"ბირთვული ჯინით" მსოფლიოს ჯინაზე - კვირის პალიტრა

"ბირთვული ჯინით" მსოფლიოს ჯინაზე

კიმ ჩენ ინი ბირთვული იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების გამოცდით გამოწვევას უგზავნის დონალდ ტრამპს

"ჩვენ, პრაქტიკულად, შევქმენით ბირთვული შეიარაღებული ძალები," - მთელი მსოფლიოს გასაგონად ამაყად განაცხადა ჩრდილო კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა მას შემდეგ, რაც მისმა სამხედროებმა წარმატებით განახორციელეს ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის მიწისქვეშა გამოცდა და გაუშვეს სტრატეგიული სიშორის ბალისტიკური რაკეტა.

წითელი კორეის ლიდერმა მსოფლიოს დაანახა, რომ დღეს მის განკარგულებაშია არანაკლებ 250 კილოტონა სიმძლავრის ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობა (შედარებისთვის - 1945 წელს ჰიროსიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბის სიმძლავრე მხოლოდ 18 კილოტონა ანუ 18 ათასი ტონა ტროტილის ეკვივალენტი იყო) და ბალისტიკური რაკეტა, რომელიც 3 700 კმ-მდე მიფრინავს. თუ ჩრდილოკორეელი სამხედროები რაკეტის ტრაექტორიას შეცვლიან, მისი ფრენის მაქსიმალური სიშორე თითქმის 5-6 ათას კმ-მდე გაიზრდება, რაც ფხენიანს საშუალებას მისცემს, გუამის კუნძულის გარდა (სადაც მსხვილი ამერიკული საჰაერო და საზღვაო ბაზებია განთავსებული), ალასკასაც კი მისწვდეს.

თუკი კორეელმა მერაკეტეებმა ასეთი ტემპით გააგრძელეს ბალისტიკური რაკეტების სრულყოფა, მათი მოქმედების რადიუსში მალე ჩრდილო კორეიდან 9 ათასი კმ-ით დაშორებული ლოს-ანჯელესი, ასევე ნიუ-იორკი და ვაშინგტონიც კი აღმოჩნდება, სადამდეც დაახლოებით 11 ათასი კმ-ია.

ბოლო ზღურბლი, რომლის გადალახვაც დარჩა კიმ ჩენ ინს, ბირთვული მოწყობილობის იმ გაბარიტებამდე შემცირებაა, რომ ის ბალისტიკური რაკეტის ნაკვეთურში განთავსდეს, ანუ 2 მ-ზე მეტი დიამეტრის არ იყოს და ტონაზე მეტს არ იწონიდეს.

როდესაც წითელი კორეა ამ ტექნიკურ პრობლემასაც მოაგვარებს, მთელი მსოფლიო ახალი, უდიდესი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება, რადგან კიმ ჩენ ინი გლობალურ პოლიტიკურ თამაშს წამოიწყებს ჩრდილო კორეის მზარდი სამხედრო-პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად.

წითელი კორეის ახალგაზრდა ლიდერმა მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ მას გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების არ ეშინია და თავისი ქმედებებით საპასუხო სამხედრო დარტყმებისკენ იწვევს უპირველესად - სამხრეთ კორეას, იაპონიას და, რა თქმა უნდა, აშშ-ს.

თვით ჩინეთი და რუსეთიც კი ოფიციალურად გმობენ ფხენიანის ბირთვულ და სარაკეტო გამოცდებს, თუმცა არ ეთანხმებიან წითელი კორეის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკულ სარაკეტო ბაზაზე სტუმრობისას განაცხადა, რომ მისმა ხელისუფლებამ შეიმუშავა ჩრდილო კორეის წინააღმდეგ ეფექტიანი სამხედრო მოქმედების გეგმა.

რას გულისხმობდა აშშ-ის პრეზიდენტი - წერტილოვან საჰაერო დარტყმებს ჩრდილო კორეის სარაკეტო პოზიციებზე ან ბირთვული გამოცდის მიწისქვეშა ცენტრზე, თუ სულაც კიმ ჩენ ინისა და მისი რეჟიმის სხვა ლიდერების ლიკვიდაციას, მომავალი გვიჩვენებს.

მანამდე კი მსოფლიო წითელი კორეის "ბირთვული ჯინის" გამოშვებას შიშით ელოდება...

ირაკლი ალადაშვილი