ბირთვული ქობინი ზურგით გადაჰქონდათ - როგორ იყო მობილიზებული საქართველოს საზღვართან ამერიკული "ჯიბის" ატომური არტილერია? - კვირის პალიტრა

ბირთვული ქობინი ზურგით გადაჰქონდათ - როგორ იყო მობილიზებული საქართველოს საზღვართან ამერიკული "ჯიბის" ატომური არტილერია?

საქართველოს სამხრეთ საზღვართან ცივი ომის დროს ამერიკული "ჯიბის" ატომური არტილერია იყო მობილიზებული

დღეს რუსეთის არმიას საქართველოს ტერიტორიაზე მონიშნული აქვს პოტენციური სამიზნეები, რომლებზეც, თუ დასჭირდება, სარაკეტო, საჰაერო და საარტილერიო დარტყმებს განახორციელებს.

ამ სამწუხარო რეალობას ვერსად გავექცევით, ისევე როგორც ფაქტს, რომ თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირში შემავალი საქართველო ამერიკული ატომური იარაღის სამიზნე იყო.

თბილისისთვის არანაკლებ სამი ბირთვული "საჩუქარი" იყო გათვლილი, თუმცა თუკი მესამე მსოფლიო ომი დაიწყებოდა, მასობრივი განადგურების იარაღს შეიძლება ვერც პროვინციული ქართული ქალაქები და სოფლები გადარჩენოდა.

საქმე ის არის, რომ 1961-დან 1971 წლის ჩათვლით, საბჭოთა კავშირ-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის საქართველოს მონაკვეთის უშუალო სიახლოვეს განთავსებული იყვნენ ამერიკული არმიის ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული საბრძოლო ჯგუფები. მათ დიდი ომის დაწყების შემთხვევაში ბათუმისა და ვალე-ახალციხის მიმართულებით უნდა გამოეყენებინათ სპეციალური და ძალზე საშიში იარაღი - კომპაქტური ბირთვული ქობინები, რომელთა გადატანა ერთ მებრძოლსაც შეეძლო... ზურგით.

ატომური იარაღის შექმნის დღიდან მეცნიერები მისი გაუმჯობესების ორ გზას ადგნენ: ერთი, რომ მისი აფეთქების სიმძლავრე უსასრულოდ გაეზარდათ და მეორე - რაც შეიძლება შეემცირებინათ ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის გაბარიტები.

1956 წელს პენტაგონმა შეიარაღებაში მიიღო ზეკალიბრის ბირთვული ქობინი, რომელიც მხოლოდ 34,5 კგ-ს იწონიდა და მისი სიგრძე 78 სმ-ს არ აღემატებოდა, სამაგიეროდ, აფეთქების სიმძლავრე 10-დან 20-მდე ტონა ტროტილის ეკვივალენტი იყო. რა თქმა უნდა, ჰიროსიმაში აფეთქებულ 18-20 ათასი ტონა ტროტილის ეკვივალენტ პირველ ატომურ ბომბთან ის ვერ მოვიდოდა, მაგრამ ამ კომპაქტურ ბირთვულ ქობინს სხვა დანიშნულება ჰქონდა - გზა გაეხსნა შეტევაზე გადასული საბრძოლო დანაყოფისთვის, თანაც ისე, რომ თავისიანები არ დაეზარალებინა.

ამიტომ ამ ბირთვულ ქობინს დაზგის დიდი ყუმბარსატყორცნიდან 2-დან 4 კმ-მდე მანძილზე უშვებდნენ. უსაფრთხოების ზომები კატეგორიულად კრძალავდა ბირთვული ქობინით სამიზნის დაზიანებას 700 მეტრზე ახლოს.

ერთი შეხედვით, ამერიკული საველე ბირთვული არტილერიის ეს მოდელი დიდი სიმძლავრით არ გამოირჩეოდა, მაგრამ მისგან მომდინარე ყველაზე დიდი საფრთხე ის იყო, რომ მესამე მსოფლიო ომის დაწყების შემთხვევაში შეტევაზე გადმოსულ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძალებს ის შეიძლება მასობრივად გამოეყენებინათ საბჭოთა საქართველოს ტერიტორიაზე.

მამა აბრამის ბატკნები, რა თქმა უნდა, არც საბჭოთა გენერალიტეტში იყვნენ და მათაც ჰქონდათ განთავსებული საქართველოს ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღი, მათ შორის - 152 მმ კალიბრიანი ბირთვული ჭურვები, რომლებითაც საჭიროების შემთხვევაში საზღვრისპირა ზონაში დისლოცირებულ თურქეთისა და ალიანსის სტრატეგიულ ობიექტებს დაბომბავდნენ, მაგრამ ქართული მიწისთვის განსაკუთრებით საშიში საბჭოთა ბირთვული ნაღმები იყო, რომელთა აფეთქება იმ საზღვრისპირა ხეობებში იყო გათვალისწინებული, საიდანაც შეიძლებოდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძალებს შემოეტიათ. ამისთვის აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში ბირთვული ნაღმების ჩასაყრელად სპეციალური ჭები იყო გამზადებული.