ტოტალური თავდაცვა - რას ნიშნავს ის საქართველოს უსაფრთხოებისთვის - კვირის პალიტრა

ტოტალური თავდაცვა - რას ნიშნავს ის საქართველოს უსაფრთხოებისთვის

საქართველოს ხელისუფლება ემზადება ტოტალური თავდაცვის სქემის ასამოქმედებლად, როდესაც ქვეყნის უსაფრთხოების დამცველი თითოეული მოქალაქე უნდა გახდეს...

საქართველოსთვის საფრთხე არ იკლებს. ქვეყნის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები უსაფრთხოების გარანტიას არ იძლევა. საქართველო, მიუხედავად დიდი მონდომებისა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრული წევრი ვერ გახდა და მის "თავდაცვის ქოლგას" თავი ვერ შეაფარა; არც ის ვიცით, როდის მოხდება ეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობები აგვისტოს ომის წინა პერიოდთან შედარებით არ გაზრდილა, შეიძლება პირიქით, შემცირდა კიდეც. სამაგიეროდ, ჩვენი ყველაზე რეალური მოწინააღმდეგის - რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალა ჩრდილოეთ კავკასიაში 2008 წელთან შედარებით გაძლიერდა; ამასთან, აგვისტოს ომის შედეგებიდან გამომდინარე, კრემლს საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონში ორი სამხედრო პლაცდარმი აქვს, რაც მას, სამხედრო აგრესიის გაგრძელების შემთხვევაში, წარმატების შანსს გაუზრდის.

დიდი ხანია, არავისთვის დასამალი არ არის, რომ რუსული სამხედრო აგრესიის განახლებისას საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და სხვა პარამილიტარული ძალების მთავარი ამოცანა იქნება, რაც შეიძლება მეტხანს - ერთი კვირა მაინც - შეაჩერონ შეტევაზე გადმოსული მოწინააღმდეგე და არ დაუთმონ ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები, მათ შორის - დედაქალაქი თბილისი, რათა გაეროს უშიშროების საბჭომ და ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა პოლიტიკური ზეწოლით შეძლონ აგრესორის შეჩერება.

სხვა საქმეა, რეალურია თუ არა მათ იმედად ყოფნა, მაგრამ იმედია, ეჭვი არავის ეპარება, რომ საქართველომ თავისი ისედაც დარღვეული ტერიტორიული მთლიანობისთვის უნდა იბრძოლოს.

თუმცა შესაძლებელია, რომ დღევანდელმა ქართულმა არმიამ, თუნდაც სხვა ნახევრად გასამხედროებული დანაყოფების დახმარებით, მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი და ამასთანავე, ყველაზე აგრესიული ქვეყნის სამხედრო შეტევის შეკავება შეძლოს?

საქართველოს ხელისუფლება და უპირველესად, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა, ამზადებს ახალ კონცეფციას ტოტალური თავდაცვის სახელით, რომელიც ქვეყნის თავდაცვისთვის ბრძოლაში, სამხედროების გარდა, თითოეული მოქალაქის პოტენციალის გამოყენებას გულისხმობს.

რამდენიმე თვის წინ თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ოფიციალური ვიზიტით შვედეთს, ფინეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს - ლატვიას, ლიტვასა და ესტონეთს ესტუმრა, სადაც სწორედ ტოტალური თავდაცვის იქაური მოდელები განიხილეს. მოგვიანებით ბათუმში გამართულ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე ამ საკითხზე მსჯელობას სპეციალური სესია დაეთმო. გასულ კვირას თბილისში ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა თავის ქართველ კოლეგებს წაუკითხა ლექცია ტოტალური თავდაცვისა და ჰიბრიდული ომების წარმოების შესახებ.

შეიძლება გაჩნდეს კითხვა: ბალტიისპირეთის ამ სამ ქვეყანას რისი ეშინია, ისინი ხომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები არიან? ამასთან დაკავშირებით ერთ ამბავს გავიხსენებ: აგვისტოს ომის შემდეგ, 2008 წლის ბოლოს, ამ სტატიის ავტორს ლატვიაში, რიგაში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ეგიდით გამართულ კონფერენციაში მოუწია მონაწილეობის მიღებამ. ბუნებრივია, ჩვენს იქაურ მეგობრებს აინტერესებდათ აგვისტოს ომის დეტალები, რადგან თვითონაც ელოდნენ რუსულ სამხედრო აგრესიას. მეგობრულ საუბარში ერთ-ერთმა ლატვიელმა მაღალჩინოსანმა სამხედრომ მითხრა: "თქვენ, ქართველებმა, ვერ გამოიყენეთ ბუნებით ნაბოძები, რუსული სამხედრო აგრესიისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება - კავკასიის ქედი და ჩვენ რაღა ვქნათ, რუსული ტანკები დილით ჩვენს აღმოსავლეთ საზღვართან რომ დაქოქონ, საღამოს ბალტიის ზღვის სანაპიროზე გავლენ." კი, მაგრამ თქვენ ხომ ალიანსის წევრები ხართ, ისინი ვალდებული არიან, დაგიცვან-მეთქი. გერმანიიდან ჯავშანსატანკო ბატალიონის გადმოსროლას ერთი კვირაც შეიძლება დასჭირდეს, ამიტომ, უპირველესად, საკუთარი თავის იმედად უნდა ვიყოთო, მიპასუხა.

მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, განსაკუთრებით - ყირიმის ანექსიისა და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ბრძოლების დაწყების შემდეგ. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თითქოს გამოფხიზლდა და დაიწყო თავისი სამხედრო პოტენციალის გაზრდა აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ნატოს წევრ ქვეყნებში, მაგრამ ლატვიაში, ლიტვასა და ესტონეთში ტოტალური თავდაცვისთვის მაინც ემზადებიან, რაც თითოეული მოქალაქის მიერ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის თავისი წილის გაღებას ნიშნავს.

2008 წლის აგვისტოს ომის წინ ქართული არმია თავისი შეიარაღებით მნიშვნელოვნად აღემატებოდა ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის არმიებს ერთად, როგორც საბრძოლო ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებების, ისე - არტილერიისა და განსაკუთრებით ჯავშანტექნიკის (ბალტიისპირელებს ერთი ძველი ტანკი ჰყავდათ, რომელსაც სწავლებების დროს ერთმანეთს ათხოვებდნენ ხოლმე) რაოდენობით, მაგრამ, ამის მიუხედავად, საბრძოლო მოქმედებები ოთხ-ხუთ დღეში შევწყვიტეთ.

აგვისტოს ომის დროს არ გვქონდა ტოტალური თავდაცვის ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი - ტერიტორიული თავდაცვა და პარტიზანული ბრძოლის ელემენტები.

ტერიტორიული თავდაცვის საუკეთესო მაგალითი იქნებოდა "ორი ხეობის" დაცვის პრინციპის ამოქმედება - ზემო სვანეთში კოდორის ხეობასა და ცხინვალთან, თამარაშენი-კეხვის მონაკვეთში, პატარა ლიახვის ხეობას, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ადგილობრივი მოსახლეობა კბილებით იცავდა, რისი თვითმხილველი და მონაწილეც არაერთხელ ვყოფილვარ.

აგვისტოს ომის დროს ეს ორივე ხეობა, სამწუხაროდ, ორიოდე დღეში დაეცა, მიუხედავად იმისა, რომ გამაგრებული იყო (განსაკუთრებით - კოდორის ხეობა) და მათ არმიისა და პოლიციის არცთუ მცირერიცხოვანი დანაყოფები იცავდნენ.

ამ ხეობების სამარცხვინოდ დატოვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ის გახლდათ, რომ არ ფუნქციონირებდა ტერიტორიული თავდაცვის ელემენტი - ადგილობრივი მოსახლეობა თითქმის არ იყო ჩართული საკუთარი კარ-მიდამოს დაცვაში. გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ ტერიტორიული თავდაცვის სქემის ამოქმედების შემთხვევაში კოდორელები და თამარაშენელები უკეთ დაიცავდნენ თავიანთ სახლებს, ვიდრე თბილისიდან ჩასულები.

პარტიზანული მოძრაობა ასიმეტრიული ომის ისტორიული შემადგენელი ნაწილია, როდესაც ძლიერ მტერს ებრძვი ტაქტიკით - მოულოდნელი თავდასხმა-უკან დახევა.

რუსეთის არმიასთან თანასწორ ომს ფრონტის ხაზის შექმნით ქართული არმია ვერ შეძლებს - ეს სამწუხაროა, მაგრამ სიმართლეა.

მეორე მხრივ, ტოტალური თავდაცვის ელემენტების გამოყენებით შეიძლება ძლიერი მომხდურის დროებით შეკავება საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის ამოქმედებამდე. Mმაგრამ ტოტალური თავდაცვისთვის ქვეყანა მშვიდობიანობის დროს უნდა ემზადოს. უნდა დაიწყოს რეზერვის მომზადება, მობილიზაციის გეგმის შედგენა, სტრატეგიული მარაგების შექმნა, პარტიზანული მოქმედების ტაქტიკის დამუშავება და საიდუმლო პარტიზანული სამალავების მოწყობა, საინჟინრო საშუალებებით მოწინააღმდეგის წინსვლის შეყოვნების გეგმების შედგენა, ბომბსაფრების აღდგენა და ახლების შექმნა, მოსახლეობის ფსიქოლოგიური მომზადება კრიზისებისთვის და საინფორმაციო ომის ნიუანსებში გარკვევა, რათა მოწინააღმდეგის სპეცპროპაგანდის მსხვერპლნი არ გახდნენ.

ტოტალური თავდაცვა ადვილი არ არის. პარტიზანული თავდასხმებით გაბოროტებული მტერი ომის ელემენტარულ კანონებსაც კი აღარ იცავს და ჯავრს ხშირად მშვიდობიან მოსახლეობაზე იყრის - მინახავს, რას დაამსგავსეს ქალაქი გროზნო ჩეჩნეთის პირველი ომის დროს რუსულმა ბომბდამშენებმა, არტილერიამ და ტანკებმა იმის გამო, რომ ჩეჩნები პარტიზანულ თავდასხმებს არ წყვეტდნენ. რა თქმა უნდა, ქართულ ქალაქებში ასეთი საშინელების ხილვა არავის უნდა, მაგრამ...

ტოტალური თავდაცვა მთელი ქვეყნის საქმეა - ხელისუფლებისაც და უბრალო მოქალაქისაც. აქ პოზიცია - მე გადასახადს ვიხდი და კეთილი ინებეთ, ქვეყანა თქვენ დაიცავითო, არ გამოგვადგება. თუკი სამშობლო გიყვარს, ვალდებული ხარ, მისთვის ბევრი რამ გაიღო, მიუხედავად იმისა, როგორ ექცევა ხელისუფლება თავის მოქალაქეებს. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, საქართველო კი რჩება, იმედია - ტერიტორიებაღდგენილი...

ტოტალური თავდაცვის ესტონური მოდელი

ესტონელების მიერ შექმნილი ტოტალური თავდაცვის კონცეფცია ითვალისწინებს სახელმწიფო სტრუქტურების, თავდაცვითი ძალების, თვითმმართველობის ორგანოების, მოსახლეობის სულიერი, ფიზიკური, ეკონომიკური და სხვა პოტენციალის სრულ მზადყოფნას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად და ნაციის გადასარჩენად.

ესტონელები განიხილავენ ტოტალური თავდაცვის ხუთ კომპონენტს: ფსიქოლოგიურს, სამოქალაქოს, ეკონომიკურს, სამხედროსა და სამოქალაქო მზადყოფნას.

ფსიქოლოგიური თავდაცვა - ეს არის მოსახლეობის ფსიქოლოგიური მომზადება სამშობლოს დასაცავად, მიუხედავად იმისა, რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს სავარაუდო მოწინააღმდეგე. ამ მიმართულებით მოქალაქეების მენტალიტეტის ჩამოყალიბება სკოლის მერხიდან უნდა დაიწყოს, რათა ისინი დემოკრატიულ ქვეყანაში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი სულით გაიზარდონ.

სამოქალაქო თავდაცვა - მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მინიმალურ დონეზე მაინც მოწინააღმდეგის საავიაციო და საარტილერიო დაბომბვების, ასევე სახმელეთო და საზღვაო შეტევების დროს, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა, სამედიცინო დახმარების სისტემის გამართულად მუშაობა, საკვები პროდუქტებით მოსახლეობის მომარაგება, იძულებით გადაადგილებულების განთავსება და ა.შ.

ეკონომიკური თავდაცვა - ომის დროს ქვეყნის ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება საბრძოლო მოქმედებების მატერიალური უზრუნველყოფისა და მოსახლეობისთვის პირველადი აუცილებლობის პროდუქტით მომარაგებისთვის. ამისთვის აუცილებელია მშვიდობიან პერიოდში სტრატეგიული მარაგის შექმნა.

სამოქალაქო მზადყოფნა - საზოგადოების მომზადება კრიზისისა და ომის პერიოდისთვის, რათა მოქალაქეებმა იცოდნენ, როგორ მოიქცნენ რთულ შემთხვევაში.

სამხედრო თავდაცვა - ტოტალური თავდაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ძლიერი აგრესორის ძალის გამოყენებით შეჩერებას ითვალისწინებს მანამდე მაინც, სანამ უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემა ამოქმედდება.

ირაკლი ალადაშვილი