პირში ტყვია მიეცით, ანუ რა გვარი იყო საზენიტო რაკეტის პილოტი...
პირში ტყვია მიეცით, ანუ რა გვარი იყო საზენიტო რაკეტის პილოტი...
სამხედროებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მკაცრი იერის მიუხედავად, არც მათთვის არის უცხო იუმორი, მით უფრო, რომ მათ ყოველდღიურ დაძაბულ ცხოვრებაში კურიოზები იშვიათი არ გახლავთ. ჩემი 25-წლიანი სამხედრო ჟურნალისტური საქმიანობის 10 წელი საქართველოს სამხედრო ძალებში ოფიცრად სამსახურს მიეძღვნა და არაერთი კურიოზისა თუ სასაცილო შემთხვევის მომსწრე გავმხდარვარ. საახალწლო დღეებში რამდენიმე ასეთი შემთხვევის გაზიარება "კვირის პალიტრის" ერთგულ მკითხველს კარგ გუნებაზე დააყენებს.

"პირში ტყვია მიეცით... ოღონდ, არ გადაყლაპოთ!"

1992 წელი... საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა
იწყებოდა. ბუნებრივია, ჯარისკაცებს და ოფიცერთა უმრავლესობას საბრძოლო გამოცდილება არ ჰქონდა და ყველაფერს ომის დროს სწავლობდნენ.

მაშინდელი შინაგანი ჯარების ერთ-ერთი დანაყოფი აფხაზეთში პოზიციაზე იდგა, როდესაც ახალწვეულები მიიღეს. სწორედ ამ დროს ბრძოლაც დაიწყო. დანაყოფის მეთაურმა მოკლე ბრძანება გასცა: "ტყვია პირში მიეცით და მოემზადეთ!"

გამოცდილმა მებრძოლებმა იცოდნენ, რას
ნიშნავდა ეს ბრძანება - ავტომატს მჭიდს მოარგებ და იარაღს გადატენი. ამის შემდეგ ვაზნა მჭიდიდან ლულის პირში ინაცვლებს და ავტომატიც სასროლად მზადაა.

მეთაურმა დანაყოფს გადახედა და გაშრა - ერთ-ერთ ახალწვეულს ბრძანება პირდაპირ გაეგო და კბილებში ავტომატის ვაზნაგაჩრილი მეთაურს თვალებში შესციცინებდა, ხომ სწრაფად შევასრულე ბრძანებაო...
ის და მომდევნო დღეებიც ჯარისკაცი ხუმრობის საგნად იქცა, თუმცა გულში წყენა არ ჩაუდვია და მომავალში ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი გახდა.

ამ კურიოზული შემთხვევის შემდეგ როცა დანაყოფის მეთაური გასცემდა ბრძანებას: "ტყვია პირში მიეცით!" რაც უნდა რთული საბრძოლო სიტუაცია ყოფილიყო, მაინც ღიმილით ამატებდა: "ოღონდ არ გადაყლაპოთ!"

"ბატონო მინისტრო, რა გვარია იმ გაფრენილი რაკეტის პილოტი?"

1990-იანი წლების შუა ხანებია... მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ვარდიკო ნადიბაიძემ ფოთში ჟურნალისტები მიგვიწვია, მალთაყვიდან C-125 ტიპის საზენიტო რაკეტების სასწავლო-საბრძოლო გაშვებას რომ დავსწრებოდით.

ორი საზენიტო რაკეტის სტარტი ზღვის მიმართულებით მართლაც შთამბეჭდავი იყო...
ჟურნალისტები გარს შემოეხვივნენ ვარდიკო ნადიბაიძეს. ყველა ცდილობდა, რაღაც ეკითხა. კმაყოფილი ნადიბაიძე, რომ მისი მაკრიტიკებელი ჟურნალისტები, ბოლოს და ბოლოს, დააინტერესა, კითხვებს ხალისიანად პასუხობდა. ამ დროს მინისტრის გვერდით გაძვრა რეგიონის კაფანდარა ჟურნალისტი გოგონა და მეგრული კილოთი ეუბნება:

- ბატონო მინისტრო, ბატონო მინისტრო, პილოტების გვარები ჩამაწერინეთ! - თან ბლოკნოტი და კალამი აქვს მომარჯვებული.
- რომელი პილოტების, გოგონი? - ეკითხება ჯერ ისევ მოღიმარი მინისტრი.
- აი, იმათი, წეღან გაფრენილ რაკეტებში რომ ისხდნენ! - მტკიცედ და თავდაჯერებით პასუხობს გოგონა.

უნდა გენახათ ვარდიკო ნადიბაიძის სახე - ღიმილი გაუქრა, რუსულად რაღაც ჩაიბურდღუნა და მომაცილეთ ეს ჟურნალისტები, სანამ გამაგიჟესო, გასძახა თანმხლებთ... თუმცა საველე სამზარეულოსთან გაშლილ სახელდახელო სუფრასთან მინისტრს გაბრაზებამ გადაუარა და ერთი სადღეგრძელო "იმ რაკეტების პილოტებისაც" შევსვით...

ჰიმნი და ქიმიური ალიაქოთი

20 წლის წინ უკრაინაში, ლვოვთან ახლოს, იავოროვსკის სამხედრო პოლიგონზე ქართულმა სადაზვერვო ასეულმა ჩვენთვის ერთ-ერთ პირველ საერთაშორისო სამხედრო სწავლებაში მიიღო მონაწილეობა. ოცეულს რამდენიმე ქართველი ჟურნალისტიც ვახლდით.

სწავლების ოფიციალურ გახსნაზე ყველა მონაწილე ქვეყნის ჰიმნი ააჟღერეს, საქართველოს გარდა, რადგან... არ ჰქონდათ. ამან ჩვენი პროტესტი გამოიწვია.
სწავლების გახსნაზე იყო ოფიციალური ქართული დელეგაციაც, რომელსაც თავდაცვის მინისტრი ვარდიკო ნადიბაიძე ხელმძღვანელობდა. ერთმა ახალგაზრდა ქართველმა ჟურნალისტმა ვერ მოითმინა და მინისტრს ჰკითხა, რატომ არ ჩამოიტანეს ჩვენი ჰიმნი, ყველა მონაწილემ ხომ ჩამოიტანაო.

- რა არ ჩამოუტანიათ? - ჩაეკითხა ვარდიკო ნადიბაიძე.
- ჰიმნი, ჰიმნი, ბატონო მინისტრო! - ხმაურში ორჯერ გაუმეორა ჟურნალისტმა.

- კარგი, გავარკვევ! - იყო მინისტის ბოლო სიტყვა. ქართული დელეგაცია საღამოს თბილისში გამოფრინდა, Dჩვენ კი, დაღლილები, პოლიგონიდან ყაზარმაში დავბრუნდით. ერთი სული გვქონდა, დაგვესვენა.
შუაღამისას თბილისიდან სატელეფონო ზარმა ყველა ფეხზე წამოგვყარა. გენერალური შტაბიდან გვირეკავდნენ:
- ბიჭებო, ასეთი რა სწავლება გაქვთ! დილამდე როგორმე გაუძელით და თბილისიდან სპეციალური რეისით სასწრაფოდ ჩამოგიტანთ ქიმიური თავდაცვის სპეციალურ დამცავ კომპლექტებს!

- რა ქიმიური თავდაცვა, რის დამცავი კოსტიუმები? ვინ გითხრათ, რომ გვჭირდება?

- თქვენ თვითონ არ უთხარით მინისტრს, ყველა მონაწილე ქვეყნის დანაყოფს თავისი ქიმიური თავდაცვის საშუალებები აქვსო?
ახლა ჩვენი გაკვირვების დრო დადგა...
აღმოჩნდა, რომ თავდაცვის მინისტრმა ვარდიკო ნადიბაიძემ, რომელიც, ძირითადად, რუსულად ლაპარაკობდა (თუმცა ქართულადაც გამართულად მეტყველებს), ხმაურში ჟურნალისტის ნათქვამი ქართული სიტყვა - ჰიმნი რატომღაც რუსულ хим (химический)-ად აღიქვა და, როგორც სამხედრომ, ეს სიტყვა მაშინვე ქიმიურ თავდაცვას დაუკავშირა.

თბილისში ქართული დელეგაცია ღამით ჩამოფრენილა, მაგრამ ამას თავდაცვის მინისტრისთვის ხელი არ შეუშლია, თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის ხელმძღვანელები განგაშით გამოეძახებინა. ახალგაღვიძებული გენერლები და პოლკოვნიკები მაშინვე მისულან თავდაცვის სამინისტროში.
სხდომათა დარბაზში შესულმა გაბრაზებულმა მინისტრმა ჯერ წამოაყენა პოლკოვნიკი - ჯარების ქიმიური, ბიოლოგიური და რადიაციული დაცვის სამმართველოს უფროსი და მკაცრად (ანუ საბჭოთა გენერლების "საყვარელი" რუსული უცენზურო სიტყვებით) მოსთხოვა პასუხი, რატომ არ გაატანეთ ოცეულს უკრაინაში ქიმიური თავდაცვის კომპლექტებიო...

მანამდე, წლების განმავლობაში, ეს პოლკოვნიკი სხდომებზე თვლემდა, რადგან ქართულ არმიაში ისედაც იმდენი პრობლემა იყო, მასობრივი განადგურების იარაღისგან ჯარების დაცვის სამმართველო არავის ახსოვდა, ახლა კი ჯოხი მასზე გადატყდა...
ქიმიური ალიაქოთის მიზეზის გარკვევის შემდეგ, საბედნიეროდ, აღარ დაგვჭირდა თბილისიდან უკრაინაში ქიმიური თავდაცვის კომპლექტების გამოგზავნა...

შუა ზღვაში, კამბუზში...

1999 წელს ბულგარეთში, ვარნაში, საერთაშორისო სამხედრო-საზღვაო სწავლებაში მონაწილეობდა საქართველოს საარტილერიო კატარღა (შემდგომში "ბათუმად" მონათლული), საბორტე ნომრით 301S. ეკიპაჟში ოთხი ჟურნალისტიც ვიყავით, საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების პირველ საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობის გასაშუქებლად. გვეჩქარებოდა და ფოთიდან პირდაპირ ვარნისკენ ავიღეთ გეზი. ფაციფუცში ბოცმანს ვიდეოკასეტების წამოღება დაავიწყდა, არადა, ორი დღე-ღამე მხოლოდ გაშლილი ზღვის ყურება არ გვინდოდა, თანაც ორი ვიდეოკამერა გვქონდა.
ჰოდა, გახუმრების იდეაც თავისთავად დაიბადა...

ჩვენი თხოვნით, ბოცმანმა ღამით კუბრიკში მძინარე ორი ჩვენი კოლეგა გააღვიძა.
- ხომ ივახშმეთ, ახლა თქვენი ჯერია კამბუზში ჭურჭლის დარეცხვის! - მოსთხოვა მრისხანე სახით ნახევრად მძინარეებს.

- კი მაგრამ, ჩვენ რატომ? ჩვენ ხომ ჟურნალისტები ვართ! - სცადეს წინააღმდეგობის გაწევა.
- ეკიპაჟის წევრებად მიგიღეთ? ჰოდა, ასეთია საზღვაო წესები! - უფრო გაიმკაცრა ხმა ბოცმანმა.

უკმაყოფილო ჟურნალისტებმა ჩაიცვეს და კამბუზამდე მილასლასდნენ, ჩვენ კი სიბნელიდან ყველაფერს ვიღებთ...
კატარღა შავი ზღვის ტალღებს მიაპობს, Kკამბუზის ილუმინატორი კი ღიაა და გვესმის, ჭურჭლის მრეცხავი ჟურნალისტები ერთმანეთს უკმაყოფილოდ რომ ებუზღუნებიან - სახლში ვერ გვაიძულებენ თეფშის გარეცხვას, აქ კი ამდენი დასვრილი ჭურჭლის გარეცხვა გვიწევსო.

მეორე დილა თენდება... საუზმეზე კაიუტ-კომპანიაში ვიკრიბებით. "ჭურჭლის მრეცხავები" ჩუმად არიან, დარწმუნებულები, რომ ჩვენ არაფერი ვიცით.
ერთ-ერთს ვთხოვთ, ტელევიზორი ჩართოს (წინა ღამით გადაღებული კასეტა ვიდეომაგნიტოფონში მანამდე ჩავდეთ), იქნებ რამე გადაცემა დაიჭიროს. ის უკმაყოფილო გვპასუხობს, ამ შუა ზღვაში რას დაიჭერსო, მაგრამ მაინც რთავს ტელევიზორს და გახარებული შესძახის:
- დავიჭირე! რაღაც არხი დავიჭირე! - მაგრამ ორიოდე წუთში ეკრანზე მათი ღამის თავგადასავალი ჩნდება, დაწვრილებით - ადგომიდან ბოლო თეფშის გარეცხვამდე...

ისინი უხმოდ დგებიან და კაიუტ-კომპანიიდან გადიან.
გართობა გართობად, მაგრამ მათ შემოსარიგებლად კარგა ხანი დაგვჭირდა.

ირაკლი ალადაშვილი
საქმე
03 თებერვალი 2018 21:56
ბატონო ირაკლი, ეტყობა არაა თქვენი საქმე სახუმარო სტილში წერა.
წერეთ სერიოზული ანალიტიკური სტატიები, გაცილებით უკეთ გამოგდით
ზვიადი ნემსაძე
06 იანვარი 2018 00:33
მადლობთ ტკბილი მოგონებისთვის ბატონო ირაკლი. მე ბოცმანი ვარ ყოფილი ბორტ-301 "ბათუმის"
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები