რამდენი პირი გათავისუფლდა 2016-2017 წლებში თავდაცვის სამინისტროდან ნარკოტიკებისა და აზარტული თამაშების გამო? - კვირის პალიტრა

რამდენი პირი გათავისუფლდა 2016-2017 წლებში თავდაცვის სამინისტროდან ნარკოტიკებისა და აზარტული თამაშების გამო?

2016-2017 წლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან და შეირაღებული ძალებიდან ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და აზარტული თამაშებისთვის 70 პირი გათავისუფლდა.

შესაბამისი ინფორმაცია "ინტერპრესნიუსმა" თავდაცვის სამინისტროსგან გამოითხოვა.

უფრო კონკრეტულად: 2016 წლის განმავლობაში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტზე გამოვლენილია - 43 პირი, რომელთაგან 36 იქნა დათხოვნილი; 2017 წლის 1-ელი იანვრიდან 28 სექტემბრამდე, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტზე გამოვლენილია - 45 პირი, რომელთაგან 33 იქნა დათხოვნილი.

რაც შეეხება აზარტულ თამაშებს, მონაცემები ასეთია: მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების 46-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების (აზარტული თამაში) დარღვევისთვის დისციპლინული დარღვევის ოქმი შედგა 15 პირის მიმართ, რომელთაგან დათხოვნილი იქნა ერთი; 2017 წლის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების 46-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების (აზარტული თამაში) დარღვევისთვის დისციპლინული დარღვევის ოქმი შედგა 11 პირის მიმართ.

თავდაცვის სამინისტრო აღნიშნულ ინფორმაციას სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის მონაცემების მიხედვით აქვეყნებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, 2015 წელს, სუიციდის შემთხვევების გამო, აზარტულ თამაშებზე კონტროლი გამკაცრდა. თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ყველა, სამოქალაქო თუ სამხედრო პირი, რომელიც დასაქმებულია თავდაცვის სამინისტროში ან შეიარაღებულ ძალებში და რომელთაც დაუდასტურდებათ, რომ ჩაბმული არიან აზარტულ თამაშებში, სამუდამოდ გათავისუფლდებიან სამხედრო სამსახურიდან. მისივე თქმით, სამხედრო სამსახურიდან ასევე მოხდებოდა ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებული პირების გათავისუფლება.

"ინტერპრესნიუსი"