ჟურნალისტო, მზად ხარ ომის გასაშუქებლად? - კვირის პალიტრა

ჟურნალისტო, მზად ხარ ომის გასაშუქებლად?

სენაკის ქვეით ბრიგადაში თავდაცვის სამინისტრომ ქართული მასმედიის 18 წარმომადგენელი საინფორმაციო და რეალური ომის პროფესიონალურად გასაშუქებლად მოამზადა

ორ ათეულ წელზე მეტი ხნის წინ, როდესაც საბრძოლო მოქმედებების რაიონებში, ჯერ - ცხინვალთან, მერე - აფხაზეთსა და ჩეჩნეთში, რეპორტაჟებს ვამზადებდი, ვერც ვინატრებდი, რომ ვინმე პროფესიონალურად მასწავლიდა ომში ჟურნალისტის ორ მთავარ ამოცანას: მოიპოვო ღირებული ინფორმაცია და თან - ცოცხალი გადარჩე. მე და ჩემს კოლეგებს ყველაფრის სწავლა უ|შუალოდ ბრძოლის ველზე, ტყვიების ზუზუნში და აფეთქებული ჭურვების ნამსხვრევებქვეშ გვიწევდა. ზოგი გადავრჩით, რამდენიმე, სამწუხაროდ - ვერა...

თავდაცვის სამინისტრომ სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გასულ კვირას ჩაატარა მედიასწავლება "ღირსეული პასუხი 2017" ქართული მასმედიის 18 წარმომადგენლისთვის, რომლებიც, თუკი ოდესმე საბრძოლო მოქმედებების გაშუქება მოუწევთ, ამისთვის მეტ-ნაკლებად მზად იქნებიან.

თავდაცვის სამინისტროს მიერ ჟურნალისტების, ოპერატორებისა და ფოტოგრაფების მომზადება არ ნიშნავს, რომ ვინმე ომისთვის ემზადება, მაგრამ ჯობს, ჟურნალისტმა მშვიდობიანობის დროს ისწავლოს ომის გაშუქების ელემენტარული წესები, ვიდრე ჩვენი თაობის სამხედრო ჟურნალისტებივით, საბრძოლო მოქმედებების დროს დაუშვას სერიოზული, ზოგჯერ კი - საბედისწერო შეცდომები.

სწავლება ორი ნაწილისგან შედგებოდა. თეორიული მხარე მოიცავდა მოწინააღმდეგის მიერ საინფორმაციო ომის, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ხერხების გამოვლენასა და მათ საპასუხოდ ეფექტიანი მეთოდების გამოყენებას. ქართველ ჟურნალისტებს საინფორმაციო ომის წარმართვის დეტალებს, ქართველი სამხედროების გარდა, ლიტვის არმიის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებიც უხსნიდნენ.

პრაქტიკული სწავლებისას კი მედიის წარმომადგენლები სასწავლო ბრძოლის შუაგულში ხვდებოდნენ, სადაც ტანკები დადიოდნენ, ჰაუბიცები "ისროდნენ", ხოლო "მოწინააღმდეგის" სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები ჯავშანკოლონას თავს ესხმოდნენ და ჟურნალისტებს იტაცებდნენ, სხვათა შორის - ნამდვილად...

სწავლების მონაწილე ჟურნალისტებისთვის სრულიად მოულოდნელი იყო, გადარჩენის კურსის გავლისას სპეციალური ოპერაციის ძალების მებრძოლებმა იქვე, ტყეში დაჭერილი ბაყაყის კოცონზე სწრაფად მომზადება რომ ასწავლეს და მისი გემოც გაასინჯეს.

ამგვარი სწავლება თავდაცვის სამინისტრომ გასულ წელსაც ჩაატარა და ორ ათეულამდე მასმედიის წარმომადგენელი მოამზადა. ამ სტატიის ავტორი ორივე სწავლებაზე დამკვირვებლად იყო მიწვეული და საშუალება ჰქონდა, ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის თავისი გამოცდილება გაეზიარებინა.

თუკი ასეთი სწავლებების შემდეგ ჩვენი ჟურნალისტების ნაწილმა ოდნავ მაინც აიმაღლა პროფესიონალური მომზადების დონე, მიზანი ნაწილობრივ მიღწეულია, რადგან ეს გამოცდილება მათ დაეხმარება არა მარტო ფრონტის ხაზზე, არამედ - ყოველდღიურ საქმიანობაშიც, მათ შორის კრიზისული სიტუაციების - ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების ზონაში მუშაობის დროსაც, სადაც ისევე, როგორც ფრონტის ხაზზე, ჟურნალისტის მთავარი ამოცანაა, მოიპოვოს და მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას და ამასთან, უვნებელი დარჩეს...