქსიმალურმა მანძილმა ოპტიმალური ბალისტიკით გაშვების შემთხვევაში შეიძლება 5,5 ათას კმ-ს მიაღწიოს, ანუ აშშ-ის კუნძულ გუამს მისწვდეს, სადაც უმსხვილესი ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურაა განთავსებული...

ფაქტია, რომ ჩრდილო კორეამ ბოლო წლებში ბალისტიკური რაკეტების წარმოუდგენელი სრულყოფა შეძლო. სტატისტიკის თანახმად, თუკი მამის, კიმ ირ სენის მმართველობისას ჩრდილო კორეამ მხოლოდ 15 ბალისტიკური რაკეტა გამოცადა, შვილმა, კიმ ჩენ ირმა, 2006 წლიდან დღემდე თავის სამხედროებს 84 რაკეტა გააშვებინა, მაგრამ მთავარი მაინც არის არა გაშვებული რაკეტების რაოდენობა, არამედ მათი ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობების მკვეთრი ზრდა, რაც ზოგიერთმა დასავლელმა ექსპერტმა ფხენიანისთვის უკრაინელი მერაკეტეების დახმარებით ახსნა. ამან დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია, რადგან გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ სანქციადადებული წითელი კორეისთვის სარაკეტო ძრავების მიწოდების ფაქტის დადასტურება უკრაინას დასავლეთთან ურთიერთობაში პრობლემებს შეუქმნიდა. როგორც გაირკვა, ამის დამადასტურებელი საბუთები არ არსებობდა და ყველაფერი ძალიან ჰგავდა დეზინფორმაციას, რომელიც რუსულმა სპეცსამსახურებმა მათთან დაახლოებული ერთ-ერთი დასავლელი ექსპერტის მეშვეობით "შეუგდეს" გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსს".

მეორე მხრივ, ჩრდილოკორეულ ბალისტიკურ რაკეტებზე მართლაც უფრო მძლავრი სარაკეტო ძრავების გამოჩენა აღძრავს ეჭვს, რომ კიმ ჩენ ირს მალულად რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ეხმარება.

ვის-ვის და, პუტინის ხელისუფლებას უდავოდ აძლევს ხელს, ავღანეთთან ერთად, ტრამპის ადმინისტრაცია ჩრდილო კორეის ომის ჭაობშიც აღმოჩნდეს ჩათრეული.

იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტის გაშვებით კიმ ჩენ ირმა თითქმის ამოწურა დაძაბულობის მშვიდობიანი მოლაპარაკებებით მოგვარების შესაძლებლობები. ყოველ შემთხვევაში, თეთრ სახლში უკვე აღარ სჯერათ, რომ წითელი კორეის ახალგაზრდა ლიდერი ნებით შეწყვეტს ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული იარაღის სრულყოფის პროცესს და მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდება.

რა არის ალტერნატივა, ომი?

ჩრდილო კორეასთან ომი იქნება განსხვავებული იმისგან, რაც მსოფლიომ ერაყში, "უდაბნოს ქარიშხლის" დროს იხილა და იმ ანტიპარტიზანული საბრძოლო მოქმედებებისგან, რომელთაც საერთაშორისო კოალიცია მე-16 წელია ავღანეთში ახორციელებს.

მართალია, ჩრდილო კორეის არმიის ძირითადი შეიარაღება უკვე მოძველებულია, მაგრამ ის ძალიან ბევრია და სახმელეთო ოპერაციებში მისივე ტერიტორიაზე მრავალმილიონიანი წითელი კორეის არმიის დამარცხება თითქმის შეუძლებელია.

ამერიკელებსა და სამხრეთ კორეელებს, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, გამოიყენონ წერტილოვანი საჰაერო დარტყმების ტაქტიკა, მაგრამ მისი შედეგი ისეთი ვერ იქნება, როგორიც იყო ერაყსა თუ ყოფილ იუგოსლავიაში.

საქმე ის არის, რომ კორეელი კომუნისტებისთვის კარგი გაკვეთილი იყო 1950-53 წლების ომი, როდესაც ამერიკული ბომბდამშენების ხალიჩისებურ დაბომბვებს მიწისქვეშა თავშესაფრებში წარმატებით ემალებოდნენ.

დღეს ჩრდილო კორეის ძირითადი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები მიწაში ღრმად არის ჩამალული და მათი აფეთქება ნაქებ ამერიკულ ბუნკერსაწინააღმდეგო მართვად საავიაციო ბომბებსაც კი არ ძალუძთ.

ომის დაწყების შემთხვევაში ამერიკულ წერტილოვან საჰაერო დარტყმებს წითელი კორეის სამხედრო პოტენციალის დიდი ნაწილი გადაურჩება, რაც კიმ ჩენ ირს საპასუხო დარტყმის საშუალებას მისცემს.

წითელ კორეას საჰაერო დარტყმის მიყენება მეზობელი სამხრეთ კორეისთვის რამდენიმე ასეული მოძველებული თვითმფრინავით შეუძლია. მათ შორისაა თავის დროზე თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობილი 30-ზე მეტი Cy-25K ტიპის მოიერიშეებიც, მაგრამ, ალბათ, ჩრდილოკორეული საბრძოლო ავიაციის უდიდესი ნაწილი ომის დაწყების პირველივე წუთებში აეროდრომებზევე განადგურდება.

უფრო რეალურია ჩრდილოკორეული ბალისტიკური რაკეტების საფრთხე, რადგან მათი უმეტესობა მობილურ დანადგარებზეა განთავსებული და შეიძლება ტყეებსა და მიწისქვეშა გვირაბებში დაემალონ ამერიკულ და სამხრეთკორეულ ავიაციას.

სახიფათოა მრავალრიცხოვანი საარტილერიო დანადგარებიც, რომელთა ნაწილის მოქმედების რადიუსი სწვდება სამხრეთ კორეის ჩრდილოეთ ნაწილს, დედაქალაქ სეულის ჩათვლით.

ამერიკელების მიერ კიმ ჩენ ინის რეჟიმისთვის პრევენციული საჰაერო დარტყმების მიყენების შემთხვევაში სამხრეთ კორეა - და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი დედაქალაქი სეული - საპასუხო, შურისძიების დარტყმების მძევალი ხდება, რაც ამ აყვავებული ქვეყნის მცხოვრებლებს ძალიან აშინებთ.

სხვა მხრივ, თუკი რამდენიმე წელიწადში კიმ ჩენ ინის განკარგულებაში აღმოჩნდება საშიში იარაღი - საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც ჩრდილო ამერიკის ნებისმიერ ქალაქს მისწვდება და ამასთან, ბირთვული ქობინით იქნება აღჭურვილი, ეს მსოფლიოში ბევრ რამეს შეცვლის.

ბირთვულქობინიანი საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტები დიდი ხანია შეიარაღებაში აქვთ რუსეთსა და ჩინეთსაც და არც მოსკოვი და პეკინი არიან მაინცდამაინც მეგობრულად განწყობილი ვაშინგტონის მიმართ, მაგრამ ბირთვული ომით ამერიკელებს არასოდეს დამუქრებიან, ფხენიანი კი ამერიკელებს ცივი, ბირთვული ზამთრით აშინებს.

"ბირთვული ხელკეტით" შეიარაღებული კიმ ჩენ ინი ხელს არ უნდა აძლევდეს არც რუსეთსა და ჩინეთს, რომლებიც უშუალოდ ესაზღვრებიან ჩრდილო კორეას, თუმცა ფაქტია, რომ წითელი კორეის სარაკეტო გადაიარაღება ამ ორი ქვეყნის ფარულ დახმარებას ეფუძნებოდა და შესაძლოა, ეს პროცესი ახლაც გრძელდება.

ერთ-ერთი გამოსავალი, თანაც ისე, რომ საჭირო არ გახდეს ფხენიანისთვის პრევენციული წერტილოვანი საჰაერო დარტყმების მიყენება, სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და იაპონიის ზღვაში სახმელეთო და საზღვაო ბაზირების ამერიკული ანტისარაკეტო სისტემების განთავსებაა. დღესდღეობით მათ არ შეუძლიათ რუსული თუ ჩინური მასობრივი სარაკეტო ზალპების სრული მოგერიება, მაგრამ ერთდროულად გაშვებულ რამდენიმე ჩრდილოკორეულ ბალისტიკურ რაკეტას კი უნდა გაუმკლავდნენ.

სხვათა შორის, იაპონიის მიმართულებით 29 აგვისტოს გაშვებული ჩრდილოკორეული "ჰვასონი" ამერიკულმა ანტისარაკეტო სისტემამ, სავარაუდოდ, იმიტომ არ ჩამოაგდო, რომ რაკეტის ფრენის ტრაექტორია იაპონიის კუნძულების თავზე რამდენიმე ასეულ კილომეტრზე, ფაქტობრივად, ახლო კოსმოსში გადიოდა და ის იაპონელებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.

ამ ეტაპზე ამერიკელებს ჩრდილოკორეულ ბალისტიკურ რაკეტებთან ბრძოლის სამი ძირითადი ანტისარაკეტო სისტემა აქვთ.

საშუალო სიშორის მოქმედების (3500 კმ-მდე) ბალისტიკური რაკეტების გზაგადამჭრელი მობილური კომპლექსი THAAD-ი ათასი კმ-ის სიშორიდან აღმოაჩენს სამიზნეს და მას 200 კმ-ის რადიუსში, 150-200 კმ-ის სიმაღლეზე ანადგურებს. სამხრეთ კორეაში ეს ანტისარაკეტო კომპლექსი უკვე ჩატანილია.

AEGIS-ის სისტემით აღჭურვილ კრეისერებს SM-3-ტიპის საზენიტო რაკეტებით 500 კმ რადიუსში მაქსიმალურ 250 კმ სიმაღლეზე პირდაპირი მორტყმით შეუძლიათ ბალისტიკური რაკეტის ქობინის დაზიანება. იაპონიის ზღვაში რამდენიმე ასეთი კრეისერი მუდმივად დრეიფობს.

ლეგენდარული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, PATRIOT-ის (რომელმაც მონაწილეობა მიიღო "უდაბნოს ქარიშხლის" ოპერაციაში) თანამედროვე მოდიფიკაცია PAC-3 განკუთვნილია ბალისტიკური სამიზნის მაქსიმალურ 20 კმ-ზე ჩამოსაგდებად და ის ბოლო იმედია სამეშელონიანი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემაში.

ჩრდილო კორეასთან დაკავშირებული საერთაშორისო დონის პრობლემები კიდევ დიდხანს გაგრძელდება. წერტილოვანი საჰაერო დარტყმების მიყენება კიმ ჩენ ინის რეჟიმისთვის გამოსავალი არ არის, რადგან ის ჩრდილო კორეის ხელისუფლების სწრაფი შეცვლის გარანტიას არ იძლევა. სამაგიეროდ, ამას შეიძლება წითელი კორეის მხრიდან შურისძიების მიზნით ათმილიონიანი სეულის მასობრივი საარტილერიო დაბომბვა მოჰყვეს.

ირაკლი ალადაშვილი