წლის სამხედრო მიმოხილვა
25-12-2017
წლის სამხედრო მიმოხილვა
რუსეთმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ასამდე ასეთი მოდერნიზებული Т-72Б3 ტიპის ტანკი განათავსა, რომელთა წინა ნაწილის დაცვის დონე კი გაიზარდა, მაგრამ ზემოდან, "ჯაველინების" მოხვედრისგან ისევ დაუცველი დარჩა

გასული 2017 წელი სამხედრო-პოლიტიკური მოვლენების სიმცირით არ გამოირჩეოდა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიო დონეზე. შევეცდებით გავიხსენოთ მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებსაც მომავალ წელსაც ექნება გამოძახილი.

ოპტიმიზაციით შემცირებული ოფიცრები


2017 წელი თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საკადრო ოპტიმიზაციით დაიწყო. შემცირება შეეხო 2 250 კაცს, მათგან
სამხედრო მხოლოდ 340 იყო, დანარჩენები კი სამოქალაქო პირები. ამ სამხედროებიდან 209-მ ერთჯერადი კომპენსაცია მიიღო (მაგალითად, ლეიტენანტმა 10 ათასი, ხოლო პოლკოვნიკმა 29 ათასი ლარი).

თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელების განცხადებით, შემცირებითა და საკადრო ოპტიმიზაციით თავდაცვის უწყებას 32 მლნ ლარამდე დაეზოგა და შესაბამისად, შემცირდა სამხედრო ბიუჯეტში სახელფასო და სოციალური
ხარჯები, რომელთა მოცულობა 67%-მდე ადიოდა, რაც შეიარაღების განახლებისთვის თანხების მხოლოდ მცირე ნაწილს ტოვებდა.

საკადრო ოპტიმიზაციამ, რა თქმა უნდა, გააჩინა უკმაყოფილოებიც, მაგრამ საკადრო ცვლილებების აუცილებლობა დრომ მოიტანა.
გარდა ამისა, განხორციელდა ქვეითი ბრიგადების საშტატო რაოდენობის ოპტიმიზაციაც, რისთვისაც მეხუთე ქვეითი ბრიგადა დაიშალა და მისი პირადი შემადგენლობა გადანაწილდა დანარჩენ ბრიგადებში არსებული თავისუფალი შტატების შესავსებად.

ახლებურად მომზადებული ჯარისკაცები


გაზაფხულზე თავდაცვის სამინისტრომ განაახლა 2016 წლის შემოდგომაზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიერ შეჩერებული წვევამდელების გაწვევა შეიარაღებულ ძალებში.
წვევამდელების მომზადება იმავე პროგრამით დაიწყო, რომელსაც კონტრაქტით მომსახურეები გადიან საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის თანახმად. ამასთან ახლებურად მომზადებულ სავალდებულო სამხედრო სამსახურის ჯარისკაცებს 50 ლარამდე გაეზარდათ ყოველთვიური ანაზღაურება და შაბათ-კვირას შინ წასვლის უფლებაც აქვთ.
მათ ერთწლიანი სავალდებულო სამხედრო სამსახურის განმავლობაში მარტო კოშკურაზე გუშაგად დგომა აღარ მოუწევთ, გენშტაბი ახლებურად მომზადებული ჯარისკაცების სამხედრო წვრთნებში ჩართვასაც გეგმავს.

ამერიკული ჯავშანტექნიკის მარში ფოთიდან ვაზიანამდე


2017 წელს საქართველოში გაიმართა სამი საერთაშორისო სამხედრო სწავლება, რომლის ფარგლებში ქართულ პოლიგონებზე პირველად გამოჩნდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შეიარაღებაში არსებული თანამედროვე საბრძოლო ტექნიკისა და იარაღის ნიმუშები, მათ შორის ჯავშანტრანსპორტიორები "სტრაიკერი" და "ბოქსერი". ვაზიანის პოლიგონზე პირველად იქნა დემონსტრირებული მესამე თაობის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის, "ჯაველინების" საბრძოლო გამოყენება.
"ჯაველინები" ამერიკული არმიის იმ დანაყოფის მებრძოლებმა გაისროლეს, რომელთა "სტრაიკერების" კოლონებმა ფოთიდან ვაზიანამდე თითქმის 400-კილომეტრიანი შეუჩერებელი მარში განახორციელეს. ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ამერიკული არმიის მთელმა დანაყოფმა საშტატო შეიარაღებით მარშ-გადასროლა განახორციელა საავტომობილო გზებით ნახევარი საქართველოს გავლით. ასეთ მობილურობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება კრიტიკულ მომენტებში, როდესაც მეგობარი ქვეყნისთვის სასწრაფოდ დახმარებაა საჭირო.

გაგრძელებული ავღანური მისია

ქართული არმია 2009 წლიდან მონაწილეობს ავღანეთში მიმდინარე მისიაში. გამონაკლისი არც გასული წელი ყოფილა. ავღანეთში მუდმივად იმყოფებოდა 850-კაციანი ქართული სამხედრო კონტინგენტი, რომელიც გადანაწილდა ამერიკულ და გერმანულ სამხედრო ბაზებში ქაბულში, ბაგრამსა და მაზარი-შარიფში.

სამწუხაროდ, ავღანეთში მსხვერპლს ქართველი სამხედროები ვერც 2017 წელს გადაურჩნენ, დაგვეღუპა მისიის დაწყებიდან 32-ე მებრძოლი, რამდენიმე დაიჭრა.
ავღანეთში საერთაშორისო სამშვიდობო მისია "მტკიცე მხარდაჭერის" სახელით ჯერ დამთავრებისგან შორსაა, პირიქით, აშშ-მა დაიწყო თავისი კონტინგენტის ნელ-ნელა გაზრდა, რადგან ავღანეთში თალიბების გარდა, "ისლამური სახელმწიფოს" მომხრეებიც მომრავლდა. არც ის არის გამორიცხული, რომ ქართული სამხედრო კონტინგენტის გაზრდაც დადგეს დღის წესრიგში.

"ჯაველინების" მოლოდინში


წლის მიწურულს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩვენთვის მოულოდნელი და ამასთანავე, სასიხარულო განცხადება გააკეთა - ამერიკის მთავარი საგარეო უწყება თანახმაა საქართველოს 75 მლნ დოლარად ღირებული მესამე თაობის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი "ჯაველინი", 72 სამეთაურო-გასაშვები ბლოკი და 410 რაკეტა მიჰყიდოს. 19 დეკემბერს აშშ-ის კონგრესმა მხარი დაუჭირა საქართველოსთვის "ჯაველინების" მიყიდვას.
შეიძლება საზოგადოების ერთ ნაწილს ეს დიდ თანხად მოეჩვენოს, მაგრამ მთავარი არა დასახელებული თანხა, არამედ ის მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ შეიძლება დაარღვიოს გამოუცხადებელი ემბარგო საქართველოსთვის ლეტალური შეიარაღების მიყიდვაზე, რომელიც აგვისტოს ომის შემდგომ დააწესა თეთრმა სახლმა, რათა კრემლი არ გაღიზიანებულიყო.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი გარემოება ფსიქოლოგიური მომენტია, როდესაც ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში განთავსებული ასამდე რუსული ტანკის სამასამდე ტანკისტს ეცოდინება, რომ შეტევაზე გადასვლისას ამერიკული "ჯაველინებით" ქართველი მებრძოლები მათ ტანკებს უცილობლად ააფეთქებენ ზუსტი წერტილოვანი დარტყმებით, მათი საბრძოლო სული თავიდანვე დიდ ეჭვქვეშ დადგება.
რაც შეეხება კონტრაქტის თანხას, 75 მლნ დოლარს, არ არის გამორიცხული, მისი არცთუ ისე მცირე ნაწილი აშშ-ში მოქმედი რომელიმე საერთაშორისო სამხედრო დახმარების პროგრამით დაიფაროს.

ბირთვულქობინიანი წითელი კორეა

2017 წელი ნამდვილად იქცა ჩრდილო კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების ტრიუმფად –- ფხენიანმა განახორციელა წარმატებული მიწისქვეშა ბირთვული აფეთქებები და გაუშვა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც უკვე სწვდებიან ჩრდილო ამერიკის კონტინენტს.
სწორედ ეს ორი გარემოება – ბირთვული იარაღი და ბალისტიკური რაკეტა იყო ის ბოლო ზღვარი, რომელიც ძალზე აღელვებდა ოფიციალურ ვაშინგტონს. დარჩა გადამწყვეტი მომენტი - ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის განთავსება საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის ქობინში, რის შემდეგაც ვერც აშშ და ვერც ევროპა თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობენ. წითელი კორეის "უცნაური" ლიდერი რომ ყველაფერზეა წამსვლელი, ამას დასავლეთში არცთუ უსაფუძვლოდ დიდი ხანია ეჭვობენ.

პრევენციული სამხედრო დარტყმის მიყენება ჩრდილო კორეის ბირთვული და სარაკეტო პოტენციალისთვის უკვე ჩაწერილია პენტაგონის სტრატეგების გეგმებში, მაგრამ რაც უნდა შედეგიანი იყოს პრევენციული საჰაერო დარტყმები, წითელ კორეას მაინც დარჩება მიწისქვეშა ბუნკერებში გადამალული იმდენი სარაკეტო და საარტილერიო საშუალება, რომლებიც საკმარისი იქნება საზღვრიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში არსებული მრავალმილიონიანი სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულის ნაწილობრივ დასანგრევად მაინც.
ჩრდილო კორეის მზარდი ბირთვული და სარაკეტო პოტენციალი მომავალ წელსაც დარჩება მთელი მსოფლიოს ერთ-ერთ თავსატეხად.

დამარცხებული "ისლამური სახელმწიფო"

2017 წელი უთუოდ იქცა მსოფლიოს "შავი ჭირის" - "ისლამური სახელმწიფოს" წელში გადატეხის წლად.
მოხდა საოცრება - ტერორისტულმა ჯგუფებმა რამდენიმე წელიწადში მოახერხეს სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე ტერორისტული სუბიექტის შექმნა, თანაც, სახელმწიფოებრიობის ბევრი ნიშან-თვისებით, რომელიც ამასთანავე მეზობელი ქვეყნების ხარჯზე გაფართოების სურვილსაც ამჟღავნებდა.

დასავლეთის კოალიციური ძალებისა და რუსეთის შეიარაღებული დაჯგუფების მოქმედების შედეგად "ისლამურმა სახელმწიფომ" მარცხი განიცადა, მაგრამ ეს დამარცხება შეეხო მხოლოდ მათ სურვილს, შეექმნათ სახელმწიფო სუბიექტი. დაცალკევებულმა და მსოფლიოში გაბნეულმა ტერორისტებმა შეიძლება ბევრად მეტი საფრთხე შეუქმნან მსოფლიოს, ვიდრე "ისლამურ სახელმწიფოში" ერთ ტერიტორიაზე შეჯგუფებულები ქმნიდნენ, როდესაც მათი ერთად განადგურება საავიაციო და საარტილერიო დარტყმებით უფრო ადვილი იყო.

მომავალ 2018 წელს ათი წელი სრულდება აგვისტოს ომიდან, იმ ხუთდღიანი ომიდან, რომელმაც საშვილიშვილო პრობლემები დაგვიტოვა. მეზობელი ქვეყნის საოკუპაციო სამხედრო ბაზები ისევ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზეა და არავითარი პირი არ უჩანს მათ გაყვანას, პირიქით, მსოფლიოს ზესახელმწიფოებს შორის გართულებული პოლიტიკური დაპირისპირება საფრთხის დონეს კიდევ უფრო ზრდის საქართველოსთვის.

რითი სჯობს ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინი" რუსულ "კორნეტს"

მესამე თაობის "ჯაველინს" ორი დიდი უპირატესობა აქვს რუსულ "კორნეტთან" და "ფაგოტთან" შედარებით. პირველი - "ჯაველინი" მოქმედებს პრინციპით: "გაისროლე-დაივიწყე-მოარტყი", ანუ მიზანში ამოღებისა და სტარტის შემდეგ მას ოპერატორის მართვა აღარ სჭირდება, თავად ემიზნება. მეორე უპირატესობა - "ჯაველინის" რაკეტა ზემოდან ხვდება ტანკს, სადაც ამ უკანასკნელს ბევრად თხელი ჯავშანი აქვს, ვიდრე წინა ნაწილში და გარანტირებულად აფეთქებს მას.

ირაკლი ალადაშვილი
რეზო
03 იანვარი 2018 22:08
ბექა, შენ ისე იცი ეს თემა, უეჭველი ნასროლი გექნება ერთიც და მეორეც.
ბექა
01 იანვარი 2018 15:14
რა ჯვალენი ეგრა იარაღია ნამდვილი ჯართია თუ შევადარებთ ჩინურ AFT-10 ამასტან შედარებაც კი არშეილება შედით ნახეთ ორივეს შესაძლებლობები და გაიგებთ

რედაქტორის რჩევით