ავღანეთგამოვლილები დაგვიბრუნდნენ... - კვირის პალიტრა

ავღანეთგამოვლილები დაგვიბრუნდნენ...

როტაციის შემდეგ ავღანეთიდან სამშობლოში ქართული ასეული, საბედნიეროდ, სრულად დაბრუნდა

26 მაისის საღამოს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საზეიმოდ აღნიშვნის შემდეგ კიდევ ერთი სასიამოვნო ფაქტი მოხდა - თბილისის აეროპორტში დაეშვა ლაინერი, რომელმაც სამშობლოში 173 ქართველი სამხედრო დააბრუნა.

ეს გასახარი იმიტომ იყო, რომ ჩვენი ბიჭები, საბედნიეროდ, თმის ბეწვის დაუკარგავად დაბრუნდნენ იმ რეგიონიდან, სადაც დაუნდობელი პარტიზანული ომი მიმდინარეობს.

ამ, 23-ე ბატალიონის გაძლიერებულმა ასეულმა ავღანეთში გამგზავრებამდე, 2009 წლის სექტემბრიდან, მოსამზადებელი წვრთნა სენაკის სამხედრო ბაზაზე ორი თვის განმავლობაში გაიარა.

შემდეგ ისინი ვაზიანში ქართულ-ამერიკულ ერთობლივ ორკვირიან სწავლებაში, "დაუყოვნებელი პასუხი", მონაწილეობდნენ, - ამერიკელი საზღვაო ქვეითების კორპუსის სამხედრო ინსტრუქტორები, რომლებსაც უკვე გავლილი ჰქონდათ ავღანეთის ომი, ასეულის პირად შემადგენლობას ანტიტერორისტული ოპერაციების ნიუანსებს უხსნიდნენ.

2009 წლის 16 ნოემბერს, სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის მე-3 ბატალიონის ეს გაძლიერებული ასეული გადაისროლეს ავღანეთში, სადაც მათი დროებითი დისლოკაციის ადგილად ქ. ქაბულში, რეგიონული სარდლობის შტაბბინის სამხედრო ბაზა იქცა. ქართული ასეული ISAF-ის მისიის ფრანგული სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში შევიდა და ბაზის უსაფრთხოების დაცვა დაევალა.

წმინდა სამხედრო თვალსაზრისით ბევრად უფრო უხიფათოა ბაზის ტერიტორიის პერიმეტრის დაცვა, ვიდრე ანტიტერორისტულ ოპერაციებში ავღანურ ყიშლაღებში შესვლა, სადაც არავინ იცის, საიდან გესვრიან.

მეორე მხრივ, ავღანელმა თალიბებმა ბოლო თვეებში არაერთი სერიოზული ტერორისტული აქტი განახორციელეს ქაბულის ქუჩებსა თუ ISAF-ის ამა თუ იმ სამხედრო ბაზის მიმართულებით. ამიტომაც ვერ ვიტყვით, რომ ქართული ასეული ქაბულთან თავს სრულიად უხიფათოდ გრძნობდა.

ავღანეთში, შვიდი თვის განმავლობაში, ქართული ასეულის პირადმა შემადგენლობამ, ბუნებრივია, გარკვეული გამოცდილება შეიძინა.

სხვათა შორის, ასეულის ნაწილმა ფრანგული ჯავშანტექნიკის რამდენიმე სახეობა აითვისა. აქამდე ქართველ სამხედროებს კოსოვოში მხოლოდ გერმანულ და თურქულ ჯავშანმანქანებთან, ხოლო ერაყში ამერიკულ "ჰამერებთან" ჰქონდათ შეხება.

ქაბულთან სამხედრო ბაზაზე ფრანგული სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში კი ფრანგული ჯავშანავტომობილ VBL-ით (სხვათა შორის, მისი კონსტრუქციული ელემენტები გამოყენებულია იმ თურქულ "კობრებში", რომლებიც საქართველოს შსს-მ დიდი რაოდენობით შეიძინა და 2008 წლის აგვისტოს ომშიც ინტენსიურად იყენებდა) უწევდათ მოძრაობა.

ქართველი სამხედროები რაც უფრო მეტი ქვეყნის საბრძოლო ტექნიკასა და შეიარაღებას გაეცნობიან და აითვისებენ, ცუდი ნამდვილად არ არის, მით უმეტეს, რომ ბოლო პერიოდში რუსულ მასმედიაში გამოჩნდა ცნობები - თურმე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ზემოხსენებული ფრანგული ჯავშანმანქანის შეძენაზე ფიქრობს... სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნებულებს ქაბულში დროებითი დისლოკაციის ადგილზე ისევ სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ახალი ასეული ჩაენაცვლა.

იმედი გვაქვს, ქაბულში ჩასული ახალი ქართული ასეული, ისევე როგორც ავღანეთის სამხრეთში ბევრად უფრო სახიფათო, ჰელმანდის პროვინციაში გაგზავნილი ქუთაისის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა, სამშობლოში უვნებლად დაბრუნდება...