"თავისუფლების ფლოტილია" ისრაელმა აბორდაჟზე აიყვანა - კვირის პალიტრა

"თავისუფლების ფლოტილია" ისრაელმა აბორდაჟზე აიყვანა

ღაზის სექტორისა და სეპარატისტული აფხაზეთის სანაპიროები წლების განმავლობაში იარაღის კონტრაბანდისთვის გამოიყენებოდა

ღაზის სექტორში ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფებები, მათ შორის "ჰამასი", მუდმივად ცდილობდნენ, ნავებითა და კატარღებით იარაღისა და უმართავი რაკეტების შეტანას, რომლებსაც შემდგომ ღაზიდან უახლოეს ებრაულ ქალაქებს ესროდნენ.

1992 წლის აგვისტო-სექტემბერში, როდესაც აფხაზეთის ომი ახალი დაწყებული იყო, გაგრასა და განთიადში გადასხმულ ქართულ დესანტს გადაკეტილი ჰქონდა გუდაუთა-სოჭის საავტომობილო გზა. ამიტომაც სეპარატისტები იმ კატარღებითა და ბარჟებით იღებდნენ შეიარაღებას, რომლებიც რუსეთის ნოვოროსიისკიდან გამოდიოდნენ და გუდაუთის სანაპიროსთან ჩამოიტვირთებოდნენ. ასე გაგრძელდა 1992 წლის 5-6 ოქტომბრამდე, სანამ რუსებისა და ჩრდილოკავკასიელების დახმარებით სეპარატისტებმა ფსოუმდე სახმელეთო გზა არ გახსნეს.

მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო საზღვაო ბლოკადა, რათა გუდაუთიდან ალყაში მოქცეული სეპარატისტებისთვის დამატებითი შეიარაღება არ შეეტანათ.

სამწუხაროდ, ოფიციალურმა თბილისმა სეპარატისტული აფხაზეთის სანაპიროს ბლოკირება ვერც შემდგომ წლებში მოახერხა, თუმცა კი სცადა, მით უფრო აგვისტოს ომამდე. ჯერ კიდევ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, 1996 წელს გამოცემული ბრძანება აფხაზეთის სანაპიროს მიმდებარე საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ღია ნაოსნობისთვის დახურულად აცხადებდა.

სეპარატისტული რეჟიმის მიერ კონტროლირებად სოხუმისა თუ ოჩამჩირის პორტებში მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთულ გემებს შეეძლოთ შესვლა, ისიც მას შემდეგ, თუ მათ ბათუმის ან ფოთის პორტების აკვატორიაში ქართველი მესაზღვრეები შეამოწმებდნენ.

თითქმის ანალოგიური სიტუაციაა შექმნილი ღაზის სექტორში, რომელიც ისრაელის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და სამხრეთით ეგვიპტეს ესაზღვრება, ხოლო დასავლეთით - ხმელთაშუა ზღვაში გადის.

ღაზის სექტორიდან რაკეტებით სისტემატურად ესხმიან თავს ისრაელის სამხრეთ ნაწილის დასახლებულ პუნქტებს. ამიტომაც ოფიციალური თელ-ავივი ყველა ღონეს ხმარობს ღაზის სექტორთან საზღვრების საიმედოდ ჩასაკეტად, რომ რადიკალურმა "ჰამასმა" რამენაირად რაკეტები არ შეიტანოს ღაზაში.

ამ მხრივ, ისრაელის შესაძლებლობები ბევრად უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე თავის დროზე თბილისის მიერ სეპარატისტული აფხაზეთის სანაპიროს გაკონტროლების მცდელობა. ამასთან, ისრაელის სპეცსამსახურებსა და არმიას ბევრად ნაკლები სიგრძის გაკონტროლება უწევთ ღაზის სექტორის გარშემო, ვიდრე ეს სეპარატისტული აფხაზეთის შემთხვევაში იყო.

მდ. ფსოუდან ენგურამდე სეპარატისტული სოხუმის მიერ კონტროლირებადი სანაპირო ზოლის სიგრძე 185 კმ-ს აღწევს, ღაზის სექტორის სანაპირო ზოლი სამჯერ ნაკლებია და 50 კმ თუ იქნება.

ეგვიპტესთან სახმელეთო საზღვარი კიდევ უფრო მცირეა - 15 კმ-ს არ აღემატება. "ჰამასი" მუდმივად ცდილობს, ეგვიპტის საზღვრის ქვეშ გვირაბები გაიყვანოს, თუმცა ისრაელის სპეცსამსახურები და ავიაცია ასევე მუდმივად "ნადირობენ" ამ მიწისქვეშა გვირაბებზე და მათ აღმოჩენისთანავე აფეთქებენ.

აი, ასეთი სიტუაცია იყო შექმნილი ღაზის სექტორში. მას მსოფლიო საზოგადოებრიობა უკვე შედარებით ნაკლებ ყურადღებას აქცევდა მანამ, სანამ 31 მაისს ტრაგედია არ დატრიალდა.

მაისის ბოლოს ევროპელმა უფლებადამცველებმა ღაზის სექტორისკენ გაგზავნეს "თავისუფლების ფლოტილია", რომელსაც იქ ჰუმანიტარული ტვირთი უნდა შეეტანა. ეს მეცხრე "თავისუფლების ფლოტილია" გახლდათ. გასულ წლებში ხუთი ასეთი აქცია შედეგიანი იყო და გემებმა ღაზის სექტორში შეაღწიეს.

ამჯერად ისრაელის ხელისუფლება კომპრომისზე არ წავიდა და ევროპელ უფლებადამცველთა "თავისუფლების ფლოტილიის" გემების შესაჩერებლად სამხედრო ხომალდები და კატარღები გაგზავნა.

თავიდან "თავისუფლების ფლოტილიაში" 9 გემი შედიოდა, მაგრამ გადაცურვის დროს სამი მათგანი გაფუჭდა და კვიპროსის ერთ-ერთ პორტში შესაკეთებლად შეჩერდა.

ღაზის სექტორთან 56 კმ-ში მიახლოებული დანარჩენი 6 გემი ისრაელის ხომალდებმა ალყაში მოაქციეს და მათზე კატარღებიდან და შვეულმფრენებიდან ებრაელი მედესანტეები გადასხდნენ.

ყველაფერი მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად დამთავრდებოდა, რომ არა სისხლიანი შეტაკება, რომელიც "თავისუფლების ფლოტილიაში" შემავალ თურქულ გემზე მოხდა, რასაც, სხვადასხვა მონაცემით, 9-დან 19-მდე ადამიანი შეეწირა.

ამ საზღვაო გადასვლისას, ორგანიზატორების მტკიცებით, გემზე ასულმა ებრაელმა მედესანტეებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მგზავრებს. თელ-ავივი კი ირწმუნება, რომ გემის მგზავრები ცივი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი, თავს დაესხნენ გემზე ასულ მედესანტეებს, წაართვეს ორი პისტოლეტი და ორმხრივი სროლაც ატყდაო...

როგორიც უნდა იყოს სიმართლე, ფაქტია, რომ ისრაელის საერთაშორისო იმიჯი მნიშვნელოვნად შეილახა და გაერო მოითხოვს საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას, რასაც თელ-ავივი ჯერჯერობით არ ეთანხმება და საპასუხოდ აცხადებს, რომ ერაყსა და ავღანეთში ამერიკელი თუ ბრიტანელი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს ეს ქვეყნები იძიებენ და არა საერთაშორისო სასამართლო.

31 მაისის საზღვაო ინციდენტის შედეგად ისრაელმა კიდევ უფრო მეტი დარტყმა განიცადა - მისი ურთიერთობა თურქეთთთან მნიშვნელოვნად გაუარესდა. დღემდე ისრაელსა და თურქეთს მშვენიერი თანამშრომლობა ჰქონდათ პოლიტიკურ და განსაკუთრებით სამხედრო სფეროში. სხვა თუ არაფერი, ებრაელი პილოტები თურქეთის საჰაერო სივრცეში გადიოდნენ მომზადებას, ანკარა ინტენსიურად ყიდულობდა ისრაელის წარმოების შეიარაღებას.

თურქეთი იყო ერთ-ერთი გამონაკლისი მუსლიმანური ქვეყანა, ვისთანაც ისრაელს ნორმალური პოლიტიკური ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ 31 მაისის ინციდენტის შემდეგ, როდესაც ღაზის სექტორთან ზღვაში თურქულ გემზე ებრაელმა მედესანტეებმა ცეცხლი გახსნეს, თელ-ავივისა და ანკარის მეგობრობა საჭოჭმანო გახდა...