საუდის არაბეთის ინტერესები საქართველოში
16-10-2017
საუდის არაბეთის ინტერესები საქართველოში
"დელტას" შეჯავშნული სამედიცინო-საევაკუაციო "მედევაკები" საუდის არაბეთში გამართულ სამხედრო აღლუმზე

გასულ კვირას ბათუმი სამხედრო-პოლიტიკურ მექად იქცა, სადაც მრავალი ქვეყნის სამხედრო გენერლების ვარსკვლავები ბრწყინავდა. ოთხი დღის განმავლობაში ბათუმში ერთიმეორის მიყოლებით სამი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება ჩატარდა: აშშ-საქართველოს ორმხრივი კონსულტაციები თავდაცვის სფეროში, აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია.

მათგან ყველაზე მასშტაბური საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია გახლდათ, რომელიც მეთერთმეტედ გაიმართა. როგორც ოფიციალური მონაწილე, მიწვეული გახლდით კონფერენციაზე და შესაძლებლობა მომეცა, დავკვირვებოდი
საინტერესო დეტალებს, რომლებიც ოფიციალური პირების სატელევიზიო ინტერვიუებში არ გამოჩნდა.

ამ კონფერენციის ერთ-ერთი მოულოდნელობა ის გახლდათ, რომ ამერიკულ სამხედრო დელეგაციას რაოდენობით არ ჩამოუვარდებოდა საუდის არაბეთის სამეფოს მაღალჩინოსან სამხედროთა ჯგუფი, რომელსაც ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი აბდულ რაჰმან ბინ სალეჰ ალ-ბანიანი ხელმძღვანელობდა. საინტერესოა, რომ საუდელი
პირველი სამხედრო საქართველოს თითქმის იმავე დროს ესტუმრა, როდესაც საუდის არაბეთის მეფე სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი მოსკოვში ეწვია პრეზიდენტ პუტინს და თანამედროვე რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემების შესყიდვაზე შეუთანხმდა.
რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, საუდის არაბეთის გენერალური შტაბის უფროსის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში შეიძლება უკავშირდებოდეს საუდელი სამხედროებისთვის ქართული წარმოების შეიარაღების შესყიდვას. ასეთ დასკვნამდე ბათუმის კონფერენციის დროს მიმდინარე არაოფიციალურმა შეხვედრებმა მიგვიყვანა, როცა საუდელ გენერალთან, მისი ქართველი კოლეგის გარდა, "დელტას" ხელმძღვანელიც გამოჩნდა.
საქართველოს სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის, "დელტას", თანამშრომლობა საუდის არაბეთის გენერალურ შტაბთან სამიოდე წლის წინ დაიწყო, როდესაც არაბეთის უდაბნოში ჩატარებულ შეჯიბრებაში "დელტაში" აწყობილმა შეჯავშნულმა სამედიცინო-საევაკუაციო მანქანა "მედევაკმა" შვიდი კონკურენტი დაჯაბნა და ტენდერში გაიმარჯვა.

თავდაპირველი შეთანხმება ასზე მეტი "მედევაკის" მიწოდებას ითვალისწინებდა და "დელტამ" სატრანსპორტო თვითმფრინავებით ელ-რიადში ხუთ ათეულზე მეტი "მედევაკის" გაგზავნა მოასწრო, მერე კი, გასული წლის აგვისტოში, იემენში ჰუსიტები საუდელების ჯავშანკოლონას თავს დაესხნენ.

ამ თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, სადაც ჩანს, რომ "დელტას" "მედევაკი" დიდ ორმოში ვარდება და მარცხენა წინა ბორბალი სძვრება, საუდის არაბეთის მხარემ ქართული "მედევაკების" ახალი პარტიის მიღება შეაჩერა და ინცინდენტის გამოძიება დაიწყო.
რუსულ მასმედიასა და ინერნეტსივრცეში ქართული ჯავშანმანქანის ღვარძლიანი დაცინვა არ შეწყვეტილა, მაგრამ მათ არ იცოდნენ, რომ ამ ინციდენტის გამოძიების შემდეგ საუდელებმა მომხდარის მიზეზად თავიანთი მძღოლის არაკვალიფიციური მოქმედება მიიჩნიეს. რაც მთავარია, "დელტას" "მედევაკში" ყველა გადარჩა, მიუხედავად იმისა, რომ გაჩერებულ ქართულ ჯავშანმანქანას ჰუსიტებმა ასობით ტყვია ესროლეს და ცეცხლიც კი წაუკიდეს.

როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელიაო - ამ ინციდენტის შემდეგ "დელტას" სპეციალისტებმა "მედევაკის" სავალი ნაწილის, ამორტიზაციის და ძრავის გაგრილების სისტემების მოდერნიზაცია გადაწყვიტეს, მანქანა კვლავ გამოცადეს არაბეთის უდაბნოში და კონტრაქტიც გაგრძელდა.
ამ ფონზე საქართველოში საუდის არაბეთის გენშტაბის უფროსის ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის გრძელდება, მეტიც - მას, შეიძლება, საინტერესო გაგრძელება მოჰყვეს, თუმცა, ჯობს, მოვლენებს არ გავუსწროთ.

ამასთან, საუდის არაბეთი მუდმივად სთხოვს ქართულ მხარეს, რაც შეიძლება ნაკლები ინფორმაცია გავრცელდეს იმის შესახებ, რის შეძენას აპირებენ ისინი ჩვენს ქვეყანაში. სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გარდა, საუდის არაბეთის მაღალჩინოსნებისთვის, ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა იმის გაგება, თუ როგორი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო გავლენა შეიძლება მოახდინოს საქართველოსა და მთელ სამხრეთ კავკასიაზე ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ, რომელიც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში საუდის არაბეთის პოტენციური მოწინააღმდეგეა. იემენში ჰუსიტებს ამ ქვეყნის წინააღმდეგ, ძირითადად, სწორედ ირანი აიარაღებს და საუდის არაბეთის მეფე ისრაელთან ერთად ამიტომაც მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ინიციატივას, ირანს ისევ სანქციები დაუწესოს.

პ.ს. ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა - თურქეთის თავდაცვის მინისტრმა აშკარად, დიპლომატიური ფარისევლობის გარეშე მოსთხოვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებს და უპირველესად - ამერიკულ მხარეს, ქურთების საბრძოლო რაზმებს, რომლებსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის, შეიარაღების მიწოდება შეუწყვიტოს...

ირაკლი ალადაშვილი
ზუ
15 ნოემბერი 2017 15:27
ერთი საწარმო იძლევა იმდენივე შემოსავალს , რამდენსაც სოფლის მეურნეობის მთელი დარგი!
41
02 ნოემბერი 2017 11:04
ერთი მითხარი ვინ არაა თქვენი მტერი და ვინაა ძმადნაფიცი ევროპა? ამერიკა?
Rocky
01 ნოემბერი 2017 07:51
საუდის არაბეთიც საფრთხეა ჩვენთვის, მაგრამ ცუდსა და უარესს შორის ცუდი ავირჩიეთ და ეს კარგია, რადგან საუდის არაბეთი შორსაა ჩვენგან ირანი კი ძალიან ახლოს, უფრო ძლიერია და პირდაპირი გავლენა აქვს სამხრეთ კავკასიაზე. ირანი ჩვენი მტერი იყო მანამ სანამ იგი ისლამს აღიარებდა და მერეც ამიტომ პრინციპი ,,ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია'' ჩვენს შემთხვევაში გამართლებულად მიმაჩნია.

რედაქტორის რჩევით