ნეკნებჩამტვრეული სენატორი ქართული "ჯაველინების" წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

ნეკნებჩამტვრეული სენატორი ქართული "ჯაველინების" წინააღმდეგ

რატომ არ სურს აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს საქართველოსთვის რუსული ტანკების "მკვლელი" "ჯაველინების" მიყიდვა?

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობა, საქართველოსთვის მესამე თაობის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები - "ჯაველინები" მიეყიდათ, სასიხარულო მოულოდნელობა აღმოჩნდა, მაგრამ მალე ასევე მოულოდნელობად, ოღონდ ამჯერად - სამწუხარო მოულოდნელობად იქცა ცნობა, რომ ამერიკელი სენატორი რენდ პოლი ამ გარიგების კატეგორიული წინააღმდეგია.

54 წლის ოფთალმოლოგი რენდ პოლი სენატში კენტუკის შტატს წარმოადგენს და აშშ-ის წარმომადგენლობათა პალატის ყოფილი წევრის, რონ პოლის შვილია. ეს არის პირველი პრეცედენტი ამერიკის ისტორიაში, როდესაც სენატორის მშობელს ასეთი პოლიტიკური თანამდებობა ეკავა.

სენატორ რენდ პოლის პოლიტიკური ამბიციები ჯერ კიდევ შარშან გამოჩნდა, როდესაც მან თავისი კანდიდატურა რესპუბლიკური პარტიიდან აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებზე წარადგინა, მაგრამ რესპუბლიკელების პრაიმერიზში აიოვის შტატში 4,5%-ით მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავა და კანდიდატურა მაშინვე მოხსნა.

რა დაუშავა შორეულმა საქართველომ ამ ამბიციურ ამერიკელ სენატორს ისეთი, რომ მან 7 დეკემბერს აშშ-ის სენატში საქართველოსთვის "ჯაველინების" მიყიდვის აკრძალვის რეზოლუცია დაარეგისტრირა?

ამის კონკრეტული და დასაბუთებული მიზეზი ამერიკულ მხარეს ჯერ არ გამოუქვეყნებია. აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, სენატორის რეზოლუციას ჯერ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განიხილავენ, მერე კი ის უნდა დაამტკიცოს ან უარყოს ორივე პალატამ, სენატმაც და წარმომადგენლობათა პალატამაც. მხოლოდ ამის შემდეგ დაიდება დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტის მაგიდაზე.

რენდ პოლი დემოკრატიული პარტიის წევრი რომ ყოფილიყო, მისი ეს ნაბიჯი ასეთი გასაკვირი არ იქნებოდა, რადგან მათ წარმომადგენლებს, პრეზიდენტების დონეზეც კი, კრემლისთვის ანგარიშის გაწევის გაუხმაურებელი მოტივით არაერთხელ "გაუყინავთ" საქართველოსთვის სამხედრო-ტექნიკური დახმარების პროცესი.

საკვირველია, მაგრამ რესპუბლიკელი სენატორი საქართველოსთვის ასე საჭირო თავდაცვის საშუალებების მიყიდვის პროცესის შეჩერებას მაშინ ცდილობს, როდესაც შეიარაღებული ძალების საკითხებზე მომუშავე სენატის კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ მაკკეინი, პირიქით, საქართველოს თავდაცვის გაძლიერების მომხრეა.

ვერსიის სახით შეიძლება ვიფიქროთ, რომ სენატორმა რენდ პოლმა სწორედ ჯონ მაკკეინის პოზიციის გამო წარადგინა ეს რეზოლუცია, რადგან უდავოა, რომ ჯონ მაკკეინი საქართველოსთვის "ჯაველინების" მიყიდვის ინიციატორიც იქნებოდა.

რენდ პოლის ჯონ მაკკეინთან პოლიტიკურ ორთაბრძოლას, როგორც ეტყობა, დიდი ხნის ისტორია აქვს. მას საფუძველი ჯერ კიდევ რენდის მამამ, წარმომადგენლობითი პალატის წევრმა რონ პოლმა ჩაუყარა. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც რესპუბლიკელთა პრაიმერიზში ჯონ მაკკეინი იმარჯვებდა, მისმა კონკურენტმა რონ პოლმა ბოლომდე არ მოხსნა კანდიდატურა, მიუხედავად იმისა, რომ სამარცხვინოდ აგებდა და მხარი არ დაუჭირა თანაპარტიელ ლიდერს, როგორც ეს სხვა დამარცხებულმა კანდიდატებმა გააკეთეს.

გარდა წარსული და ამჟამინდელი ქიშპობისა, არც ის არის გამორიცხული, რომ სენატორმა რენდ პოლმა დრო იხელთა - მძიმე ავადმყოფი ჯონ მაკკეინი ხომ დეკემბრის დასაწყისში ჰოსპიტალში დააწვინეს და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება...

მკითხველისთვის არაერთხელ განგვიმარტავს, რა კონკრეტული ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების გამო აქვს დიდი მნიშვნელობა ქართული არმიის შეიარაღებაში ამერიკული მესამე თაობის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსების, "ჯაველინების", გამოჩენას ოკუპანტი მეზობლის ტანკებისგან თავდასაცავად, ამიტომ ამ საკითხს აღარ შევეხებით, სამაგიეროდ, მოგითხრობთ ქართული "ჯაველინების" მოწინააღმდეგე ამერიკელი სენატორის მეზობლურ კონფლიქტზე.

სენატში ქართული "ჯაველინების" წინააღმდეგ რეზოლუციის შეტანამდე ერთი თვით ადრე სენატორ რენდ პოლს ხუთი ნეკნი ჩაუმტვრიეს და ცხვირ-პირიც კარგად მიუნაყეს.

3 ნოემბერს კენტუკის შტატის ქალაქ ბოულინგ გრინში მეზობელმა პენსიონერმა ექიმმა რენე ბუჩერმა რენდ პოლს მას შემდეგ სცემა, რაც არაერთი თხოვნის მიუხედავად, სენატორმა მეზობლის ღობეს არ მოაშორა ნაკელის გროვა, რომელსაც გოგრების მოსაყვანად იყენებდა.

რენდ პოლი საავადმყოფოში წაიყვანეს, მეზობელი პენსიონერი კი ერთი დღით პოლიციამ დააკავა და 7 500 დოლარის გადახდის შემდეგ, სასამართლომდე სახლში გამოუშვა.

ისე, საინტერესოა, ნაკელის გამო მეზობლის მიერ ნეკნებჩამტვრეულ ამერიკელ სენატორს ახლა იმის განწყობა აქვს, იბრძოლოს, რომ საქართველომ აგრესიული მეზობლისგან მოსალოდნელი საფრთხის შემამცირებელი "ჯაველინები" არ მიიღოს?

ჩვენი დოსიე: "სენატორი რენდ პოლი ვლადიმირ პუტინისთვის მუშაობს"

სენატორებს რენდ პოლსა და ჯონ მაკკეინს შორის დაპირისპირებამ თავი 2017 წლის მარტში, სენატის კომიტეტის განხილვაზეც იჩინა, როდესაც რენდ პოლი მონტენეგროს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების პროცესისთვის აშშ-ის მხარდაჭერის წინააღმდეგ გამოვიდა და სხდომათა დარბაზიდან თავისი პოზიციის დასაბუთების გარეშე გავიდა. გაოცებულმა სენატის კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ "კენტუკის შტატის სენატორი რენდ პოლი ახლა ვლადიმირ პუტინისთვის მუშაობს". საპასუხოდ რენდ პოლმა სატელევიზიო ეთერით განაცხადა: "ვფიქრობ, ჯონ მაკკეინი ოდნავ ჭკუაზე შეიშალა".

არ არის გამორიცხული, რომ საქართველოსთვის "ჯაველინების" მიყიდვას სენატორი რენდ პოლი სწორედ კოლეგა ჯონ მაკკეინთან პირადი დაპირისპირების გამო ეწინააღმდეგება.