ქართულ პოლიგონზე სომხების ნაცვლად აზერბაიჯანელი სამხედროები ჩამოვიდნენ
11-09-2017
ქართულ პოლიგონზე სომხების ნაცვლად აზერბაიჯანელი სამხედროები ჩამოვიდნენ
ორფოლოს პოლიგონზე საქართველო-ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთობლივი მრავალეროვნული სამხედრო სწავლება "მებრძოლი სული" (Agile Spirit) უკვე მეორედ გაეხვია საერთაშორისო სკანდალში.

შარშან ორფოლოს პოლიგონზე მრავალეროვნული სწავლების დაწყებისას თურქეთის დროშა არ აფრიალდა, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის არმიის დანაყოფს ამ სწავლებაში მონაწილეობა უნდა მიეღო. თურქი სამხედროები მაშინ საქართველოში არ ჩამოვიდნენ, რასაც, არაოფიციალური ვერსიით, მიზეზად ის მოეძებნა, რომ თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო პრეზიდენტ ერდოღანის ხელისუფლება არმიაში პოლიტიკურ წმენდას ატარებდა და საერთაშორისო სამხედრო სწავლებებისთვის არ ეცალა.
სკანდალს "მებრძოლი სული" ვერც წელს გადაურჩა - სომხეთის არმიის სარდლობამ სწავლებაში მონაწილეობაზე უარი თქვა. მეტიც - სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე მარტაკ ზაკარიანმა განაცხადა, რომ უკვირს, რატომ მოხვდა სომხეთი სწავლების მონაწილე ქვეყნების ნუსხაში, რადგან "სომხეთს არასდროს უთქვამს, რომ ამ სწავლებაში მიიღებდა მონაწილეობას".

საქართველო-ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთობლივი მრავალეროვნული
სამხედრო სწავლება "მებრძოლი სული-2017"-ის დაგეგმვის პროცესი რვა თვე გრძელდებოდა და 12 ივლისს თბილისში გაიმართა ბოლო კონფერენცია, სადაც ოფიციალურად განაცხადეს, რომ სექტემბრის დასაწყისში ორფოლოს პოლიგონზე საქართველოს, აშშ-ის, ბულგარეთის, უკრაინის, ლატვიის, რუმინეთისა და სომხეთის სამხედრო დანაყოფები მოიყრიდნენ თავს. ამ კონფერენციაზე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლებიც იყვნენ და, ბუნებრივია, სწავლებაში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია სომხეთის ხელისუფლებასაც ექნებოდა. ასეა თუ ისე, სომეხი სამხედროები ორფოლოს პოლიგონზე არ ჩამოვიდნენ, სამაგიეროდ, მათი ადგილი Aაზერბაიჯანის არმიის საბრძოლო დანაყოფმა დაიკავა.
ეს მეორე მოულოდნელობა გახლდათ, რადგან სწავლების დაგეგმვის მრავალთვიან პროცესში არავის უხსენებია, რომ აზერბაიჯანელ სამხედროებს სწავლებაში მონაწილეობა სურდათ. უდავოა, ოფიციალურმა ბაქომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სომეხი სამხედროების უარი შეიტყო. ასე რომ, სომხეთის უარის საბაბად ვერ გამოდგებოდა ის, თითქოს მათ აზერბაიჯანელ სამხედროებთან ერთად პოლიგონზე ყოფნა არ სურდათ.

ოფიციალური ერევნის ასეთი მოულოდნელი და სკანდალური გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი, ალბათ, "უფროსი ძმის" - რუსეთისთვის ანგარიშის გაწევა იყო.
ორი თვით ადრე საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ ჩატარებულ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაზე - "ღირსეული პარტნიორი-2017" - სომხეთის არმია ერთი სამედიცინო ასეულით იყო წარმოდგენილი. 40-მდე სომეხმა სამხედრო ექიმმა ვაზიანის პოლიგონზე საველე ჰოსპიტალი გაშალა და მათი მონაწილეობა სწავლებაში წარმატებულად შეფასდა.

ვფიქრობთ, სწორედ ამან გამოიწვია კრემლის მესვეურთა გაღიზიანება და ორიოდე თვის შემდეგ ასეთივე სწავლებაზე სომეხი სამხედროების გამოჩენას მოსკოვი წინ აღუდგა (ალბათ, სომხეთის ხელისუფლებაზე მძლავრი ზეწოლაც განახორციელა).
რა თქმა უნდა, მიამიტები არც ერევანში სხედან. სომხეთის ხელისუფლებამ კარგად იცოდა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სწავლებაში მისი ჯარისკაცების მონაწილეობა და თანაც - საქართველოს ტერიტორიაზე, კრემლის უკმაყოფილებას გამოიწვევდა, თუმცა, შესაძლოა, ეს იყო "დიდი ძმის" მიმართ პროტესტის გამოხატვის მცდელობა, თუნდაც აზერბაიჯანისთვის რუსული იარაღის მიყიდვის გამო, რომელსაც, ადრე თუ გვიან, ისევ სომხეთის წინააღმდეგ გამოიყენებენ...
222
12 ოქტომბერი 2017 09:51
ავტორს-შენ ყოფილხარ ,,ჭკუის კოლოფი" ასე ადვილად რო ახსენი სიტუაცია
41
12 ოქტომბერი 2017 09:49
ვითომ თქვენც ხააააააააააააააართ?
givi
17 სექტემბერი 2017 15:12
საერთოდ რატო იწვევებ მაგ ბზებს? რა შუაში არიან? პირადაპირი მტერია ჩვენი სომხეთი

რედაქტორის რჩევით