"ჯაველინები" გამოუცხადებელ ემბარგოს არღვევენ - კვირის პალიტრა

"ჯაველინები" გამოუცხადებელ ემბარგოს არღვევენ

"ჯაველინის" რაკეტას მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა თანამედროვე ტანკის აფეთქება შეუძლია

ის, რაც ვერ გაბედეს კრემლის გაღიზიანების შიშით პრეზიდენტებმა ბუშმა და ობამამ, აკეთებს ტრამპი - ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინებით" საქართველოს თავდაცვისუნარიანობას აძლიერებს

აშშ-ის დღევანდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებას (რომელსაც, იმედია, კონგრესი არ დაბლოკავს), საქართველოს მიჰყიდოს მესამე თაობის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსის "ჯაველინის" პარტია, მარტო წმინდა სამხედრო მნიშვნელობა როდი აქვს.

ამ პროცესით დაირღვევა გამოუცხადებელი ემბარგოს რეჟიმი, რის გამოც აგვისტოს ომის შემდგომ აშშ-ის ორივე პრეზიდენტის, ბუში-უმცროსისა და ობამას ადმინისტრაციები საქართველოსთვის ლეტალური მოქმედების შეიარაღების მიყიდვა-გადაცემისგან ცხრა წელი თავს იკავებდნენ.

რა თქმა უნდა, არც თეთრ სახლში და არც პენტაგონში ოფიციალურად ამას არავინ აღიარებდა, მაგრამ ფაქტია, სწორედ კრემლის მესვეურთა გაღიზიანების შიშით ვაშინგტონი თბილისს არ აწვდიდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად (მით უმეტეს, აგვისტოს ომის შემდგომ პირველ პერიოდში) ასე საჭირო ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის შეიარაღებას.

იმედია, "ჯაველინები" პირველი მერცხლებია, რომლებსაც მალე, წესით, საზენიტო "სტინგერებიც" უნდა მოჰყვეს, რაც ნაწილობრივ მაინც გააძლიერებს ქართული არმიის ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს.

"ჯაველინი", რა თქმა უნდა, პანაცეა არ არის და ერთბაშად ყველა პრობლემას ვერ მოგვიგვარებს, მაგრამ ცხინვალის მე-4 და აფხაზეთის მე-7 საოკუპაციო ბაზებში განთავსებული დაახლოებით ასი მოდერნიზებული N-72D3 ტიპის ტანკების ეკიპაჟებს ეცოდინებათ, რომ ზემოდან მოხვედრილი ქართული "ჯაველინები" გადარჩენის შანსს მოუსპობს, რაც მათ საბრძოლო სულისკვეთებას ბრძოლის დაწყებამდე დიდ ბზარს გაუჩენს.

წელს, აგვისტოში, ვაზიანის პოლიგონზე გამართულ ქართულ-ამერიკულ ერთობლივ სამხედრო სწავლებაზე "ღირსეული პარტნიორი-2017" ამერიკული არმიის მე-2 საკავალერიო პოლკმა "ჯაველინები" პირველად გაისროლა ქართულ მიწაზე.

სავარაუდოდ, ნაყიდი "ჯაველინებით" უპირველესად იმ ცხრა ქართული ბატალიონის ტანკსაწინააღმდეგო ოცეულები აღიჭურვება, რომლებიც მომავალი წლის გაზაფხულიდან სწორედ ვაზიანში დაიწყებენ "საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამით" გადამზადებას ამერიკელი და ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით.

ჩვენი დოსიე: როგორ მოქმედებს "ჯაველინი"

"ჯაველინი" მესამე თაობის გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსია, რომელიც მოქმედებს პრინციპით "გაისროლე-დაივიწყე-მოარტყი", ანუ მის თბოვიზურ სამიზნეში მოწინააღმდეგის ტანკის სილუეტის "ჩაჭერის" შემდეგ ოპერატორი უშვებს რაკეტას, მის შემდგომ მართვაში აღარ მონაწილეობს და შეუძლია სასწრაფოდ დატოვოს სტარტის ადგილი, რათა არ მოექცეს მოწინააღმდეგის საპასუხო ცეცხლში.

სტარტაღებული რაკეტა ისეთი ტრაექტორიით მიფრინავს, რომ სამიზნე ტანკს ზემოდან, სახურავის მხრიდან მოხვდეს, სადაც ტანკის შეჯავშნის დონე ბევრად ნაკლებია, ვიდრე შუბლაჯავშნისა, რაც ტანკის აფეთქების ძალიან დიდ ალბათობას იძლევა.

ჩვენი დოსიე: როგორ "ჯაველინებს" და რამდენად ვყიდულობთ

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო თანამშრომლობის სააგენტო აპირებს, სამთავრობოშორისი სამხედრო გაყიდვების ხაზით საქართველოს მიჰყიდოს გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი FGM-148 Javelin-ები. 75 მლნ დოლარის ღირებულების კონტრაქტი ითვალისწინებს 72 ცალი სამეთაურო-გამშვები ბლოკის (მათგან ორი სათადარიგო ნაწილებად გამოიყენება), 410 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის, 10 სავარჯიშო სამეთაურო-გამშვები ბლოკისა და 70 სავარჯიშო რაკეტის გადმოცემას.

"ჯაველინების" კომპლექსებს ამერიკული არმიის საწყობებიდან შეარჩევენ, რის შემდეგაც მათ გაყიდვისწინა გამოცდას მათი მწარმოებელი Raytheon-ი და Lockheed Martin-ი ჩაუტარებენ. "ჯაველინებს" საქართველოში მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებიც ჩამოჰყვებიან.

ირაკლი ალადაშვილი