რატომ ყიდულობენ ფრანგულ "სუპერპუმებს"... - კვირის პალიტრა

რატომ ყიდულობენ ფრანგულ "სუპერპუმებს"...

საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქართულ ცაში მალე ორი ახალი ფრანგული შვეულმფრენი იფრენს და ქართული საშვეულმფრენო პარკის გადახალისება აუცილებელია, რადგან რუსული შვეულმფრენები მოძველდა და მათი ფრენა უხიფათო აღარ არის...

პრეზიდენტი სააკაშვილი მართალია - საქართველოს აწ უკვე გაუქმების პროცესში მყოფი სამხედრო-საჰაერო ძალების განკარგულებაში არსებული საბჭოთა წარმოებების Ми-8Т, Ми-8МТ და Ми-24 ტიპის შვეულმფრენების დიდი ნაწილის რესურსი სულს ღაფავს და მათ ან კაპიტალური რემონტი სჭირდება (მერამდენე!), ან მართლაც ჩამოსაწერია.

არადა, საქართველოს მთაგორიანი რელიეფისთვის შვეულმფრენები პირდაპირ მისწრებაა და მათი გამოყენება, გარდა წმინდა სამხედრო დავალებებისა, სხვა მიმართულებითაც შეიძლება, მათ შორის სამაშველო ოპერაციების ჩატარების შემთხვევაში.

აქედან გამომდინარე, აუცილებელია საშვეულმფრენო პარკის განახლება, მაგრამ საკითხავია, რომელ ქვეყანაშია გამოშვებული შვეულმფრენები?

ერთი შეხედვით უპრიანი იქნებოდა, ისევ საბჭოთა, უფრო სწორად კი, უკვე რუსული წარმოების ახალი Ми-8Т ТВ-5  თუ Ми-17 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენების შეძენა. ჯერ ერთი, უფრო იაფი ღირს, ვიდრე იმავე კლასის დასავლური შვეულმფრენები, ამასთან, ჩვენს პილოტებსა და ტექნიკოსებს კარგად აქვთ ათვისებული ეს ტექნიკა.

საბჭოთა-რუსული შვეულმფრენები მშვენივრად დაფრინავენ მაღალ მთიანეთში, რის გამოც ავღანეთში მოქმედი ამერიკელი სამხედროებიც აღმოსავლეთ ევროპაში ყიდულობენ Ми-8МТ-ებს და მოდერნიზაციის შემდეგ ავღანეთში გზავნიან.

მაგრამ რამდენად რეალურია, მოსკოვმა თბილისს ახალი შვეულმფრენები მიჰყიდოს, როდესაც საავიაციო დეტალების საქართველოში შემოვლითი გზით შემოტანასაც მთელ მსოფლიოში დასდევს და კრძალავს?!

ამ ეტაპზე ახალი რუსული Ми-8М ТВ-ების შესყიდვა არარეალურად მოჩანს. რჩება აშშ და ევროპის რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც სატრანსპორტო შვეულმფრენებს აწარმოებენ.

2001 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალები ამერიკული UH-1H "იროკეზების" ტიპის მრავალდანიშნულების შვეულმფრენების ექსპლოატაციას ახორციელებს. ამ წლების განმავლობაში დაგროვდა საჭირო გამოცდილება, ამასთან ალექსეევკაში მოქმედებს "იროკეზების" მომსახურების საინჟინრო პუნქტიც, რაც ლოგიკურს ხდის, არჩევანი ამერიკული შვეულმფრენების შესყიდვაზე გაკეთდეს.

აგვისტოს ომამდე მიდიოდა ინტენსიური საუბარი აშშ-ში UH-60 "ბლექ ჰოუკის" ტიპის მრავალდანიშნულების შვეულმფრენების შესყიდვაზე. მაგრამ, როგორც ხედავთ, აქედან არაფერი გამოვიდა, ვერ გეტყვით, მათი სიძვირის გამო, თუ თეთრმა სახლმა აღარ მოინდომა კრემლის კიდევ ერთხელ გაღიზიანება და ამიტომ არ მოგვყიდა...

ძალაუნებურად აქცენტი ევროპულ ბაზარზე უნდა გაკეთებულიყო და ასეც მოხდა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საფრანგეთში შესასყიდ ორ "სუპერპუმას" მალე სხვებიც მოჰყვება და ჩვენთან შეიძლება მათი მომსახურების რეგიონული ცენტრიც კი ამუშავდეს...

მერვე წელია ქართულ ცაში "დოფინის" ტიპის შვეულმფრენი დაფრინავს, რომელიც ჯერ ექსპრეზიდენტ შევარდნაძეს ემსახურებოდა, ახლა - პრეზიდენტ სააკაშვილს. თბილისის აეროპორტში, განცალკევებულ ანგარში მოწყობილია ამ ფრანგული შვეულმფრენის ტექნიკური მომზადების პუნქტი, რამაც, წესით, უნდა გააადვილოს საქართველოში ჩამოყვანილი პირველი ორი ფრანგული "სუპერპუმას" ტექნიკური მომსახურებაც.

"სუპერპუმა" 9 ტონაზე მეტს იწონის და

4 ტონა ტვირთი ან 21 ჯარისკაცი 278 კმ/სთ სიჩქარით 618 კმ-ზე გადაჰყავს. თითოეული ასეთი შვეულმფრენის ფასი, კატალოგის მიხედვით, 15 მლნ დოლარამდეა. თუმცა ეს ფასი შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს იმის მიხედვით, რა კომპლექტაციით მოგვყიდიან მას ფრანგები. ისე კი, 15 მლნ დოლარად ხუთ თითქმის უხმარ რუსულ Ми-8МТ-ს ვიყიდდით...