ამერიკული "პეტრიოტები" რუსეთს მაინც "მიუჩოჩდნენ" - კვირის პალიტრა

ამერიკული "პეტრიოტები" რუსეთს მაინც "მიუჩოჩდნენ"

პრეზიდენტ კაჩინსკისა და პოლონეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელების ნაწილის რუსეთის ტერიტორიაზე, კატინთან ავიაკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ გაჩნდა დიდი ეჭვი, რომ კრემლი ზეწოლას განახორციელებდა პოლონეთის დარჩენილ ხელისუფლებაზე, რათა მათ არ გაეგრძელებინათ პრეზიდენტ კაჩინსკის პროდასავლური კურსი.

მოსკოვს განსაკუთრებით აღიზიანებს 2009 წლის ნოემბერში ვარშავასა და ვაშინგტონს შორის მიღწეული შეთანხმება, რომლის თანახმადაც პოლონეთის მაშინდელი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი ნებას რთავდა პენტაგონს პოლონურ ქალაქ მორონგთან განეთავსებინა "პეტრიოტების" საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების რამდენიმე ბატარეა და 100-ზე მეტი ამერიკული სამხედრო მოსამსახურე.

რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის გაცოფების მიზეზი ადვილი გასაგები იყო, რადგან ქალაქ მორონგიდან რუსეთის ფედერაციის კალინინგრადის ოლქის საზღვრამდე მხოლოდ 60 კმ-ია, "პეტრიოტების" მოქმედების რადიუსი კი 160 კმ-მდე ვრცელდება.

თეორიულად, აქ განთავსებულ ამერიკულ "პეტრიოტებს" შეუძლიათ, საშუალო სიმაღლეზე გააკონტროლონ საჰაერო სივრცე სამხედრო-საზღვაო ბაზა ბალტიისკისა და ჩერნიახოვსკის სამხედრო აეროდრომის თავზე (ამ აეროდრომზე СУ-24М ტიპის საფრონტო ბომბდამშენების პოლკი ბაზირებს, რომელსაც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ევალებოდა ომის დაწყების შემთხვევაში NATO-ს წევრი ქვეყნების სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა, მათ შორის ბირთვული ბომბებითაც).

როგორც ჩანს, პრეზიდენტი ობამა, საბედნიეროდ, ჯერ მთლიანად არ "დასწოლია" კრემლს და პოლონეთში მაინც გაგზავნა "პეტრიოტების" ბატარეა. 23 მაისს პოლონურ ქალაქ მორონგის სამხედრო ბაზაში "პეტრიოტების" საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის პირველი ბატარეა და 100-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო ჩავიდა.

ისე, მოსკოვს ჯერ შეუძლია მშვიდად იყოს, რადგან პოლონეთში ჩატანილი "პეტრიოტები" სასწავლო დანიშნულებისაა. ორი წლის განმავლობაში ამერიკელი მეზენიტეები პოლონელ კოლეგებს პერიოდულად შეასწავლიან ამ საბრძოლო ტექნიკაზე მუშაობას, ხოლო 2013 წლიდან პოლონეთში საბრძოლო დანიშნულების "პეტრიოტები" განთავსდება.

პარალელი რომ გავავლოთ, საქართველოში ანალოგიური ამერიკული "პეტრიოტების" განთავსება სერიოზულად შეცვლიდა არა მარტო სამხედრო, არამედ პოლიტიკურ ვითარებასაც, რადგან საქართველოს საჰაერო სივრცის უსაფრთხოებაში საერთაშორისო ძალები ჩაერეოდნენ.

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშს რომ გაერისკა და საქართველოში "პეტრიოტების" (ან სხვა რომელიმე საზენიტო სისტემის) ერთი ბატარეაც გამოეგზავნა თავისივე მოსამსახურე პერსონალით, შეიძლება 2008 წლის აგვისტოს ომი თავიდან აგვეცილებინა, რადგან საქართველოს დასაბომბად თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების გამოგზავნის წინ კრემლი სერიოზულად დაფიქრდებოდა...