"შავი ხვრელი" საქართველოს კოსიგინთან საქმის ჩაწყობით გაუთხარეს(!) - კვირის პალიტრა

"შავი ხვრელი" საქართველოს კოსიგინთან საქმის ჩაწყობით გაუთხარეს(!)

როკის სამანქანო გვირაბი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში შავ ფურცლად შევა, რომელმაც მნიშვნელოვნად დაარღვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ერთიანობა.

სოხუმელი სეპარატისტებისგან განსხვავებით, ათწლეულების განმავლობაში ცხინვალსა და ჯავაში მზარდ სეპარატიზმს არ ჰქონდა პირდაპირი დამაკავშირებელი გზა "უფროს ძმასთან" - რუსეთთან მანამ, სანამ 1986 წელს როკის გვირაბი არ გაიხსნა.

დააკვირდით, ეს სწორედ ის წლებია, როდესაც საბჭოთა კავშირში "პერესტროიკა" გამოცხადდა და რამდენიმე რესპუბლიკაში დაიწყო აქტიური მოქმედებები თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის.

ბალტიის სამივე რესპუბლიკისგან განსხვავებით, კავკასიის ქედი ერთგვარი ბუნებრივი ზღუდე გახლდათ ჩრდილოელი მეზობლის "დიდი სიყვარულისგან" თავის დასაცავად.

მაგრამ რად გინდათ - ამ ზღუდეში ჩვენივე ხელით გავჭერით "ხვრელი", "შავი ხვრელი", რომელმაც როკის გვირაბის სახით უდიდესი უარყოფითი როლი შეასრულა საქართველოს დამოუკიდებლობის ჩამოყალიბებისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში 1990 წლიდან 2008 წლის აგვისტომდე და დღემდეც.

როკის გვირაბის გაჭრის ისტორია მოვაყოლეთ დამსახურებულ მშენებელს, ბ-ნ გივი ნიკოლაიშვილს. ის მაშინ "თბილგვირაბმშენში" მუშაობდა, ხელმძღვანელობდა #15 სამშენებლო რაზმს, რომელსაც ჩრდილოეთიდან გამოჰყავდა გვირაბის ნაწილი.

ბ-ნმა გივიმ ძალზე საინტერესო ამბები გაგვაცნო. როგორც ირკვევა, კავკასიონზე რუსეთიდან საქართველოსკენ გვირაბის გაყვანის ორი პროექტი არსებობდა. პირველის თანახმად, მამისონის უღელტეხილზე დაახლოებით 7 კმ-იანი გვირაბი უნდა გაეჭრათ. აქ უკეთესი ბუნებრივი პირობები იყო, გასასვლელებიც - უფრო უსაფრთხო; ამიტომ გვირაბის გაჭრა შედარებით იოლი გახლდათ.

მეორე პროექტის მიხედვით, გვირაბის გაყვანა როკის უღელტეხილზე იყო დაგეგმილი, სადაც რთული ბუნებრივი პირობებია. ზამთარში ჩრდილო ოსეთის ტერიტორიაზე გვირაბამდე 8 კმ-იან გზაზე 100-ზე მეტი ზვავი ჩამოდის.

ლოგიკურად - გვირაბი მამისონის უღელტეხილზე უნდა გაეჭრათ, მაგრამ საქმეში პირადი ნაცნობობა ჩაერია. მაშინდელი სკკპ ჩრდილო ოსეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი ბილარ კაბალოევი თურმე საგანგებოდ შეხვდა ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის სარდალს, ასევე ოსი ეროვნების არმიის გენერალ ისა პლიევს და, სავარაუდოდ, ჩრდილოეთით და სამხრეთით მცხოვრები ოსი ხალხის გასაერთიანებლად, სთხოვა, მოსკოვისთვის ერჩია, მამისონის ნაცვლად როკის ვარიანტი დაემტკიცებინათ.

გენერალი პლიევი, რომელიც ომის გმირად ითვლებოდა და კრემლში დიდი ნაცნობობა ჰყავდა, მაშინდელი სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს კოსიგინს ეახლა...

შედეგმაც არ დააყოვნა - მოსკოვმა ბრძანება გასცა, გვირაბი გაეჭრათ არა მამისონზე, არამედ როკის უღელტეხილზე.

როკზე სამანქანო გვირაბის გაჭრა ჯერ კიდევ ლენინის სიცოცხლეში იგეგმებოდა. არსებობდა ასევე ოსი ეროვნების ინჟინრის რუტენ გაგლოევის პროექტი, რომელშიც აღწერილი იყო 5,5 კმ სიგრძის გვირაბის ტექნიკური პარამეტრები. მეტიც, 1930 წელს საქართველოს ტერიტორიიდან დაწყებულიც ყოფილა სამხრეთ პორტალის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები.

რა შენიღბული ჩანაფიქრი იყო ჩადებული კავკასიონის ქედზე გვირაბის გაჭრაში და თანაც მაინცდამაინც როკის უღელტეხილის ქვეშ და არა მამისონზე, მაშინდელი საქართველოს ხელისუფლებაც ხვდებოდა. 1972 წელს საქართველოს კომპარტიის პირველ მდივანს ვასილ მჟავანაძეს როკის გვირაბის მშენებლობის საწინააღმდეგო წერილიც გაუგზავნია მოსკოვში, მაგრამ ამან სასურველი შედეგი არ გამოიღო.

"სოიუზდორპროექტმა" გადაამუშავა რუტენ გაგლოევის 1920-იანი წლების პროექტი და გასაჭრელი გვირაბის ადგილის გადატანით თავად გვირაბის სიგრძე 5,5კმ-დან 3,66კმ-მდე შეამცირა.

საინტერესო კი ისაა, რომ როკის გვირაბის გაჭრა "თბილგვირაბმშენს" დაევალა, ანუ მომავალი დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საფრთხე - როკის გვირაბი, ძირითადად ისევ ქართველი ინჟინრებისა და მუშების ხელით გაიჭრა!

1975 წელს "თბილგვირაბმშენის" მე-13 რაზმმა მუშაობა სამხრეთის მიმართულებიდან, ხოლო 1976 წელს #15 რაზმმა - ჩრდილოეთიდან დაიწყო. მძიმე და შეუწყვეტელი სამუშაოების შედეგად 1983 წელს სამხრეთი და ჩრდილოეთი გვირაბები შეერთდა.

ამასთან დაკავშირებით ბ-ნი გივი ნიკოლაიშვილი იხსენებს, - საზეიმო მიტინგზე ჩრდილო ოსეთის წარმომადგენლები ემოციებს არ ერიდებოდნენ და გულწრფელად ლაპარაკობდნენ იმ გულთბილ დამოკიდებულებაზე, რაც ქართველებმა ოსების მიმართ გამოხატეს, არც იმის აღნიშვნა დავიწყებიათ, რომ 1725 წელს, კაზაკებისგან შევიწროებულმა მრავალმა ოსმა საქართველოში პოვა თავშესაფარი და მეორე სამშობლო.

მიტინგზე სიტყვით მეც გამოვედი და ვთქვი, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის გაერთიანების სურვილის შემთხვევაში გვირაბს შეიძლება დიდი უსიამოვნება გამოეწვია. ამაზე ჩრდილო ოსეთის კომპარტიის საოლქო კომიტეტის პირველმა მდივანმა კაბალოევმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, ასეთი რამ არასოდეს მოხდება, რადგან სამხრეთი ოსეთი საქართველოს მიწაზეაო.

კიდევ სამი წელი დასჭირდა გვირაბის კეთილმოწყობასა და საექსპლუატაციოდ მომზადებას. როკის გვირაბი ოფიციალურად 1986 წელს გაიხსნა და ჩანს, მაშინვე გახდა მზარდი სეპარატისტული მოძრაობის მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი.

უკვე აშენებული გვირაბის თუნდ დროებით მწყობრიდან გამოყვანა, რომ ჩრდილო კავკასიიდან ათასი ჯურის შეიარაღებულ დაქირავებულ პირს ჯავასა და ცხინვალში არ შემოეღწია, ურთულესი ამოცანა აღმოჩნდა.

გივი ნიკოლაიშვილი იხსენებს, რომ 1990 წლის დეკემბრის ბოლოს, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს, მას უშიშროებამ გვირაბის აფეთქებაში დახმარება სთხოვა. ცხინვალში ჩასულებმა კი გაარკვიეს, რომ ამ სპეცოპერაციის დამგეგმავები ნაკლებად ერკვეოდნენ რეალობაში და საუკეთესო ცემენტით აშენებული გვირაბის აფეთქებას თურმე "ლიმონკებით" აპირებდნენ. სანამ მათ სპეციალისტები აუხსნიდნენ გვირაბის კონსტრუქციულ თავისებურებებს და უფრო საფუძვლიანად მომზადების აუცილებლობას, ინფორმაცია მოუვიდათ, რომ გვირაბს უკვე ჩრდილოკავკასიელი "ბოევიკები" აკონტროლებდნენ და სამხრეთ პორტალთან უკვე  დაცვის პოსტები ჰქონდათ...

მას შემდეგ როკის გვირაბს მუდმივად იცავენ. 2008 წლის აგვისტოს ომამდე კი გვირაბის სამხრეთ პორტალთან განთავსდა რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საზენიტო საშუალებებიც.

მოსკოვში სერიოზულად ეშინოდათ, რომ როკის გვირაბის მწყობრიდან გამოყვანის შემთხვევაში მათი საოკუპაციო ჯარების გადმოსროლას დიდი პრობლემები შეექმნებოდა.

ქართულ მხარეს არავითარი სერიოზული მცდელობა არ ჰქონია, ჩაეკეტა როკის გვირაბი, საიდანაც უწყვეტ ნაკადად შემოდიოდა რუსული ჯავშანკოლონა. გვირაბში რუსული ტანკებისა და ჯავშანმანქანების გადაადგილების თუნდაც ერთი საათით შეფერხება შეიძლება დამღუპველი გამხდარიყო რუსული ჯავშანტექნიკის ეკიპაჟებისთვის, რადგან გვირაბში დატანებული სავენტილაციო სისტემა არ ფუნქციონირებდა და გამონაბოლქვი გაზები მასობრივ ხუთვას გამოიწვევდა.

აგვისტოს ომის შემდგომ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები აცხადებდნენ, ქართულ ავიაციას არ ჰქონდა შეიარაღებაში ისეთი ბომბები და რაკეტები, რომლებიც როკის გვირაბს ააფეთქებდაო.

ამისათვის აუცილებელი არ იყო როკის გვირაბის აფეთქება. ქართულ ავიაციასა და შორსმსროლელ არტილერიას შეეძლოთ "ემუშავათ" როკის გვირაბის სამხრეთ პორტალიდან გამომავალ გზაზე და უღელტეხილის ფერდობებზე, მათი ჩამოშლის შემდეგ ჯავისა და ცხინვალისკენ მომავალი გზა დროებით მაინც ჩაიკეტებოდა...

ნურც ის გვეგონება, რომ როკის გვირაბი აუღებელი ციხესიმაგრეა. თვით გვირაბში არის რამდენიმე სუსტი ადგილი, რომლებიც კარგად მოეხსენებათ სპეციალისტებს. შესაბამისი მოქმედებით სასურველი შედეგის მიღწევაც შეიძლება...

დღეს როკის გვირაბის ჩაკეტვა-არჩაკეტვაზე საუბარი დაგვიანებულია და მწარე რეალობას ნაკლებად შეცვლის.

ზოგიერთს შეიძლება არც მოსწონდეს აზრი გვირაბის აფეთქებისა, მაგრამ ისიც ხომ სიმართლეა, რომ სწორედ როკის გვირაბმა "ააფეთქა" საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა...

P.S. როკის გვირაბთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება მკითხველს შეუძლია სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალის" ახალ ნომერში, რომელიც 11 ივნისს გამოვა.