ავღანეთიდან ცუდი ამბების მუდმივ მოლოდინში... - კვირის პალიტრა

ავღანეთიდან ცუდი ამბების მუდმივ მოლოდინში...

თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმა ბაგრამის სამხედრო ბაზის ქართველ სამხედროებზე. სამი დაჭრილი, ერთი - მძიმედ...

მსოფლიოში რამდენიმე, სხვადასხვა ინტენსივობის შეიარაღებული კონფლიქტი ღვივის, რაც, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს არ ეხება და ამიტომ მათზე თითქმის არავინ ღელავს. მაგრამ ანტიპარტიზანული ომი ავღანეთში საქართველოსაც უკვე თავსატეხად ექცა, რადგან 32 სამხედრო დაგვეღუპა, 300-მდე კი დაიჭრა...

3 აგვისტოს ბაგრამში, ქართულ საპატრულო ჯგუფზე თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმას ერთი ჩვენი მებრძოლი შეეწირა, სამი კი დაიჭრა; 6 სექტემბერს ისევ ტერორისტმა-კამიკაძემ აიფეთქა თავი და სამი ქართველი სამხედრო დაიჭრა, მათგან ერთი - მძიმედ.

ორივე თავდასხმა ქუთაისის მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედროების წინააღმდეგ განხორციელდა. ეს ბატალიონი როტაციის პრინციპით ავღანეთში ამა წლის აპრილში გადაისროლეს და სამი-ოთხი თვე საკმარისი იყო ავღანურ საფრთხეებთან ადაპტაციისთვის, მით უმეტეს, რომ ბევრი პირველად არ არის ავღანურ მისიაში. მიუხედავად ამისა, ერთი თვის ინტერვალით ამ ბატალიონის მებრძოლებს თვითმკვლელი-ტერორისტები ორჯერ დაესხნენ თავს. ეს ნიშნავს, რომ ავღანეთში აბსოლუტური უსაფრთხოების დაცვა თითქმის შეუძლებელია.

ბოლო თავდამსხმელი, მოტოციკლეტიანი კამიკაძე, ბაგრამის ბაზის შესასვლელს მიუახლოვდა, იქ კი, ამერიკელებთან ერთად, ქუთაისის ბრიგადის სამხედროებიც მორიგეობდნენ.

თალიბების განცხადებით, ეს იყო თავდასხმა შურისძიების მიზნით, რადგან კოალიციურმა ძალებმა შეურაცხყვეს მუსლიმთა სარწმუნოება. საბაბი ყოველთვის მოიძებნება, ერთადერთი გამოსავალი, რომ ავღანეთიდან ცუდ ამბებს აღარ ველოდოთ, შეიარაღებული კონფლიქტის დასრულება ან იქიდან ქართული სამხედრო კონტინგენტის უდიდესი ნაწილის გამოყვანაა.

ავღანეთში შეიარაღებული დაპირისპირების დამთავრების იმედი არ უნდა გვქონდეს; პირიქით, აშშ, რომელიც მეთექვსმეტე წელია, თალიბანს ებრძვის, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, იქ კიდევ 3,5 ათასი სამხედროს გაგზავნას აპირებს.თეთრ სახლში შეიძლება უჭირთ აღიარონ, რომ დღეს ავღანეთში ამერიკა თითქმის ისეთივე სიტუაციაში აღმოჩნდა, როგორ მდგომარეობაშიც იყო საბჭოთა კავშირი 30 წლის წინ. მეტიც - თუკი მაშინ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო თალიბებს ეხმარებოდა და საბჭოთა თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ჩამოსაყრელად საზენიტო `სტინგერებსაც~ აწვდიდა, დღეს უკვე რუსეთის სამხედრო დაზვერვა აიარაღებს თალიბების საველე მეთაურებს.

ისევე როგორც თავის დროზე მოსკოვი, დღეს ვაშინგტონია ჩაფლული ავღანეთის ანტიპარტიზანულ ომში და როგორც კი ავღანეთიდან საერთაშორისო კოალიციის ძალები გამოვლენ, ხელისუფლებას ხელში ისევ თალიბები ჩაიგდებენ, როგორც 1989 წელს, საბჭოთა არმიის ავღანეთიდან გამოსვლის შემდეგ მოხდა.

ამერიკელი გენერლები მადლიერი არიან ავღანეთში ქართველი სამხედროების თითქმის ათწლიანი დახმარების და მართლაც განიცდიან ჩვენს საბრძოლო დანაკარგს.

მეორე მხრივ, არ გამართლდა საქართველოს არც ყოფილი და არც ახლანდელი ხელისუფლების ჩანაფიქრი, რომ ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის მუდმივი ზრდით დავაჩქარებდით საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების პროცესს. ეს ვერც მოხდებოდა, რადგან ალიანსის სრულუფლებიანი წევრობა პოლიტიკური პროცესის ნაწილია და იმით არ განისაზღვრება, ალიანსის ხელმძღვანელობის გულის მოსაგებად ავღანეთში 200 სამხედროს გაგზავნი თუ - 900-ს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ზღურბლზე გადაბიჯებას ერთი მთავარი ფაქტორი ეღობება წინ - რუსეთის წინაშე ალიანსის წევრი ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ლიდერთა პანიკური შიში. ისინი კვლავაც მოერიდებიან საქართველოს გამო `დიდი დათვის~ გაბრაზებას, თუნდაც მთელი ქართული არმია ჩავიდეს ავღანეთში საერთაშორისო კოალიციის დასახმარებლად...