"შავი იარაღის" ანატომია
13-11-2017
"შავი იარაღის" ანატომია
რამდენად გახშირდა არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი დანაშაულის შემთხვევები?

ბოლო პერიოდში საქართველოში ერთმანეთის მიყოლებით არაერთი კრიმინალური შემთხვევა მოხდა, მათგან რამდენიმე ლეტალური შედეგით დამთავრდა. დანაშაულის ჩადენისას გამოიყენეს არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის - "კალაშნიკოვის" ავტომატიც.

არარეგისტრირებულ იარაღს "შავსაც" უწოდებენ და იყო პერიოდი, როდესაც საქართველოში ასეთი "შავი" ცეცხლსასროლი იარაღი ძალზე გავრცელდა. გასული საუკუნის 90-იან წლებში "შავი" პისტოლეტებითა და ავტომატებითაც კი ვერავის გააკვირვებდი - კრიმინალური თუ ნახევრად კრიმინალური, რომელიმე ძალოვანი სტრუქტურის მოწმობას თავშეფარებული დაჯგუფებები
ქუჩებში შეიარაღებული დადიოდნენ.

მას შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და "შავი" იარაღი თანდათან გაქრა ან საგულდაგულოდ გადაიმალა. ამას ხელი შეუწყო როგორც სამართალდამცავების გააქტიურებამ, ისე - იარაღის შესახებ ახალი კანონის მიღებამ.
საქართველოში ყველა სრულ­წლოვან, ფსიქიკურად ჯანმრთელ მოქალაქეს კანონით ნება ეძლევა, შესაბამისი გამოცდების ჩაბარების შემდეგ იარაღის მაღაზიებში შეიძინოს გრძელლულიანი
შაშხანები და მოკლელულიანი პისტოლეტები და რევოლვერები. ამასთან, გრძელლულიანი იარაღის გადატანა ნებადართულია მხოლოდ დაშლილ, არასაბრძოლო მდგომარეობაში, პისტოლეტის ერთი ადგილიდან მეორეზე გადასატანად კი პოლიციის სპეციალური ნებართვაა საჭირო.

ცხადია, ოფიციალურად გაფორმებული პისტოლეტით დანაშაულის ჩადენას არავინ დაგეგმავს, რადგან მაღაზიაში ნაყიდ მოკლელულიან ცეცხლსასროლ იარაღს ბალისტიკური გამოცდა აქვს გავლილი და გასროლილი ტყვიისა და მასრის მონაცემები კარტოთეკაში ინახება, მაგრამ არც ისეთი შემთხვევაა გამორიცხული, როდესაც აფექტის მდგომარეობაში მყოფი ადამიანი გაფორმებულ იარაღს დაუფიქრებლად იყენებს და არ ფიქრობს, რა ადვილი იქნება მისი იარაღის ამოცნობა.

კრიმინალური ოპერაციის დამგეგმავები კი ეძებენ და შოულობენ "შავ" იარაღს, რომელიც გამოძიებას მათ კვალზე გასვლას გაუძნელებს. სწორედ ამიტომ "შავ" იარაღს კვლავაც ხშირად ითხოვენ, ხოლო სადაც მოთხოვნაა, იქ მიწოდებაც ჩნდება... "შავი" იარაღის შოვნის რამდენიმე წყარო არსებობს. თვითნაკეთი პისტოლეტით შეიძლება დანაშაულის ჩადენა, ისე, რომ ვერც ერთ კარტოთეკაში მის კვალს ვერ მიაგნებენ, მაგრამ მსხვილი დამნაშავეები "სამადელკას" ხელს არ მოჰკიდებენ, რადგან არ იციან, ის როდის უმტყუნებთ. გაზის პისტოლეტების ისე გადაკეთება, რომ ნამდვილი ტყვია გაისროლოს, შეიძლება, მაგრამ არ არსებობს გარანტია, ლულა თვითონ მსროლელს არ "გადაეფურჩქნოს" ხელში.

ამიტომაც დამნაშავეთა სამყარო სერიული წარმოების გამოცდილ და უსაფრთხო "შავ" იარაღს ეძებს, რომლის შოვნა საქართველოში არცთუ ძნელია.

სამი ათეული წლის წინ, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა, საბჭოთა სამხედრო ნაწილის ღობესთან, რუსი გალოთებული პრაპორშჩიკისგან "მაკაროვის" პისტოლეტისა და "კალაშნიკოვის" ავტომატის ყიდვაც კი შეიძლებოდა. Mმაგრამ საქართველოში იარაღის "შავი" ბაზრის ასორტიმენტი კატასტროფულად გაზარდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებმა. "შავ" ბაზარზე გასაყიდად გამოჩნდა ფრონტის ხაზიდან ჩამოტანილი "ლულები", როგორც ნაალაფარი, ისე - რაოდენ ამაზრზენადაც უნდა ჟღერდეს - სანგრიდან თანამებრძოლებისთვის მოპარული.

ჩეჩნეთის პირველი ომის შემდეგ გროზნოს ბაზარში ასეთ სურათს წავაწყდი - დანგრეულ შენობებს შორის სახელდახელოდ გამართულ დახლებზე გამყიდველებს პირველადი მოხმარების საგნები გამოეფინათ, ბაზრის სიღრმეში კი, ცოტათი მოფარებულ ადგილას, სასკოლო მერხებზე, საბჭოთა არმიის მთელი არსენალი იყო გამოფენილი: "მაკაროვისა" და "სტეჩკინის" პისტოლეტები, "დრაგუნოვის" სნაიპერული შაშხანები და "კალაშნიკოვის" ნაირ-ნაირი ავტომატები. მახსოვს, გამყიდველს შევევაჭრე და დასაკეცკონდახიანი "კალაშნიკოვი" 1,2 მლნ რუსული რუბლი დამიფასა, ხისკონდახიანს კი 200 ათასი რუბლი დააკლო... მაშინ ერთი მილიონი რუსული რუბლი დაახლოებით 170-180 დოლარს უტოლდებოდა.

იარაღის "შავ" ბაზარზე ახალი "საქონლის" დიდი პარტიების გამოჩენა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო, როდესაც საბრძოლო მოქმედებების ზონებში, როგორც ცხინვალის რეგიონში, ისე - კოდორის ხეობაში ქართული არმიისა და შსს-ს კუთვნილი რამდენიმე ათასი საბრძოლო ცეცხლსასროლი იარაღი უპატრონოდ დარჩა. რუსეთის საოკუპაციო ძალებს ალაფად ყველაფერი არ წაუღიათ, უკან დახევისას ქართულსამხედროფორმიანებმაც გადაყარეს ავტომატები. ადგილობრივმა მოსახლეობამ კი აკრიფა; ბევრმა სამართალდამცავებს ჩააბარა, ზოგმა კი - სადღაც ჩამარხა...

გადამალული იარაღი ყოველთვის შეიძლება გამოჩნდეს კრიმინალურ სამყაროში და ეს რომ არ მოხდეს, არსებობს გამოსავალი - ხელისუფლება არარეგისტრირებული, განსაკუთრებით - საბრძოლო იარაღის ნებაყოფლობით ჩამბარებლებს ათავისუფლებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან (თუ, რა თქმა უნდა, ამ იარაღით დანაშაული არ არის ჩადენილი) და პროცესის დაჩქარებისთვის მათ ფულად ჯილდოსაც აძლევს. ამ კამპანიისთვის გაღებული ფინანსური დანახარჯი ახლოსაც ვერ მოვა იმ ფიზიკურ და მორალურ ზარალთან, რაც შეიძლება თუნდაც ერთი გადამალული "კალაშნიკოვით" ჩადენილ დანაშაულს მოჰყვეს.
ლუხო
01 დეკემბერი 2017 14:32
ქართველებს ცეცხლასროლი იარაღი კი არა, რაგატკებიც არ უნდა მიყიდო., რომ სიმთვრალეში თვალი არ დაუზიანონ ვისმე
kako
17 ნოემბერი 2017 12:37
ახალი ამბავი ძველ გაზეთში

რედაქტორის რჩევით