ავღანეთში დაჭრილ ქართველ ჯარისკაცს წუხელ მესამე ოპერაცია ჩაუტარდა - კვირის პალიტრა

ავღანეთში დაჭრილ ქართველ ჯარისკაცს წუხელ მესამე ოპერაცია ჩაუტარდა

"ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და დაჭრილის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, მას კიდევ ორ, მსუბუქად დაჭრილ ქართველ სამხედროსთან ერთად, გერმანიაში გადაიყვანენ“

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაჭრილ უფროს ლეიტენანტ ივერი ბუაძეს ბაგრამის კლინიკაში მესამე ოპერაცია წუხელ ჩაუტარდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ოპერაციამ კარგად ჩაიარა, თუმცა დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას დაზიანებები თავისა და ბარძაყის არეში აღენიშნება. იგი მკურნალობას რეანიმაციაში გადის.

"ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და დაჭრილის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, მას კიდევ ორ, მსუბუქად დაჭრილ ქართველ სამხედროსთან ერთად, გერმანიაში გადაიყვანენ“, - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, შედარებით მსუბუქად არიან დაჭრილი სერჟანტი გიორგი წიქარიშვილი და პირველი კლასის რიგითი ირაკლი კუჭუხიძე. სამივე ქართველი სამხედრო მკურნალობას გერმანიაში, ლანშტულის ამერიკულ ჰოსპიტალში გააგრძელებენ.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თავდასხმა 6 სექტემბერს თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. შედეგად, "მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.

"ინტერპრესნიუსი"