პუტინმა ნადირაძის რაკეტა ალფაიძის კოსმოდრომიდან თვითონ გაისროლა - კვირის პალიტრა

პუტინმა ნადირაძის რაკეტა ალფაიძის კოსმოდრომიდან თვითონ გაისროლა

ალექსანდრე ნადირაძის შექმნილი და გალაქტიონ ალფაიძის გამოცდილი "ტოპოლებით" კრემლი დღესაც ემუქრება აშშ-ს, რადგან კოსმოსური დაზვერვისთვის ძნელად აღმოსაჩენი მობილური დანადგარიდან გაშვებულ "ტოპოლის" 45-ტონიან ბალისტიკურ რაკეტას მაქსიმალურ 11 ათას კმ-ზე ერთი მეგატონი (ერთი მილიონი ტონა ტროტილის ეკვივალენტი ანუ ჰიროსიმაში აფეთქებულ ატომურ ბომბზე 50 ათასჯერ ძლიერი) სიმძლავრის ბირთვული ქობინი გადააქვს

გასაიდუმლოებული ქართველი კონსტრუქტორის, ალექსანდრე ნადირაძის მიერ 30 წლის წინ შექმნილმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურმა რაკეტა "ტოპოლმა" სტარტი რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ხელით აიღო, რითაც მსოფლიოს შეახსენა ზესახელმწიფოებრიობისაკენ რუსეთის მისწრაფება...

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 26 ოქტომბერს მთელ მსოფლიოს შეახსენა, რომ ისევ ზესახელმწიფოს ლიდერია - მან ოთხი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა დისტანციურად თვითონ გაუშვა.

ორმა ბალისტიკურმა რაკეტამ სტარტი წყნარი ოკეანის ფლოტის ატომური წყალქვეშა ნავიდან აიღო, ერთმა - ბარენცის ზღვიდან, მეოთხე ბალისტიკური რაკეტა რუსეთის პრეზიდენტმა არხანგელსკის ოლქიდან, პლესეცკის კოსმოდრომიდან გაუშვა.

ქართველი მკითხველისთვის საინტერესო სწორედ ეს მეოთხე სტარტი უნდა იყოს, რადგან ის უშუალოდ უკავშირდება ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც რაკეტისა და კოსმოდრომის შემქმნელები იყვნენ.

საბჭოთა პერიოდში ალექსანდრე ნადირაძისა და გალაქტიონ ალფაიძის სახელები არ ხმაურდებოდა, რადგან ისინი სრულიად საიდუმლო სტრატეგიული დანიშნულების ბირთვულქობინიან სარაკეტო სისტემას ქმნიდნენ და მის გამოცდას ხელმძღვანელობდნენ.

გორში დაბადებული ალექსანდრე ნადირაძის სახელი მჭიდროდ უკავშირდება საბჭოთა კავშირის სარაკეტო შეიარაღების გაძლიერებას - მისი საშუალო სიშორის, სამი ბირთვული ქობინით აღჭურვილი "პიონერის" რაკეტები შიშის ზარს სცემდა ევროპაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების დედაქალაქებს, ხოლო საკონტინენტთაშორისო "ტოპოლები" იქცა მსოფლიოში პირველ მობილურ სარაკეტო სისტემებად, რომელთა 45-ტონიანი რაკეტის ჩრდილოეთ ამერიკის მიმართულებით გაშვება კრემლს ურალისა თუ ციმბირის უღრანი ტყეებიდანაც შეეძლო, სადაც მას ამერიკული სადაზვერვო კოსმოსური თანამგზავრები ვერ აღმოაჩენდა.

სოფელ კურსების მცხოვრებნი ვერც წარმოიდგენდნენ, რომ მათი თანასოფლელი გალაქტიონ ალფაიძე არა მარტო გენერალ-ლეიტენანტი გახდებოდა, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლესეცკის კოსმოდრომის უფროსი იქნებოდა 12 წლის განმავლობაში.

სწორედ პლესეცკის კოსმოდრომზე ცდიდა მთავარი კონსტრუქტორი ალექსანდრე ნადირაძე თავის "პიონერებსა" და "ტემპებს", კოსმოდრომის უფროსი გალაქტიონ ალფაიძე კი მას ეხმარებოდა. ვინ იცის, იქნებ "პიონერებისა" და "ტემპების" გამოცდის სწრაფად და წარმატებულად დასრულება მათმა თანამემამულეობამაც განაპირობა.

მათ მეგობრობაზე ისიც მეტყველებს, რომ 1975 წლიდან, როდესაც გენერალმა ალფაიძემ დატოვა პლესეცკის კოსმოდრომის უფროსის თანამდებობა, "ტეპლოტეხნიკის" საიდუმლო ინსტიტუტის დირექტორმა და მთავარმა კონსტრუქტორმა ალექსანდრე ნადირაძემ ის თავის მოადგილედ წაიყვანა. ალფაიძე ნადირაძეს "ტოპოლების" საფრენოსნო გამოცდებში ეხმარებოდა.

დღეს რუსეთში ისევ ცდილობენ, ნადირაძისა და ალფაიძის სახელები არ ახსენონ, ოღონდ ამჯერად არა საიდუმლოს დაცვის, არამედ, ალბათ, მათი ქართველობის გამო, რადგან კრემლის მესვეურებს არ სურთ, გაიხსენონ, რომ ამერიკასთან სარაკეტო პარიტეტს ისევ ნადირაძე-ალფაიძის მიერ 30 წლის წინ შექმნილი "ტოპოლისა" და მისი მოდერნიზებული ბირთვულქობინიანი, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებით ინარჩუნებენ...

კარგი იქნებოდა ჩვენ, ქართველებს, არ დაგვვიწყებოდა ჩვენი თანამემამულეები, რომლებმაც მსოფლიო საბრძოლო შეიარაღების ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვეს. უნდა გვახსოვდეს, რომ თუკი აშშ-ში ცნობილი ავიაკონსტრუქტორები ალექსანდრე ქართველიშვილი და მიხეილ გრიგორაშვილი საქმიანობდნენ, "ცივი ომის" ფრონტის მეორე მხარეს, საბჭოთა კავშირში, ალექსანდრე ნადირაძე, გალაქტიონ ალფაიძე თუ გიორგი ბერიევი (ბერიაშვილი) არანაკლებ მნიშვნელოვანი საბრძოლო ტექნიკის ნიმუშების პროექტებს ქმნიდნენ...

პ.ს. ამ სტატიის ავტორი სამხედრო თემატიკის 50-მდე დოკუმენტური ფილმის ავტორიცაა, რომლებსაც ტელეკომპანია "საქართველო" 2007-2011 წლებში უჩვენებდა. მათ შორის იყო ფილმები ალექსანდრე ქართველიშვილის, მიხეილ გრიგორაშვილისა და ალექსანდრე ნადირაძის შესახებ. ასეთი ფილმები მანამდე არც ქართულ და არც ამერიკულ თუ რუსულ ტელესივრცეებში არ გამოჩენილა. ქართველიშვილსა და გრიგორაშვილზე შექმნილმა დოკუმენტურმა ფილმებმა მაყურებლის დიდი ინტერესი გამოიწვია, მაგრამ თავდაცვის სამინისტროს (რომელიც აკონტროლებდა ტელეკომპანია "საქართველოს") მაშინდელი ხელმძღვანელობის (2011 წ.) წარმომადგენელმა კატეგორიული უარი განაცხადა ალექსანდრე ნადირაძეზე შექმნილი დოკუმენტური ფილმის (რომელშიც მისი საიდუმლო საკონსტრუქტორო საქმიანობის გარდა, მოთხრობილი იყო თბილისში სტუმრობისა და კუკიაზე მშობლების საფლავების ძებნის შესახებ) ჩვენებაზე იმ მოტივით, რომ თურმე "ნადირაძე რუსებს უკეთებდა რაკეტებს..."

ირაკლი ალადაშვილი