დაზვერვა სუს-მა "ჩაყლაპა" - კვირის პალიტრა

დაზვერვა სუს-მა "ჩაყლაპა"

1997 წელს დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბებიდან ზუსტად 20 წლის შემდეგ საქართველოს დაზვერვის სამსახური დამოუკიდებლობას კარგავს

საქართველოს მწირე ფინანსებიდან გამომდინარე, იქნებ ჯობდეს, კონტრდაზვერვამ და დაზვერვამ ერთ ჭერქვეშ იმოქმედონ?

საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფო სტრუქტურების ოპტიმიზაციის მიზნით ზოგი სამინისტრო გააუქმა, ზოგი სამინისტრო თუ სამსახური გააერთიანა.A ამ პროცესის შედეგად დაზვერვის სამსახური გაერთიანდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, რომელიც 11 წელზე მეტხანს შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში იყო და ცოტა ხნის წინ გამოეყო. თუკი სუს-ის შსს-სგან გამოყოფა საზოგადოებამ და ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს, დაზვერვის სამსახურის სუს-თან შერწყმას ერთმნიშვნელოვანი შეფასება არ მოჰყოლია. ზოგი იმასაც აცხადებს, შეიძლება ამით სუს-ი საბჭოთა სუკ-საც დაემსგავსოსო, რომელშიც დაზვერვა და კონტრდაზვერვა ერთ სტრუქტურაში იყო მოქცეული.

დაზვერვის სამსახური წლების განმავლობაში დამოუკიდებელი სტრუქტურა იყო, საგარეო დაზვერვის სახელით ფუნქციონირებდა და თუნდაც სამი თვის წინ მისი "დამოუკიდებლობის" გაუქმება წარმოუდგენელი ჩანდა, რადგან თბილისის ზღვის პირას სწორედ მისთვის აშენდა ულტრათანამედროვე კომპლექსი. ამ კომპლექსის სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა მიუთითებს, რომ მისი შესაძლებლობები ერთ-ერთი საუკეთესოა სამხრეთ კავკასიაში და საქართველოს გარდა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების სადაზვერვო ინტერესებსაც წარმატებით უნდა მოემსახუროს.

როდესაც თბილისის სხვადასხვა უბანში გაფანტული შენობების ნაცვლად, ქართველ მზვერავებს ულტრათანამედროვე სადაზვერვო კომპლექსში მუშაობის პერსპექტივა გაუჩნდათ, ბევრი ფიქრობდა, რომ დაზვერვის სამსახური უფრო დამოუკიდებელი გახდებოდა, მაგრამ მოხდა საპირისპირო - დაზვერვა სუს-მა "ჩაყლაპა".

რამდენად წაადგება ეს სტრუქტურული ცვლილება საქართველოს ბრძოლას "უხილავ ფრონტზე"?

2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა ჩრდილო კავკასიაში რამდენიმე ქართულგვარიანი რუსეთის მოქალაქე დააკავა, რომლებსაც საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობასა და ქართული დაზვერვისთვის სამხედრო სახის ცნობების (ჩრდილო კავკასიის რეგიონში რუსული სამხედრო დანაყოფებისა და საბრძოლო ტექნიკის საქართველოს საზღვრის მიმართულებით გადმოსროლის შესახებ) მიწოდებაში დასდეს ბრალი.

მსოფლიოს დაზვერვის სამსახურების დაუწერელი კანონის თანახმად, არც ქართველ მზვერავებს უღიარებიათ რუსეთში დაკავებულების კავშირი საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურთან. დროთა განმავლობაში რუსული ციხეებიდან მათი ნაწილის გამოხსნა მოხერხდა, რისთვისაც, ალბათ, საიდუმლო მოლაპარაკებებიც გაიმართა.

ქართველი მზვერავების სხვა წარმატებები თუ წარუმატებლობა ფართო საზოგადოებისთვის, გასაგები მიზეზების გამო, საიდუმლოდ რჩება, თუმცა ეჭვს არ უნდა იწვევდეს, რომ ქართული დაზვერვა სტრატეგიულ პარტნიორებსა და უპირველესად, ამერიკელ კოლეგებს, შეძლებისდაგვარად ეხმარება რეგიონში და მის მოსაზღვრედ (მაგალითად, ირანსა თუ რუსეთის სამხრეთ ნაწილში) სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებაში.

სწორედ ამიტომ, ძლიერი ქართული დაზვერვა ჩვენს პარტნიორებსაც უნდა აძლევდეთ ხელს, მაგრამ წარმატებული სადაზვერვო საქმიანობისთვის ქვეყანას დიდი თანხები სჭირდება. საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შემცირებისა და სტრუქტურული დანაყოფების დუბლირებული მუშაობის შეჩერების მიზნით, შეიძლება გამართლებულიც ჩანდეს დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურების შერწყმა, რის შემდეგაც რამდენიმე სტრუქტურული ელემენტი, მაგალითად, ადმინისტრაცია, ანალიტიკური სამსახური, შიდა ინსპექცია და ზოგიერთი სხვაც, ოპტიმიზაციას განიცდის. ამასთან, ერთ ჭერქვეშ მოქცეულ კონტრმზვერავებსა და მზვერავებს უნდა გაუადვილდეთ წარმატებული და კოორდინირებული საქმიანობა. ეს გამორიცხავს უწყებრივ ქიშპობასაც, რაც საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს ყოველთვის ახასიათებდათ.

საქართველოს სპეცსამსახურებისთვის მთავარ გამოწვევად მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მოქმედება როდი რჩება - ერაყიდან და სირიიდან გამოქცეულმა "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებმა არანაკლები საფრთხე შეიძლება შეუქმნან საქართველოს.

ამიტომაც უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, რამდენად გაამართლა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების შეწყმამ.

უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურა

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში გაერთიანებულია 13 სტრუქტურული ერთეული: ადმინისტრაცია, კონტრტერორისტული ცენტრი, ანტიკორუფციული სააგენტო, გენერალური ინსპექცია, კონტრდაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, საინფორმაციო-ანალიტიკური, ოპერატიულ-ტექნიკური, ოპერატიული ღონისძიებების, ეკონომიკური, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტები, ობიექტების დაცვისა და კადრების მთავარი სამმართველოები.

ქართველი მზვერავების ისტორია

1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ რესპუბლიკური სუკ-ი (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) უშიშროების სამინისტროდ გადაკეთდა, მაგრამ ერთ წელიწადში სახელი შეეცვალა და საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახური დაერქვა, რომელშიც სტრუქტურულად გაერთიანდა დაზვერვის სამმართველო. 1997 წლის 19 სექტემბერს საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტი დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდა და მას შემდეგ ქართველი მზვერავები თავის პროფესიონალურ დღესასწაულს ყოველი წლის 19 სექტემბერს აღნიშნავენ.

2004 წელს "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს უწყება რამდენიმე თვით ისევ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დაუქვემდებარა, თუმცა წლის ბოლოს ის კვლავ დამოუკიდებელ სტრუქტურად - საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურად იქცა.