პოლიტიკური ვაჭრობა რაკეტებით, რომელიც საქართველოსაც შეეხება - კვირის პალიტრა

პოლიტიკური ვაჭრობა რაკეტებით, რომელიც საქართველოსაც შეეხება

თუკი მოსკოვი თეირანს მაინც მიაწვდის C-300-ებს, გააგრძელებს თუ არა თელ-ავივი თბილისისთვის "პითონების" მიყიდვას?!

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ დღეებში სანქციები მოუხსნა ზოგ რუსულ ფირმას, მათ შორის "როსობორონექსპორტს", რომელიც რუსულ იარაღს მთელ მსოფლიოში ყიდის.

ამას ჩვენთვის ნაკლები მნიშვნელობა ექნებოდა, რომ არა ერთი სერიოზული ნიუანსი - "როსობორონექსპორტი" იარაღს ირანშიც ყიდის, მათ შორის შორი მოქმედების C-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს.

სამიოდე წლის წინ მოსკოვმა და თეირანმა გააფორმეს საიდუმლო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც რუსეთი ირანს C-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს მიაწვდიდა. მოსკოვი ბოლო დრომდე უარყოფდა ხელშეკრულების არსებობას, ვიდრე თეირანმა ამის თაობაზე ხმა არ ამოიღო და არ თქვა, რომ რუსეთი არღვევდა ხელშეკრულებას, ავანსად მიღებული მილიონების მიუხედავად, ირანს არ უგზავნიდა საზენიტო სისტემებს.

ამის შემდეგ კრემლში ტექნიკური პრობლემები მოიმიზეზეს, რომლებმაც თითქოს შეაჩერა ხელშეკრულების განხორციელება, თუმცა მთავარი მაინც სხვა იყო - ისრაელმა საოცრად იაქტიურა და რუსეთის ხელმძღვანელობასთან სასწრაფოდ გამართა საიდუმლო მოლაპარაკებები (ამისთვის ისრაელის პრემიერ-მინისტრი მოსკოვშიც კი ჩაფრინდა), რათა რუსეთს შეეჩერებინა C-300-ების მიყიდვა თეირანისთვის.

ებრაელი სამხედროები კარგად ხვდებიან, რომ რუსული C-300-ების ირანის ტერიტორიაზე განთავსების შემდეგ ისრაელის საბრძოლო ავიაციას შანსი თითქმის აღარ რჩება, პრევენციული საჰაერო დარტყმები მიაყენოს ირანის ატომურ რეაქტორებს, როგორც ეს ადრე ერაყისა და სირიის ატომური ობიექტების მიმართ წარმატებით განახორციელეს.

პარალელურად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შარშან რამდენიმე რუსულ საიარაღო ფირმას, მათ შორის "როსობორონექსპორტს" სანქცია დაადო, რაც ასევე აფერხებდა C-300-ების ირანისთვის მიყიდვას. ამერიკელი ექსპერტები თვლიან, რომ თეთრ სახლსა და კრემლს შორის მოხდა ჩვეულებრივი პოლიტიკური გარიგება და ამ სანქციების მოხსნის სანაცვლოდ მოსკოვი თითქოს მხარს დაუჭერს ვაშინგტონს იმ რეზოლუციის მიღებაში, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭო ირანთან დაკავშირებით ამზადებს.

ამ გარიგებას ყველაზე მეტად უნდა გაეღიზიანებინა ისრაელი, რომლის ხელმძღვანელობა ხვდება, რომ ირანის შეიარაღებაში ბირთვული იარაღი უახლოეს 5-10 წელიწადში გამოჩნდება, რის შემდეგაც ახლო აღმოსავლეთში ისრაელის სამხედრო-პოლიტიკური ლიდერობა სერიოზულ საფრთხეში აღმოჩნდება.

რა შეიძლება მოუტანოს საქართველოს C-300-ების ირანისთვის მიყიდვის გამო მოსკოვსა და თელ-ავივს შორის სიტუაციის დაძაბვამ?

როდესაც ისრაელი რუსეთს სთხოვდა, ირანისთვის არ მიეყიდათ ჩ-300-ების ტიპის საზენიტო სისტემები, სავარაუდოდ, მოსკოვის საპასუხო მოთხოვნა გახლდათ, სამაგიეროდ ისრაელსაც შეეწყვიტა საქართველოსთვის საბრძოლო ტექნიკისა და შეიარაღების მიყიდვა. რუსეთის გენერალიტეტი განსაკუთრებით გაააფთრა ისრაელის მიერ საქართველოსთვის "სპაიდერის" ტიპის მობილური საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიყიდვამ, რომელთა "პითონის" ტიპის საზენიტო რაკეტებმა 2008 წლის აგვისტოს ომში რუსულ ავიაციას ყველაზე მეტი დანაკარგი მიაყენეს.

საბრძოლო გამოცდილებიდან გამომდინარე, ქართულ მხარეს სურდა, ისრაელში კიდევ შეეძინა "სპაიდერის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები და მისთვის საჭირო სითბური დამიზნების "პითონი-5"-ებისა და რადიოლოკაციური დამიზნების "დერბის" ტიპის საზენიტო რაკეტები.

ეს გეგმა არ განხორციელდა, რადგან, სავარაუდოდ, ოფიციალურმა თელ-ავივმა მოსკოვის მოთხოვნა გაითვალისწინა და საქართველოს აღარ მიჰყიდა ზემოხსენებული საზენიტო სისტემები. სამაგიეროდ, ისრაელში იმედოვნებდნენ, რომ რუსეთიც საბოლოოდ ხელს აიღებდა ჩ-300-ების ირანისთვის მიყიდვაზე.

თუკი რუსეთმა დაარღვია საიდუმლო გარიგება ისრაელთან და ირანს საბოლოოდ მაინც მიაწოდა C-300-ები, საკითხავია, გადაუხდის თელ-ავივი სამაგიეროს მოსკოვს და გააგრძელებს თბილისისთვის "სპაიდერებისა" და "პითონების" მიწოდებას?!