"თავდაპირველად 39000 აშშ დოლარს ითხოვდნენ" - გონიოში დაკარგული მყვინთავის ოჯახისთვის თანხის გამოძალვის მცდელობის დეტალები - კვირის პალიტრა

"თავდაპირველად 39000 აშშ დოლარს ითხოვდნენ" - გონიოში დაკარგული მყვინთავის ოჯახისთვის თანხის გამოძალვის მცდელობის დეტალები

"4 წერილი მივიღეთ, სადაც ვითომდა ჩემი დაკარგული შვილი გვწერდა, რომ თურქეთში იმყოფებოდა და სასწრაფოდ ესაჭიროებოდა თანხა"

2016 წლის 16 აგვისტოს, გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნის დროს, ორი სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი გაუჩინარდნენ. სამხედროების პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

"ინტერპრესნიუსისთვის" დღეს გახდა ცნობილი, რომ გონიოში, ზღვაში, ერთი წლის წინ, წვრთვნების დროს გაუჩინარებული მყვინთავების ოჯახებისთვის თაღლითური ჯგუფი მოტყუებით ფულის გამოძალვას ცდილობდა. (იხილეთ: ვინ და როგორ ცდილობდა გონიოში დაკარგული მყვინთავების ოჯახებისთვის ფულის გამოძალვას?)

გონიოში, წვრთნების დროს გაუჩინარებული I კლასის რიგითის, გიორგი ნანეტაშვილის ოჯახი მათთვის თანხის გამოძალვის მცდელობის დეტალებზე საუბრობს.

"ინტერპრესნიუსი" ცოტა ხნის წინ გიორგი ნანეტაშვილის მშობლებს - გელა და სესილი ნანეტაშვილებს ესაუბრა, რომლებიც ქარელის რაიონის სოფელ რუისში ცხოვრობენ.

"ტელეფონზე არ რეკავდნენ, წერილები მოდიოდა ჩემი მამიდის სახლში, რომელიც თბილისში ცხოვრობს. წერილები კურიერს მიჰქონდა. სულ 4 წერილი მივიღეთ, სადაც ვითომდა ჩემი დაკარგული შვილი გვწერდა, რომ თურქეთში იმყოფებოდა და სასწრაფოდ ესაჭიროებოდა თანხა. წერილები თურქეთიდან იყო გამოგზავნილი",- განაცხადა გელა ნანეტაშვილმა.

დაკარგული ჯარისკაცის დედის, სესილი ნანეტაშვილი თქმით კი, გამომძალველთაგან ერთ-ერთს პირადად შეხვდა.

"თავდაპირველად 39 000 აშშ დოლარს ითხოვდნენ, მეორე წერილში -27 000 დოლარს... ამ წერილების მიღებისთანავე დავუკავშირდით შესაბამის უწყებებს და მათთან შეთანხმებით ვმოქმედებდით. წერილის გამომგზავნს ვუთხარით, რომ ამხელა თანხა არ გვქონდა, ბოლო წერილში კი, ვითომდა ჩემი შვილი მწერდა, რომ რაც გვქონდა, ის თანხა ჩაგვერიცხა... ჩარიცხვა რომ არ მოხდა, შემდეგ გამოვიდნენ კონტაქტზე და ვითომდა შუამავალი შემხვდა კიდეც... უმძიმესი იყო ეს ყველაფერი", - აღნიშნა დაკარგული სამხედროს დედამ.

ოჯახის ინფორმაციით, თაღლითობის ბრალდებით დაკავებულთაგან ერთი ოზურგეთელია, ერთი ჭიათურელი, ერთი კი თბილისელი.

"სასამართლო პროცესზე ჩვენც გამოგვიძახეს. ვიყავით და მომხდარზე ვისაუბრეთ. არცერთ ბრალდებულს არ ვიცნობდით, არასდროს გვინახავს ეს ადამიანები ადრე", - განაცხადა დაკარგული გიორგი ნანეტაშვილის დედამ.

"ინტერპრესნიუსი"