ვინ და როგორ ატარებს სპეცოპერაციებს - კვირის პალიტრა

ვინ და როგორ ატარებს სპეცოპერაციებს

მოკლელულიანი "კალაშნიკოვები", ებრაული "იერიქო" და ბევრი ხელყუმბარა - ჩატაევის თანამზრახველების არსენალი

სადარბაზოსა და დერეფანში იერიშის დაწყებისას სპეცდანიშნულების რაზმს შეჯავშნული ფარით ხელში ერთი მებრძოლი მიუძღვის

20-21 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის ერთ-ერთ კორპუსში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ საზოგადოების ნაწილს გაუჩინა ეჭვი, რომ სპეცოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების დროს შეიძლება დაუშვეს შეცდომები, რამაც მისი 20 საათზე მეტხანს გახანგრძლივება გამოიწვია და რვა საცხოვრებელი ბინა დააზიანა.

როგორ ატარებენ ანალოგიურ სპეცოპერაციებს საზღვარგარეთ, როდესაც მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში გამაგრებული შეიარაღებული ადამიანების განეიტრალებაა საჭირო?

ასეთი სპეცოპერაციის ჩატარების წინ ინიშნება ღონისძიების ხელმძღვანელი, რომელსაც ერთპიროვნულად ემორჩილება სპეცოპერაციაში მონაწილე ყველა დანაყოფი და შედეგზეც ის არის პასუხისმგებელი. დაუშვებელია, ღონისძიებას რამდენიმე ხელმძღვანელი ჰყავდეს ძალოვანი უწყებების მიხედვით და სხვადასხვა სპეცდანიშნულების რაზმს არაკოორდინირებულად, სხვადასხვა მაღალჩინოსანი მართავდეს.

სპეცოპერაციის დაწყებამდე მიმდინარეობს მოლაპარაკებები შეიარაღებული ჯგუფის წევრებთან, რომ მათ დაყარონ იარაღი და ჩაბარდნენ სამართალდამცავებს სისხლის ღვრის გარეშე, რადგან ისინი ბლოკირებული არიან. თუკი ასეთ მოლაპარაკებებს შედეგი არ მოსდევს, იგეგმება საიერიშო ოპერაცია.

დაგეგმვა ევალება ოპერატიულ სამსახურს; ამ პროცესს აუცილებლად ესწრებიან იერიშის მონაწილე სპეცდანიშნულების რაზმების მეთაურები, რომლებმაც სპეცრაზმის თითოეულ წევრს დაწვრილებთ უნდა გააცნონ ინფორმაცია, თუ ვინ რომელი მიმართულებიდან და როდის იწყებს მოქმედებას.

ღონისძიების მომზადების პერიოდში გროვდება სადაზვერვო ინფორმაცია - რამდენი ადამიანია გასანეიტრალებელი, მათი შეიარაღება, კორპუსის რომელ ბინაში არიან, ოთახების განლაგების სქემა, შეცვლილია თუ არა ბინის პროექტი, რომელი სართულია, სად გადის ფანჯრები, კარებსა და ფანჯრებზე არის თუ არა გისოსები და ა.შ.

თუკი არის დრო და საშუალება, იერიშში მონაწილეებს თავიდანვე აცნობენ იმავე პროექტის სხვა ბინას, რათა მათ დაიმახსოვრონ ოთახების განლაგება, კუთხეები და ის ადგილები, სადაც შეიძლება ადამიანი ჩაიმალოს.

იერიშის დაწყებამდე სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება-ანალიზი შეუჩერებლად უნდა მიმდინარეობდეს, რადგან ყოველ წუთში მოსალოდნელია სიტუაციის შეცვლა. ამისთვის საჭიროა ბინაზე მუდმივი აუდიო-ვიდეოდაკვირვება თვალთვალის სპეცსაშუალებების გამოყენებით, მათ შორის - ვიდეოკამერებით, თბოვიზორებით, მიკროფონებით, რომელთა მალულად დამონტაჟება იერიშის სამიზნე ბინის ზედა, ქვედა და მომიჯნავე ბინებიდან შეიძლება.

არსებობს ეჭვი, რომ 20 ნოემბრის საღამოს ყველაფერი სპონტანურად დაიწყო მას შემდეგ, რაც ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის ერთ-ერთი კორპუსის ბინადრებმა სპეცსამსახურის წარმომადგენლებს მოლაპარაკების შედეგად კარი არ გაუღეს, ხოლო როდესაც კარის ტექნიკური საშუალებებით გაღება სცადეს, ბინაში მყოფებმა ცეცხლი გახსნეს და ხელყუმბარები გადმოყარეს.

ამ დროს სადარბაზოში იყო სუს-ის შავნაბადას კონტრტერორისტული ცენტრის მოიერიშე ჯგუფი. ჯგუფის წევრები აფეთქებული ხელყუმბარებისგან ნაწილობრივ დაიცვა შეჯავშნულმა ფარებმა, თუმცა ორი ადამიანი მაინც დაიჭრა.

სავარაუდოდ, არ ჩატარებულა წინასწარი სადაზვერვო ღონისძიებები, რომელთა შესახებ ზემოთ ვისაუბრეთ, ამიტომაც მოგვიანებით, როდესაც ახალი იერიში დაიწყო სუს-ის ოპერატიული ღონისძიებების დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმმა, მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ საპასუხო ცეცხლი ერთი ბინიდან კი არა, ორი სართულიდან და თანაც - რამდენიმე ბინის ფანჯრებიდან გაიხსნა, თანაც კორპუსის ფასადის, უკანა და გვერდითი მხრიდან.

აღმოჩნდა, რომ დაქირავებული ბინა დუპლექსად გაერთიანებული მეორე და მესამე სართულები იყო და შეიარაღებული ჯგუფის ორი წევრი მუდმივად იცვლიდა საცეცხლე წერტილებს. ცალხელა და ცალფეხა აჰმედ ჩატაევი, რა თქმა უნდა, ასეთი მობილური ვერ იქნებოდა, მაგრამ ხელყუმბარებს, ალბათ, ისიც ისროდა.

"კორპუსის ფანჯრებიდან 40-ზე მეტი ხელყუმბარა გადმოაგდეს. კიდევ კარგი, ყუმბარსატყორცნები არ ჰქონდათ," - იხსენებს სპეცოპერაციის მონაწილე.

მოკლელულიანი "კალაშნიკოვები", ებრაული პისტოლეტი "იერიქო" და ბევრი ხელყუმბარა - ეს იყო ჩატაევის თანამზრახველთა არსენალი, თუმცა ვაზნები საკმაოდ ჰქონდათ მომარაგებული.

მოკლელულიან "კალაშნიკოვებს" რატომღაც დახსნილი ჰქონდა ლულის ბოლოში ჩახრახნილი ცეცხლმქრობები, რომელთა გარეშე ამ მოდიფიკაციის "კალაშნიკოვის" 5,45 მმ კალიბრის ტყვიების სროლისას უფრო მჭახე ხმა გამოიცემა, ვიდრე სტანდარტული "კალაშნიკოვის" სროლისას.

გახანგრძლივებული სპეცოპერაციის დამთავრება შეიძლება სადარბაზოში საწვავით სავსე ცეცხლწაკიდებული კანისტრის შეგდებამაც გამოიწვია, რომელმაც ძლიერი ხანძარი გააჩინა, რის შემდეგ ერთ-ერთი ავტომატის სროლით გარეთ გამოვარდა და იქვე მდგარი ჯავშნიანი "კობრისკენ" გაიქცა, მაგრამ სპეცრაზმელების ტყვიების ჯერმა მოცელა.

რამდენიმე წამში დაცემულის სხეულის ქვეშ ხელყუმბარა აფეთქდა - მან სიკვდილამდე ხელყუმბარის დამცველი რგოლის გამოძრობა მოასწრო. არ გამოვრიცხავთ, რომ ამ ხელყუმბარით მას "კობრას" აფეთქება ეცადა და ამიტომაც გარბოდა ჯავშანმანქანისკენ...

ერთ წუთში მეორე სართულის ბინაში მძლავრი აფეთქება გაისმა და ცეცხლის ალი ფანჯრიდან გამოვარდა. როგორც მოგვიანებით, ადგილის დათვალიერებისას გაირკვა, აჰმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა. თუკი გავრცელებული ფოტოსურათით ვიმსჯელებთ, რომელზეც აჰმედ ჩატაევის სხეულის ფრაგმენტები ჩანს, აფეთქება გულმკერდის არეში მოხდა ან ე.წ. შაჰიდის ქამრით, ან განტვირთვის ჟილეტში ჩაწყობილი რამდენიმე ხელყუმბარით.

20-საათიანმა სპეცოპერაციამ სამი შეიარაღებული პირის გასანეიტრალებლად, რომელთაგან ერთს მარჯვენა ხელი და მარცხენა ფეხი არ ჰქონდა, ქართული სპეცსამსახურების არაერთი პრობლემა გამოავლინა, არა მარტო სპეცოპერაციის დაგეგმვა-განხორციელების, არამედ სპეცდანიშნულების დანაყოფების სპეცსაშუალებებით სათანადოდ აღჭურვის საქმეშიც.

გაფიქრებაც არ გვინდა, როგორი საშიშროების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ, ამ სამკაციანი ჯგუფისგან განსხვავებით (რომლებსაც არც მძევალი აუყვანიათ და არც მეზობელი კორპუსების მშვიდობიანი მოსახლეობის ფანჯრები დაუცხრილავთ მიზანმიმართულად), რამდენიმე მრავალრიცხოვანმა ჯგუფმა მართლაც ტერორისტული აქტები რომ მოაწყოს მასობრივი თავშეყრის ადგილებში და თანაც - ერთდროულად. ეყოფათ კი ძალა და შესაძლებლობები საქართველოს სამართალდამცავ და უსაფრთხოების სამსახურებს ამ საშიშროებების ოპერატიულად გასანეიტრალებლად?

ჩვენი დოსიე: ქართული სპეცდანიშნულების დანაყოფები

საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში რამდენიმე სპეცდანიშნულების დანაყოფი ფუნქციონირებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაშია შავნაბადას კონტრტერორისტული ცენტრი და სპეციალური ღონისძიებების დეპარტამენტი. შავნაბადას ბაზაზე განთავსებულია სპეციალური შენობა, სადაც მომზადებას გადიან სპეცდანიშნულების რაზმები, რომლებსაც ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარება შენობებში უწევთ.

შსს-ს განკარგულებაშია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, რომლის შემადგენლობაში რამდენიმე სპეცრაზმი შედის, მათ შორის - თბილისსა და სხვა ქალაქებში დისლოცირებული. ამ სამინისტროს ექვემდებარება სასაზღვრო პოლიციაც თავისი მოტოსამანევრო სპეცდანიშნულების რაზმით სახელმწიფო საზღვარზე ოპერატიულად სამოქმედოდ.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის დანაყოფის ძირითადი ამოცანა ქვეყნის პირველი პირების უსაფრთხოების დაცვაა.

თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალების საბრძოლო ამოცანებში კი მოწინააღმდეგის ზურგში დივერსიების განხორციელება შედის.

ირაკლი ალადაშვილი