ქურთების დიდი შანსი და ომი ოთხ ქვეყანასთან...
25-09-2017
ქურთების დიდი შანსი და ომი ოთხ ქვეყანასთან...
სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" განადგურებისთანავე შეიძლება ომი დაიწყოს ქურთებთან, რომლებიც "დიდი ქურთისტანის" შექმნას გეგმავენ

25 სექტემბერს, როდესაც "კვირის პალიტრის" ეს ნომერი გამოვა, მოსალოდნელია, საქართველოს მეზობელ ერთ-ერთ რეგიონში დიდი ომი დაიწყოს. ამ დღეს ერაყის ქურთისტანში სახალხო რეფერენდუმი გაიმართება ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვით - სურთ თუ არა ერაყში მცხოვრებ ქურთებს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა?

პასუხი რეფერენდუმის გარეშეც ცნობილია - ქურთებს ეძლევათ ისტორიული შანსი, შექმნან დამოუკიდებელი სახელმწიფო, რაზეც ამ ერის ყველა წარმომადგენელი ბავშვობიდან ოცნებობს.

მაგრამ
ერაყელი ქურთების წადილმა შეიძლება რეგიონში ახალ ფართომასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტს დაუდოს სათავე, რომელთანაც "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლა მონაგონი იქნება, რადგან ქურთების სურვილს ოთხი სახელმწიფო იარაღით დაუპირისპირდება.
საქმე ის არის, რომ ქურთები დღეს კომპაქტურად ცხოვრობენ თურქეთის, სირიის, ერაყისა და ირანის მოსაზღვრე რაიონებში. ქურთების ისტორიული მიზანია "დიდი ქურთისტანის" შექმნა,
რომლის საზღვრები ზემოხსენებული ოთხივე ქვეყნის ტერიტორიაზე გაივლის. ბუნებრივია, ამის წინააღმდეგი არიან ანკარაშიც, დამასკოშიც, ბაღდადშიც და თეირანშიც.
ქურთებმა ოდესღაც სცადეს, დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით ეცხოვრათ - 1920-იან წლებში თურქეთის ტერიტორიაზე სამი წელი გაძლო "არარატის ქურთულმა რესპუბლიკამ". 1929-1930 წლებში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის, სტალინმა ქურთებს "ქურთისტანის ოლქიც" კი შეუქმნა. 1946 წელს ირანის ქურთისტანში საოკუპაციო საბჭოთა არმიის შენაერთების დახმარებით თითქმის ერთი წელი იარსება "მეჰაბადის რესპუბლიკამ", თუმცა მაშინ სტალინმა თავი შეიკავა ყოფილ მოკავშირეებთან - დიდ ბრიტანეთსა და აშშ-თან დაპირისპირებისგან და ეს წარმონაქმნი დაშალა.

ქურთებს სახელმწიფოებრივი ჩანასახის შექმნის ყველაზე დიდი შანსი 2003 წლიდან გაუჩნდათ, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ-უმცროსმა მამის დაწყებული საქმის გაგრძელება და სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობა გადაწყვიტა.
ამერიკელ გენერლებს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ პარტნიორი თურქეთი ამერიკულ არმიას ერაყზე ჩრდილოეთიდან იერიშის მისატანად დერეფანს დაუთმობდა, მაგრამ ანკარამ ვაშინგტონს უარი უთხრა. სამაგიეროდ, ერაყის ქურთებმა ხელგაშლილად მიიღეს ამერიკული 173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადა და მასთან ერთად შეუტიეს სადამ ჰუსეინის რეჟიმს - ქურთებს კარგად ახსოვდათ ჰუსეინის ქიმიური მომწამვლელი ბომბებით დახოცილი თავიანთი თანამოქალაქეები.

ერაყელი ქურთების შეიარაღებულმა ფორმირება "პეშმერგამ" დაიკავა ერაყის სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქები: მოსული, ერბილი და კირკუკი. დღეს ერაყელ ქურთებს ფართო ავტონომია აქვთ, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, მათ ეს აღარ აკმაყოფილებთ და ერაყიდან "ისლამური სახელმწიფოს" განდევნის შემდეგ (რაშიც ქურთულმა "პეშმერგამ" მნიშვნელოვანი როლი შეასრულა; "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტები ყველაზე დაუნდობლად სწორედ ქურთებს ეპყრობოდნენ), ერაყის ტერიტორიაზე ავტონომიური წარმონაქმნის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ქცევა სურთ.
ქურთების ამ სურვილს, ერაყელების გარდა, კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან თურქეთის, სირიისა და ირანის ხელისუფალნიც, რადგან თუკი ერაყელმა ქურთებმა დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნეს, მათ ამ ქვეყნების ტერიტორიებზე მცხოვრები "დიდი ქურთისტანის" შექმნის მოიმედე ქურთებიც მიჰბაძავენ.

ერაყელი ქურთების შემდეგ ყველაზე მეტად სირიელი ქურთები აქტიურობენ, რადგან "ისლამურ სახელმწიფოსა" და ოპოზიციასთან მრავალწლიანი ბრძოლით ბაშარ ასადის რეჟიმიც შესუსტებულია. თურქეთისა და ირანის სახელმწიფო სტრუქტურები, პირიქით, საკუთარი ქვეყნების ტერიტორიებზე თითქმის სრულად აკონტროლებენ სიტუაციას, მაგრამ თურქეთის ქურთისტანში სიტუაცია, დიდი ხანია, დაძაბულია - ანკარა იქ პერმანენტულად ატარებს მეტ-ნაკლებად წარმატებულ ანტიპარტიზანულ ოპერაციებს "ქურთისტანის მუშათა პარტიის" შეიარაღებული რაზმების წინააღმდეგ.
აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც - საუკუნეზე მეტია, "დიდი ქურთისტანის" შექმნის იდეით შეპყრობილ ქურთებს დიდი სახელმწიფოები თავიანთი მიზნებისთვის იყენებენ.

"ცივი ომის" დროს საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურებისთვის ქურთი პარტიზანები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი თურქეთის ტერიტორიაზე საუკეთესო დასაყრდენი იყვნენ - სომხეთში საბჭოთა დივერსანტები "ქურთისტანის მუშათა პარტიის" მებრძოლებს ასწავლიდნენ დივერსიული აქტების მოწყობას თურქეთში აშშ-ის სამხედრო ბაზების წინააღმდეგ, დიდი ომის დაწყების შემთხვევაში კი ქურთები თურქეთში მოსკოვის "მეხუთე კოლონა" უნდა გამხდარიყვნენ.
"ცივი ომის" დამთავრების შემდეგ ქურთულ ფაქტორს ვაშინგტონი იყენებს. მან ერაყელი ქურთების დახმარებით ჯერ სადამ ჰუსეინის რეჟიმი დაამხო, ახლა კი სირიელი ქურთების ხელით არც ბაშარ ასადის ჩამოგდებაზე იტყოდა უარს.
ასე რომ, ქურთებთან დაკავშირებით რუსებისა და ამერიკელების ინტერესები გარკვეულწილად ერთმანეთს დაემთხვა და მოსკოვშიც და ვაშინგტონშიც თვლიან, რომ თუ საჭირო იქნება, მათ ამ რეგიონში ქურთების დახმარებით საკუთარი ჩანაფიქრის განხორციელება შეუძლიათ.

მაგრამ დაუჭერენ კი რუსეთი და აშშ მხარს "დიდი ქურთისტანის" შექმნის იდეას? ამ შემთხვევაში მოსკოვსა და ვაშინგტონს ოთხი ქვეყნის - ერაყის, სირიის, თურქეთისა და ირანის გადაკიდება მოუწევთ. შეიძლება თეთრ სახლს ხელსაც აძლევდეს, რომ თეირანს - ირანელმა, დამასკოს კი სირიელმა ქურთებმა პრობლემები შეუქმნან, მაგრამ თეთრი სახლი ქურთული ოცნების გამო ბაღდადსა და განსაკუთრებით - ანკარასთან ურთიერთობას ვერ გაწირავს.

თითქმის ანალოგიურ მდგომარეობაშია მოსკოვიც - "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით კრემლმა ამ რეგიონში ფეხი კარგად მოიკიდა, სირიისა და ირანის სახით სტრატეგიული პარტნიორები შეიძინა, რეგიონში აშშ-ის გავლენა შეასუსტა და ამ ყველაფრის დაკარგვა ქურთების გამო, მიუხედავად იმისა, რომ მათ ძმობას ეფიცება, არ უღირს. კრემლს კარგი ურთიერთობა აქვს ბაღდადთანაც და რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკას ყიდის ერაყში, ამიტომ, ბუნებრივია, დოლარის გემოგაგებულ რუს გენერლებს რუსული იარაღის ასეთი მსხვილი იმპორტიორის დაკარგვა არ სურთ.
თურქეთ-რუსეთის ურთიერთობის ცვლი­ლების ამპლიტუდა კი, ერთი შეხედვით, არავითარ ლოგიკურ საზღვრებს არ ემორჩილება - ჯერ სირიაში რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების გამო პუტინმა და ერდოღანმა კინაღამ ომი გამოუცხადეს ერთმანეთს, რამდენიმე თვეში კი ისე "დამეგობრდნენ", რომ ხანდახან ეჭვიც ჩნდება - თურქეთი ისევ არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი თუ რუსულ ევრაზიულ გაერთიანებაში შედის. ასეთი მჭიდრო ურთიერთობის ფონზე, როცა ანკარა მოსკოვისგან მის საუკეთესო საზენიტო-სარაკეტო სისტემებს ყიდულობს, ძნელი დასაჯერებელია, კრემლმა, ქურთების გამო, თურქეთი ისევ გადაიკიდოს.

ერაყის ქურთისტანს კარგი შანსი აქვს, მომავალი "დიდი ქურთისტანის" შექმნის საყრდენი გახდეს, თუნდაც იმიტომ, რომ ის მსოფლიოში სიდიდით მეექვსე ნავთობის საბადოებს აკონტროლებს, რომელთა სავარაუდო მოცულობამ შეიძლება 45 მილიარდი ბარელი შეადგინოს.
ოთხივე ქვეყნის ტერიტორიაზე 40 მლნ-ზე მეტი ქურთი ცხოვრობს, მათგან თურქეთში - 20 მლნ-ზე მეტი, ირანში - 11 მლნ, ერაყში - 7 მლნ, ხოლო სირიაში - 3 მლნ. ერაყული ქურთისტანის "პეშმერგა" 150 ათასზე მეტ მებრძოლს ითვლის, სირიელი ქურთების სახალხო თავდაცვის რაზმებს 65 ათასი შეიარაღებული ადამიანის გამოყვანა შეუძლიათ, თურქეთში "ქურთისტანის მუშათა პარტიაც" რამდენიმე ათეულ ათას კაცს ითვლის. გასათვალისწინებელია, რომ ქურთებს ერაყსა და სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის ხუთწლიანი გამოცდილება აქვთ, ამასთანავე, მათ განკარგულებაშია ამერიკელებისა და რუსების მიწოდებული თანამედროვე საბრძოლო ტექნიკა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსებისა და საარტილერიო სისტემების სახით. მართალია, თურქული "ქურთისტანის მუშათა პარტიას" ასე კარგად არ აიარაღებენ, მაგრამ სამაგიეროდ, მას მრავალწლიანი პარტიზანული მოქმედების დიდი გამოცდილება აქვს.

რატომ მოვიყვანეთ ეს მონაცემები? 25 სექტემბრის რეფერენდუმზე, რა თქმა უნდა, ერაყელი ქურთები დამოუკიდებლობას მისცემენ ხმას, მაგრამ მათ გადაწყვეტილებას ძლიერი სახელმწიფოები, ისევე როგორც გაერო, მაშინვე დაგმობენ. ამის შემდეგ ქურთებს რჩებათ "დიდი ქურთისტანის" შექმნის ერთადერთი გზა - დაიწყონ შეიარაღებული ბრძოლა ერთდროულად ოთხ სახელმწიფოსთან - ერაყთან, სირიასთან, თურქეთსა და ირანთან, ეს კი დიდი ომის მომასწავებელი იქნება, რომელიც სამხრეთ კავკასიას და კერძოდ, საქართველოსაც შეიძლება შეეხოს.

საბჭოთა კავშირის დაშლის წინ, 1989 წლის აღწერის თანახმად, საქართველოში 33,3 ათასი ქურთი ცხოვრობდა, 2002 წლის პირველმა ეროვნულმა საყოველთაო აღწერამ კი ქურთების რაოდენობის 20 843 ადამიანამდე შემცირება აჩვენა. მაგრამ მალევე საქართველოში მცხოვრები ქურთების რიცხვი მხოლოდ 2 514 ადამიანით განისაზღვრა, რადგან 18 329-მა მოითხოვა, ისინი ეზიდებად ჩაეწერათ. ეზიდები, ქურთების უმრავლესობისგან განსხვავებით, მუსლიმები არ არიან. 2011 წლის მონაცემებით, სომხეთში 35 ათასზე მეტი ეზიდი (სომხების შემდეგ ყველაზე მეტი) და მხოლოდ ორ ათასამდე ქურთი ცხოვრობდა. აზერბაიჯანში, 2009 წლის მონაცემებით, 6 ათასამდე ქურთი ცხოვრობდა.

"დიდი ქურთისტანის" შექმნა ქურთებისთვის ასეთი ხელმისაწვდომი არასდროს ყოფილა და მოსალოდნელია, მათ ეს გაწყვეტილება მიიღონ, სანამ ერაყში და განსაკუთრებით - სირიაში ცენტრალური ხელისუფლების ძალაუფლება შესუსტებულია. დაუჭერენ თუ არა მხარს თანამოძმეებს სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები ქურთები და მით უმეტეს - ეზიდები, ძნელი სათქმელია. მათი სიმცირე ამ პროცესებზე გავლენას ვერც მოახდენს.
თუკი აქტიური საბრძოლო მოქმედებები თურქეთისა და ირანის იმ ტერიტორიებზე დაიწყო, რომლებიც უშუალოდ ესაზღვრება სამხრეთ კავკასიას, კერძოდ კი - სომხეთსა დაA აზერბაიჯანის ნახიჩევანს, "დიდი ქურთისტანის" შექმნის მცდელობისთვის ომს სამხრეთ კავკასიაც იგრძნობს.

P.S. რეგიონის ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც "დიდი ქურთისტანის" შექმნას აქტიურად უჭერს მხარს, ისრაელია. ებრაელი პოლიტიკური ლიდერები ქურთების უფლებების დაცვას ითხოვენ. ეს, ერთი შეხედვით, ჰუმანური პოზიციაა, თუმცა საერთაშორისო პოლიტიკური ანალიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ ისრაელის ხელისუფლებას შეიძლება საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესები ამოძრავებდეს. მათი აზრით, ისრაელს ხელს აძლევს, "დიდი ქურთისტანის" შექმნის წინააღმდეგ ბრძოლაში ირანი, სირია, ერაყი და თურქეთი ჩაერთონ და ქურთებთან მრავალწლიან ანტიპარტიზანულ ომში აღმოჩნდნენ ჩათრეული, რაც მას რეგიონის ერთპიროვნულ ლიდერად გამოკვეთის საშუალებას მისცემს...
ლაშა
04 ოქტომბერი 2017 21:58
ისრაელს აწყობს მუსლიმების გადაკიდება თან თავის შეარაღებას მიჰყიდის ქურთებს ან აჩუქებს.
taamari
02 ოქტომბერი 2017 05:38
ღმერტმა ხელი მოუმარტოტ ქურტებს და შექმნან ტავიანტი რესპუბლიკა .
Qartveli
30 სექტემბერი 2017 12:37
Mainteresebs,ramdeni qyrti mokla,hyseinma,romelic kachagivit chamoaxrchves.da ramdeni daesh ma.romelic amerikidan sazrdoobs dgemde.

რედაქტორის რჩევით