ცხინვალი რუსეთის რადიოელექტრონული დაზვერვის ცენტრი ხდება - კვირის პალიტრა

ცხინვალი რუსეთის რადიოელექტრონული დაზვერვის ცენტრი ხდება

ცნობილ ბრიტანულ გამოცემა The Daily Telegrapt-ში გამოჩნდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებაზე დაყრდნობით, თითქოს ცხინვალთან დისლოცირებული რუსეთის საოკუპაციო ჯარების ბაზაში მძლავრი რადიოლოკაციური სადგური შენდება.

შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სინამდვილეს, მალე გახდება ცნობილი, რადგან რადიოლოკაციურ სადგურს ვერც კოსმოსურ დაზვერვას დაუმალავ და ვერც ზემო ნიქოზიდან ჩვეულებრივი ბინოკლით მოთვალთვალეს.

გარდა ამისა, რადიოლოკაციური სადგური ამუშავებისთანავე გამოასხივებს მძლავრ რადიოტალღებს, რომელთა დაფიქსირება სპეციალური აპარატურით ძნელი არ არის.

რად უნდა სჭირდებოდეს მოსკოვს ცხინვალთან მძლავრი რადიოლოკაციური სადგურის აშენება? ალბათ, იმისთვის, რომ თავად ცხინვალის რეგიონი ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლაა, რაც იქ განთავსებულ რადიოლოკაციურ სადგურს უფრო შორ რადიუსში საჰაერო სივრცის უკეთესად გაკონტროლების საშუალებას აძლევს.

შემთხვევითი არ არის, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მოსკოვმა სარაკეტო თავდასხმების ადრეული რადიოლოკაციური აღმოჩენის სპეციალიზებული ფაზირებულანტენიანი უზარმაზარი რადიოლოკატორი აზერბაიჯანში, გაბალაში, სწორედ კავკასიის ქედის სამხრეთ ნაწილში, ზღვის დონიდან ასევე მაღლა განათავსა.

გაბალის ფაზირებულანტენიან რადიოლოკაციურ სადგურს აზერბაიჯანიდან თითქმის 6500 კმ სიშორეზე (ფაქტობრივად, ინდოეთის ოკეანის შუაგულამდე) შეუძლია საჰაერო სივრცეში ფეხბურთის ბურთისხელა ლითონის საგნის აღმოჩენა.

ცხინვალიდან პირდაპირი ხაზით თურქეთის საზღვრამდე მხოლოდ 120 კმ-ია, ირანამდე - 290 კმ. ჩვეულებრივ სამკოორდინატიანი რადიოლოკატორის დამონტაჟების შემთხვევაში მოსკოვს საშუალება ეძლევა, ცხინვალიდან 300-400 კმ სიშორეზე გააკონტროლოს საჰაერო სივრცე 1-2 კმ სიმაღლეზე და უფრო მაღლა.

თუკი ცხინვალთან კრემლი თანამედროვე მძლავრ ფაზირებულანტენიან რადიოლოკატორს დაამონტაჟებს, მაშინ რუსეთის დაზვერვას მიეცემა უნიკალური საშუალება, საჰაერო სივრცე გააკონტროლოს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთისა და თავად ახლო აღმოსავლეთის თავზეც.

ასეთ შემთხვევაში უკვე ლაპარაკიც არ ღირს იმაზე, თუ რა სადაზვერვო ინფორმაციას მოიპოვებს ცხინვალიდან მოსკოვი უშუალოდ საქართველოს შესახებ, მით უმეტეს, რომ რადიოლოკაციურ სადგურთან ერთად დამონტაჟებულ სხვა რადიოელექტრონულ აპარატურას შეუძლია მობილური და რადიოსაუბრების დაჭერა, საჭირო შემთხვევაში კი - მათი ჩახშობაც.

საბჭოთა პერიოდიდან მოსკოვში პანიკურად ეშინოდათ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თვითმფრინავები სამხრეთიდან, თურქეთიდან შემოიჭრებოდნენ, ამიტომაც საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მძლავრი რადიოლოკაციური ქსელი მოქმედებდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთს სამხრეთ კავკასიაში მხოლოდ ორი მოქმედი რადიოლოკაციური სადგური დარჩა - სომხეთში, გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზაში, და აზერბაიჯანში, გაბალაში. თუმცა იჯარით აღებული გაბალის ფაზირებულანტენიანი რადიოლოკატორი ფიქსირებულად ერთ სექტორს აკონტროლებს და იგი უფრო განკუთვნილია ინდოეთის ოკეანის სიღრმეში, ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავებიდან სტარტაღებული ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტების დასაფიქსირებლად, ვიდრე თურქეთიდან დაბალ სიმაღლეზე შემოფრენილი გამანადგურებელ-ბომბდამშენის აღმოსაჩენად.

კავკასიის ქედი დამაბრმავებლად მოქმედებს რუსეთის რადიოლოკატორებზე და ამიტომაც ცდილობს მოსკოვი აღადგინოს ახალი რადიოლოკატორების ქსელი სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ კი საქართველოში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე.

P.S. 1992 წლის ივლისში ცხინვალთან, ზემო ნიქოზის მხარეს, ყოფილ საბჭოთა საშვეულმფრენო პოლკის ტერიტორიაზე ქართული სამშვიდობო ბატალიონი იყო დაბანაკებული. მაშინ ახალგაზრდა, დამწყებ სამხედრო ჟურნალისტს რა მომასვენებდა, რომ იქაურობა დეტალურად არ გამეჩხრიკა. ყველაზე მეტად აეროდრომის განაპირას მდებარე ერთმა პატარა შენობამ დამაინტერესა.

მისი დათვალიერებისა და გამოკითხვების შემდეგ გავიგე, რომ ამ საშვეულმფრენო პოლკის ტერიტორიაზე შენიღბულად ფუნქციონირებდა რადიოელექტრონული დაზვერვის პოსტი, რომელიც სწორედ ამ შენობაში იყო განთავსებული და იქიდან უსმენდნენ იმ რადიოსაუბრებს, რომლებიც თურქეთის საჰაერო სივრცის ჩრდილოეთ ნაწილში მფრენი თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ეკიპაჟებს შორის მიმდინარეობდა.

სწორედ ეს ისტორიული გარემოება აძლიერებს ეჭვს, რომ ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა მდებარე ცხინვალის შემოგარენის ფაქტორს მოსკოვი აუცილებლად გამოიყენებს და ცხინვალთან მართლაც ააშენებს რადიოლოკაციურ და რადიოელექტრონულ დაზვერვის თანამედროვე ცენტრს.