ვინ აფეთქებს იარაღის საწყობებს უკრაინაში? - კვირის პალიტრა

ვინ აფეთქებს იარაღის საწყობებს უკრაინაში?

რუსეთთან გამოუცხადებელ ომში ჩართულ უკრაინაში საბრძოლო მასალების უკვე მეოთხე სამხედრო საწყობი აფეთქდა...

უკრაინა, უკვე სამი წელია, თავს იცავს მასთან გამოუცხადებელ ჰიბრიდულ ომში ჩაბმული რუსეთისგან. ამ ხნის განმავლობაში უკრაინის გენერალიტეტმა დიდ საბრძოლო წარმატებებს ვერ მიაღწია, თუმცა რუსული ჰიბრიდული სამხედრო საფრთხის გავრცელება დონბასის გარეთ მაინც შეაჩერა.

ასეთ რთულ დროს, როდესაც უკრაინის ხელისუფლება ხელგაწვდილი თითქმის მთელ მსოფლიოში ეძებს ლეტალური შეიარაღების მიმწოდებლებს, ერთმანეთის მიყოლებით ფეთქდება უკრაინული საბრძოლო მასალების უზარმაზარი საწყობები.

ბოლო აფეთქება ქ. ვინიცასთან, კალინოვკის 48-ე არსენალში მოხდა, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით ათასობით რაკეტა და ჭურვი განადგურდა, ზარალმა დაახლოებით 800 მლნ დოლარი შეადგინა, მაგრამ აქ მთავარი არა ფულადი ზარალი, არამედ ის არის, რომ უკრაინული არმია "გრადებისა" და "ურაგანების" რაკეტების გარეშე რჩება, რომლებიც ასე სჭირდება დონბასის ფრონტზე.

წინა მასშტაბური აფეთქებისას, როდესაც ამა წლის გაზაფხულზე ჰაერში აიჭრა ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ბალაკლავის არსენალი, უკრაინელ სამხედროებს ეჭვიც არ შეჰპარვიათ, რომ ეს რუსულმა მხარემ ჩაიდინა დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატიდან - დრონიდან იარაღის საწყობზე ჩამოგდებული ტერმიტული ყუმბარით.

ამჯერად, ვინიცასთან ახლოს, არსენალის მორიგი მასშტაბური აფეთქების შემდეგ, უკრაინელი გამომძიებლები დარწმუნებული არ არიან, რომ დივერსიული შეტევა ისევ ჰაერიდან, დრონიდან განხორციელდა, თუმცა ეჭვი არ ეპარებათ, რომ არსენალი ახლაც ხელოვნურად ააფეთქეს, შესაძლოა, ღია ცის ქვეშ დასაწყობებულ რაკეტებზე ასაფეთქებელი მოწყობილობის ხელით დამონტაჟებით.

უკრაინული არსენალები ყოფილი საბჭოთა საბრძოლო მასალების უზარმაზარი საწყობებია, რომლებიც რამდენიმე ათეულ ჰექტარზეა გადაჭიმული, მოშლილი აქვს ღობეები და მათ მხოლოდ 15-20 კაცი თუ იცავს, ისინიც სამხედროები კი არა, არასაუწყებო დაცვის პენსიონერი თანამშრომლები არიან. ასე რომ, არსენალის ტერიტორიაზე შეღწევა და ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟება მომზადებულ ჯგუფს, მით უმეტეს - რუსულ ГРУ-ს, არ გაუჭირდებოდა.

ღრმა ზურგში, მოწინააღმდეგის სადაზვერო-დივერსიული ჯგუფებისა თუ დრონების გამოყენებით იარაღისა და საბრძოლო მასალების არსენალების აფეთქებით უფრო აქტუალური ხდება საყარაულო სამსახურის ეფექტიანი სამსახური. ეს არის პასუხი საქართველოში იმ პირთა, მათ შორის ცნობილი პოლიტიკოსების, დილეტანტურ კითხვაზე: რა საჭიროა, ჯარისკაცი საგუშაგოზე იდგეს? ის უბრალო ყარაულია და ერთ წელს უაზროდ ატარებს "მონურად".

გუშაგს, იარაღის საწყობს იცავს ის თუ სასადილოს, უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება, რადგან საბრძოლო დანაყოფებმა ფრონტის ხაზზე რაც უნდა დიდ წარმატებას მიაღწიონ, მოწინააღმდეგის ერთ დივერსანტსაც კი შეუძლია, დაუცველი იარაღის საწყობი ან ხიდი ააფეთქოს, სასადილოში საკვები მოწამლოს და არმიას დამარცხების საფრთხე შეუქმნას...