ავღანეთში დაჭრილი სამი ქართველი სამხედრო გერმანიაში, ამერიკულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს - კვირის პალიტრა

ავღანეთში დაჭრილი სამი ქართველი სამხედრო გერმანიაში, ამერიკულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი სამივე ქართველი სამხედრო მკურნალობას გერმანიაში, ლანდშტულის ამერიკულ ჰოსპიტალში გააგრძელებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, დაჭრილი სამივე სამხედრო გერმანიაში წუხელ გადაიყვანეს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ჯერჯერობით კვლავ მძიმეა დაჭრილი უფროს ლეიტენანტის ივერი ბუაძის მდგომარეობა. მას შესაძლოა კიდევ ერთი ოპერაცია გაუკეთდეს.

"ექიმების კონსილიუმის შემდეგ გადაწყდება, ჩაუტარდება თუ არა ბუაძეს კიდევ ერთი ოპერაცია. რაც შეეხება დაჭრილ კიდევ ორ ქართველ სამხედროს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - განაცხადეს სამინისტროში.

უფროს ლეიტენანტ ივერი ბუაძეს ბაგრამის კლინიკაში მესამე ოპერაცია 7 სექტემბერს ჩაუტარდა. მას დაზიანებები თავისა და ბარძაყის არეში აღენიშნება.

შედედარებით მსუბუქად არიან დაჭრილი სერჟანტი გიორგი წიქარიშვილი და პირველი კლასის რიგითი ირაკლი კუჭუხიძე.

შეგახსენებთ, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თავდასხმა 6 სექტემბერს თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. შედეგად, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.

"ინტერპრესნიუსი"