არ აუყვანიათ მძევლები, არ უსვრიათ მშვიდობიანი მოქალაქეებისკენ - სცენარი, როგორც 20-საათიანი სპეცოპერაცია განვითარდა - კვირის პალიტრა

არ აუყვანიათ მძევლები, არ უსვრიათ მშვიდობიანი მოქალაქეებისკენ - სცენარი, როგორც 20-საათიანი სპეცოპერაცია განვითარდა

ისინი ცოცხლები არ ჩაჰბარდებოდნენ - რისთვის ინახავდნენ ამხელა არსენალს?

ამ ფაქტმა ცხადყო, რომ საქართველოც არ ყოფილა დაზღვეული იმ უდიდესი საფრთხისგან, რისი ტრაგიკული შედეგები ევროპამაც და ამერიკამაც არაერთხელ იწვნია

21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მომხდარი დრამატული მოვლენები სერიოზულ გაფრთხილებად უნდა იქცეს როგორც ხელისუფლებისთვის, ისე საზოგადოებისთვის - მსოფლიოსთვის ასე აქტუალური საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხე არც საქართველოსთვის ხდება უცხო...

ქართულ სპეცსამსახურებს პირველად მოუწიათ ოპერაციის ჩატარებამ იმ ტიპის შეიარაღებულ ჯგუფთან, რომელიც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებდა. სამკაციანი შეიარაღებული ჯგუფის ლიკვიდირება 20 საათზე მეტხანს გაჭიანურდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ სპეცოპერაციამ დაწყებამდე დაკარგა მოულოდნელობის ეფექტი - საცხოვრებელი კორპუსის ბინაში მყოფი სამი პირი კარგად მოემზადა მას შემდეგ, რაც მათი მეოთხე მეგობარი სამართალდამცავებმა ქალაქში რამდენიმე საათით ადრე დააკავეს და ძნელი მისახვედრი არ იქნებოდა, რომ მათაც მიაკითხავდნენ. სამივეს დასამალავად დროც ჰქონდა და საშუალებაც, მაგრამ დარჩენა და იარაღით წინააღმდეგობის გაწევა არჩიეს.

თავდაპირველად, სპეცსამსახურის წარმომადგენლებს ისინი, სავარაუდოდ, ნაკლებად სახიფათოდ მოეჩვენათ, ამიტომაც დაუკაკუნეს და კარის გაღება მოსთხოვეს.

ბუნებრივია, კარი არ გააღეს. ამიტომაც მის გასაღებად სამართალდამცავებმა ტექნიკური საშუალებების გამოყენება სცადეს, რის შემდეგაც ბინაში გამაგრებულებმა ცეცხლი გახსნეს და დაიწყო...

სამართალდამცავების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სადარბაზოს მობინადრეების ევაკუაცია მოასწრეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი მსხვერპლი იქნებოდა, რადგან ბერი სალოსის გამზირზე დაპირისპირება ქალაქში ბრძოლის სრულ ანალოგად იქცა.

ოთახებში ბრძოლის ტაქტიკას შავნაბადის კონტრტერორისტული დანაყოფი წლების განმავლობაში გადის, მაგრამ ამ კონკრეტულ სიტუაციას ჰქონდა რამდენიმე ნიუანსი, რის გამოც გაძნელდა და ამასთან, გაჭიანურდა სამკაციანი შეიარაღებული ჯგუფის დროულად ლიკვიდირება.

სპეცოპერაციის სასწრაფოდ დამგეგმავებმა შეიძლება არც იცოდნენ, რომ კორპუსის განაპირა სადარბაზოს მეორე სართულის კარს უკან ჩაკეტილ შეიარაღებულ პირებს ერთი მნიშვნელოვანი ტაქტიკური უპირატესობა ჰქონდათ - სადარბაზოში გამოსვლისა და კიბით სარგებლობის გარეშე მეორიდან მესამე სართულზე გადაადგილების საშუალება, რადგან ბინის მეპატრონეს ეს ორი სართული ოთახიდან კიბით ჰქონდა შეერთებული! ის ფაქტი, რომ ამ პირებმა სწორედ დუპლექსის ტიპის ბინა დაიქირავეს, შეიძლება შემთხვევითი სულაც არ არის. მაგალითად, სირიასა და ერაყში მებრძოლები კორპუსის ბინებში იატაკს ამტვრევდნენ, რათა ბრძოლის დროს სასროლი პოზიციები სართულებზეც სწრაფად შეეცვალათ.

დაახლოებით ამგვარი რამ მოხდა თბილისშიც - როდესაც მოიერიშე ჯგუფი შეტევას იწყებდა, მათ ავტომატების ცეცხლს მხოლოდ კონკრეტული ბინიდან კი არა, მეორე და მესამე სართულის სხვადასხვა ბინის ფანჯრებიდანაც უხსნიდნენ და ხელყუმბარებსაც ყრიდნენ. თითქმის წარმოუდგენელია, მაგრამ სამი კაცი ახერხებდა კორპუსის სამ - წინა, უკანა და გვერდით მხარეებზე ცეცხლის ისე სწრაფად გადატანას, რომ საიერიშო ჯგუფების შეტევები შეეჩერებინა.

სავარაუდოდ, თავდაპირველად, სპეცოპერაციის ხელმძღვანელებს არ სურდათ ვითარების უფრო დაძაბვა და სროლის ინტენსივობის გაზრდა, მაგრამ მოლაპარაკებამ იარაღის დაყრისა და დანებების მოთხოვნით ნაყოფი არ გამოიღო. ამასთან, დაიჭრა რამდენიმე სპეცრაზმელი, რომელთაგან ერთი, მოგვიანებით გარდაიცვალა.

ამასობაში დრო გადიოდა და არ იყო გამორიცხული ვითარების გამწვავება (თუნდაც თბილისში მყოფი მათი თანამზრახველის მიერ იარაღით პროვოკაციის მოწყობა სპეცოპერაციის რაიონში).

მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დამატებითი ძალებისა და ჯავშანტექნიკის ჩართვის შესახებ. ოთხმა ჯავშნიანმა "კობრამ" კორპუსის ახლოს პოზიციები დაიკავა. მათი ჯავშანკორპუსები ერთგვარად ფარი იყო იმ სპეცრაზმელებისთვის, რომლებსაც მეორე-მესამე სართულის კონკრეტული ფანჯრები მიზანში ჰქონდათ ამოღებული და დროდადრო ცეცხლს ხსნიდნენ. მაგრამ შეიარაღებული ჯგუფის წევრები ვერც ჯავშნიანი "კობრების" გამოჩენამ დააფრთხო, მეტიც, ავტომატების ცეცხლით სადარბაზოს შესასვლელთან მდგარ "კობრას" მარჯვენა ბორტის ორივე საბურავი ჩაუფუშეს.

საიერიშო ჯგუფების ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 5,56 მმ-იანი მცირეკალიბრიანი ტყვიები უძლური აღმოჩნდა კორპუსის სქელ კედლებს ამოფარებულების გასანადგურებლად, ამიტომაც მიიღეს გადაწყვეტილება ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნების გამოყენების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ამას შეიძლებოდა სადარბაზოს ნგრევა გამოეწვია. სხვა გამოსავალი აღარ ჩანდა, მით უმეტეს, რომ შეიარაღებული პირები უკვე სადარბაზოს კიბეზეც გამოვიდნენ, სწრაფად იცვლიდნენ საცეცხლე პოზიციებს და სხვადასხვა სართულიდან ისროდნენ.

HGU-7 და HGU-22 ტიპის ხელის ყუმბარსატყორცნების ცეცხლმა მაინც ვერ გატეხა ისინი, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთს ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა ახლოს აუფეთქდა და ერთიანად დაფლითა, დანარჩენმა ორმა ბრძოლა განაგრძო.

ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნების შემდეგ მათ რეაქტიული ცეცხლსატყორცნი "შმელიც" ესროლეს, რამაც ხანძარი გააჩინა და ერთ-ერთი შეიარაღებული, რომელმაც ვეღარ გაუძლო ცეცხლის სიმხურვალეს, სადარბაზოდან გამოვარდა ავტომატის სროლით, მაგრამ იქვე გააცივა სპეცრაზმელების ტყვიებმა. მას ხელში "იერიქოს" პისტოლეტიც ეჭირა. ის ბოლო გადარჩენილიღა იყო (მეორის გვამი სარდაფში იპოვეს) და კარგად იცოდა, რომ სადარბაზოდან იარაღით გამოვარდნილს იქვე ჩაცხრილავდნენ, მაგრამ ჩაბარებას ბრძოლაში სიკვდილი არჩია.

აი, დაახლოებით ის სცენარი, თუ როგორ გათამაშდა ტრაგიკული მოვლენები 21-22 ნოემბერს თბილისის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში.

რა თქმა უნდა, ამ სცენარში შეიძლება უზუსტობებიც იყოს და ბევრი რამ აკლდეს, მაგრამ იმის ფონზე, როდესაც ოფიციალური წყაროები ისევ დუმილს ამჯობინებენ, ერთგვარ სურათს მაინც უხსნის მკითხველს.

რისთვის ინახავდნენ ამხელა არსენალს?

დააკვირდებოდით, რომ ჩვენ თავი შევიკავეთ სიტყვა "ტერორისტების" ხსენებისგან. წესით, ვისაც საცხოვრებელ სახლში ავტომატები, პისტოლეტები და ხელყუმბარები აქვს შენახული და სამართალდამცავებს თითქმის "მესამე მსოფლიო" ომს უწყებს, ტერორისტია, აბა, ვინ არის?!

მეორე მხრივ, მათ არ დაუწყიათ სროლა მანამდე, სანამ სპეცოპერაცია არ დაიწყო და რაც საგულისხმოა, არც მძევლები აუყვანიათ, თუმცა, სავარაუდოდ, ამის საშუალება ჰქონდათ, როდესაც სადარბაზოს მობინადრეების ევაკუაცია მიმდინარეობდა. გარდა ამისა, ფანჯრებიდან მხოლოდ ქვემოთ ისროდნენ, სპეცრაზმელების მიმართულებით, და არ დაუცხრილავთ მეზობლად მჭიდროდ განთავსებული კორპუსების ფანჯრები, რასაც მოსახლეობაში შეიძლება დიდი მსხვერპლი მოჰყოლოდა.

მაინც რისთვის ემზადებოდნენ და რა ჰქონდათ მათ ჩაფიქრებული, როდესაც ამხელა არსენალს ინახავდნენ? სხვათა შორის, მათ მანქანის ძრავის გამოყენებული ზეთით სავსე ბიდონში ჰქონდათ ჩაწყობილი ავტომატის ვაზნები. ასე ის მებრძოლები იქცევიან, რომლებიც დიდი ხნით აპირებენ საბრძოლო მასალის შენახვას და არ სურთ ვაზნების დაჟანგვა. მათ ბინა ორიოდე თვით ადრე დაიქირავეს და ის ბიდონი, მასში ჩასხმულ ზეთში ჩაწყობილი ვაზნებით, შეიძლება რომელიმე სამალავიდან წამოიღეს. ფაქტია, ბრძოლაც იცოდნენ და თავის გამწირველებიც იყვნენ. ადვილი წარმოსადგენია, რა მოხდებოდა, დედაქალაქის რომელიმე ცენტრალურ, ხალხმრავალ ადგილას რომ მათ ტერორისტული აქტი მოეწყოთ?

ქართველ სამართალდამცავებს მოუწევთ დეტალური ანალიზი და იმ სერიოზული ხარვეზებისა და შეცდომების გათვალისწინება, რაც დაუშვეს, განსაკუთრებით, სპეცოპერაციის სხვადასხვა ეტაპის დაგეგმვისას, რადგან სხვა დროს შეიძლება ბევრად დიდი საფრთხე დაგვემუქროს.

ამ ფაქტმა ცხადყო, რომ საქართველოც არ ყოფილა დაზღვეული იმ უდიდესი საფრთხისგან, რისი ტრაგიკული შედეგები ევროპამაც და ამერიკამაც არაერთხელ იწვნია.

ირაკლი ალადაშვილი