ქართული რაკეტა საუკუნის დანაშაულის გასახსნელად... - კვირის პალიტრა

ქართული რაკეტა საუკუნის დანაშაულის გასახსნელად...

ქართულმა "ბუკმა" აგვისტოს ომის დროს ასეთივე საზენიტო რაკეტით "ამერიკული ავიამზიდების მკვლელი" რუსული ბომბდამშენი "ტუ" ჩამოაგდო, რაც არც მანამდე და არც შემდგომ არავის გაუკეთებია

ქართულმა მხარემ 9М38М1 ტიპის საზენიტო რაკეტა, სატრანსპორტო კონტეინერთან ერთად, ნიდერლანდელ გამომძიებლებს გადასცა საუკუნის დანაშაულის ჩამდენთა გამოვლენის დასაჩქარებლად

საქართველოს მიერ ნიდერლანდებისთვის გადაცემული "ბუკის" საზენიტო რაკეტა გამოძიებას მალაიზიური "ბოინგის" ჩამოგდებაში რუსული კვალის გამოვლენაში უნდა დაეხმაროს.

2014 წლის 17 ივლისს უკრაინის საჰაერო სივრცეში, დონბასის თავზე, რუსეთიდან ფარულად შეტანილი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "ბუკიდან" გაშვებული საზენიტო რაკეტით ჩამოაგდეს "ბოინგ-777" ტიპის სამგზავრო ლაინერი, რასაც 298 ადამიანი (ეკიპაჟის 15 წევრი და 283 მგზავრი, მათ შორის - 80 არასრულწლოვანი) შეეწირა.

საუკუნის ამ დანაშაულის ჩამდენი ქვეყნის სახელი თითქმის მთელი მსოფლიოსთვის არის ცნობილი, თუმცა ნიდერლანდებში შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი მეოთხე წელია, მაინც აზუსტებს ამ საავიაციო კატასტროფის გამომწვევ ყველა დეტალს, რათა საეჭვო არაფერი დარჩეს.

სწორედ ამ ღონისძიებებისთვის დასჭირდა საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფს "ბუკის" კიდევ ერთი საზენიტო რაკეტა, რომელიც ქართულ მხარეს სთხოვა.

ჰოლანდიურ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რაც მოგვიანებით საქართველოს მთავარმა პროკურატურამაც დაადასტურა, 2016 წლის 27 იანვარს ნიდერლანდებმა ოფიციალურ თბილისს საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად საზენიტო-სარაკეტო კომპლექს БУК-М1-ის 9М38М1 ტიპის ერთი საზენიტო რაკეტა სთხოვა.

2016 წლის 28 სექტემბერს ნიდერლანდების სახელმწიფო პროკურატურამ გაახმაურა საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მუშაობის შედეგი, რომლითაც ეჭვგარეშე დადასტურდა, რომ მალაიზიური "ბოინგი" მართლაც რუსეთიდან შეტანილი "ბუკიდან" გაშვებულმა საზენიტო რაკეტამ ჩამოაგდო და არა - უკრაინულმა მოიერიშე Су-25-მა თუ უცხოპლანეტელთა ხომალდმა, რის დამტკიცებასაც რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები ცდილობდნენ.

ასე დაბეჯითებით მტკიცების საფუძველი მას შემდეგ გაჩნდა, რაც გამომძიებლებმა თითქმის ზუსტად აღადგინეს საჰაერო ტრაგედიის ყველაზე მძიმე წამი - "ბოინგის" პილოტთა კაბინის სიახლოვეს საზენიტო რაკეტის აფეთქება. ამისთვის საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფს "ბუკის" საზენიტო რაკეტა სჭირდებოდა, რომელიც მათ გასაიდუმლოებული (რათა რუსულ სპეცსამსახურებს ხელი არ შეეშალათ) ოპერაციის შედეგად იშოვეს.

ოღონდ ეს რაკეტა საქართველოდან არ ჩაუტანიათ - თბილისიდან ამსტერდამში კონტეინერში ჩადებული საზენიტო რაკეტა 9М38М1 მხოლოდ 2017 წლის 23 თებერვალს ჩააფრინეს სამხედრო-სატრანსპორტო "ჰერკულესის" ბორტით.

საგამოძიებო ექსპერიმენტისთვის ფინელი მეზენიტეების გადაცემული რაკეტა გამოიყენეს. ფინეთის არმიაში "ბუკის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები 1997 წელს მიიღეს. საბჭოეთის დროინდელი ვალი კრემლმა ფინეთს "ბუკის" 18 დანადგარითა და 288 საზენიტო რაკეტით გადაუხადა.

საგამოძიებო ექსპერიმენტისას აფეთქებული "ბუკის" რაკეტის ათასობით ნამსხვრევი წრიულ ალუმინის ღობეს მოხვდა და ისეთივე ნაკვალევი დატოვა, როგორიც "ბოინგის" დიურალუმინის ფიუზელაჟში. დამაზიანებელი ელემენტებიც "ბოინგის" მგზავრების სხეულებიდან ამოღებულების იდენტური აღმოჩნდა...

ეს ექსპერიმენტი 2016 წლის 28 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი დასკვნის მთავარ დადასტურებად იქცა.

მიუხედავად ამისა, საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფს, ჩანს, ახალი ექსპერიმენტებისთვის კიდევ სჭირდება საზენიტო რაკეტების აფეთქება, ამიტომ დასახმარებლად, საქართველოს გარდა, უკრაინასაც მიმართა.

ჯერჯერობით უცნობია, ძვირად ღირებული საზენიტო რაკეტა, რომელიც ჩვენც ძალიან გვჭირდება ქართული ცის დასაცავად, ვაჩუქეთ ნიდერლანდებს, თუ მათ კომპენსაცია გადაგვიხადეს. მეორე მხრივ, საქართველო ვალდებული იყო, დახმარებოდა საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფს, რადგან გაეროს უშიშროების საბჭოს 2166-ე რეზოლუციით გაეროს წევრ ყველა ქვეყანას მიეთითა, დახმარებოდნენ გამოძიებას.

ქართული არმიის საზენიტო "ბუკი" უკრაინაში სამგზავრო "ბოინგის" ჩამოგდებასთან სხვაგვარადაც შეიძლება იყოს დაკავშირებული.

ჩვენ ადრეც გამოვთქვით ვარაუდი, რომ აგვისტოს ომის დროს სენაკის სამხედრო ბაზიდან რუსი სამხედროების მიერ ალაფად გატანილი "ბუკის" სამი დანადგარიდან ერთი - რადილოკატორით აღჭურვილი თვითმავალი საცეცხლე დანადგარი - შეიძლებოდა რუსეთიდან უკრაინაში ფარულად შეეტანათ და ამ საუკუნის დანაშაულის ჩასადენად გამოეყენებინათ.

ამ ეჭვის საფუძველი იყო რეალური ფაქტი - 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ფოთის სამხედრო პორტიდან რუსული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის წაღებული "გრომის" ტიპის გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებიდან ერთმა რაკეტამ 2014 წლის 18 მაისს უკრაინაში, დონბასში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში "ამოყვინთა". პრორუსი დივერსანტები მისი საშუალებით კრამატორსკის აეროდრომთან უკრაინული შვეულმფრენის ჩამოგდებას გეგმავდნენ, სანამ ისინი უკრაინულმა სპეცდანიშნულების რაზმმა არ გააუვნებლა.

დანამდვილებით არის ცნობილი, რომ სამგზავრო "ბოინგის" ჩამომგდები "ბუკის" დანადგარი ნაწილობრივ წაშლილი საბორტე ნომრით 332, ქ. კურსკში დისლოცირებულ რუსეთის არმიის 53-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადას ეკუთვნის. 2008 წელს საქართველოზე თავდასხმიდან 2014 წლამდე, როდესაც რუსული საბრძოლო დანაყოფები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, დიდმა დრომ განვლო იმისთვის, რომ საქართველოდან ალაფად წაღებული "ბუკების" ძვირად ღირებული დანადგარების რუსეთის არმიაში, თუნდაც კურსკის საზენიტო ბრიგადაში, ინტეგრირება მომხდარიყო.

მიუხედავად იმისა, რომ "ბუკის" სახელთან ასეთი საერთაშორისო ტრაგედიაა დაკავშირებული და არც ჩვენთვის არის საამაყო სამი "ბუკის" უბრძოლველად დათმობა, ერთმა ქართულმა "ბუკმა" მაინც გაამართლა ცნობილი ქართული ლექსის სტრიქონები: "ისე არ ამოწყდებიან, ჯავრი რომ სჭამონ მტრისანი!.." აგვისტოს ომის დროს ამ "ბუკის" ეკიპაჟმა ორი საზენიტო რაკეტით რუსების ქებული Ту-22М3 ტიპის რაკეტმზიდ-ბომბდამშენი ჩამოაგდო, რომელსაც NAთO-ს ადმირალებიც კი უფრთხიან და "ამერიკული ავიამზიდების მკვლელს" უწოდებენ. რუსული ასტონიანი ბომბდამშენი პირველივე საზენიტო რაკეტამ ააფეთქა, მეორემ კი - ბოლო მოუღო.