საახალწლო ფეიერვერკის ქვეშ დაბომბილები... - კვირის პალიტრა

საახალწლო ფეიერვერკის ქვეშ დაბომბილები...

აეროდრომზე აფეთქებულმა ნაღმმა რუსულ ბომბდამშენს კუდის ნაწილი წააგლიჯა

ახალ წელს სირიაში, ჰმეიმის აეროდრომზე, ნაღმსატყორცნებით რუსული სამხედრო თვითმფრინავები დაბომბეს, რისი მიჩქმალვაც რუსმა გენერლებმა ამაოდ სცადეს...

სირიაში ახალ წლამდე ჩაფრენილმა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთელ მსოფლიოს საზეიმოდ ამცნო "ისლამურ სახელმწიფოზე" რუსული იარაღის შთამბეჭდავი გამარჯვების ამბავი, თუმცა ზუსტად ახალ წელს მან და მისმა გენერლებმა არანაკლებ შთამბეჭდავი უკუდარტყმა მიიღეს.

ზუსტად ახალი წლის დადგომისას, როდესაც სირიის ლატაკიაში ღამის ცას ათასნაირი საახალწლო ფეიერვერკი და ავტომატების, ტყვიამფრქვევებისა და საზენიტო ავტომატური ქვემეხების ცეცხლი ანათებდა, ჰმეიმის აეროდრომზე 82 მმ კალიბრის ნაღმსატყორცნის ნაღმებმა იწყეს აფეთქება.

28 თვეა, ჰმეიმის აეროდრომზე რუსული სამხედრო-საჰაერო ბაზაა განთავსებული და საახალწლო "ნობათის" გამგზავნებმა, ალბათ, ზუსტად გაითვალისწინეს საახალწლო ფეიერვერკის ეფექტი, რომლის ფონზე გასროლის ხმით ძნელი იქნებოდა მობილური ნაღმსატყორცნების საცეცხლე პოზიციის დაფიქსირება, საჰაერო თავდაცვის სისტემის რადიოლოკატორები კი თითქმის ვერ ახერხებენ 2-3 კმ-დან ნასროლი 82 მმ-იანი ნაღმების ფრენის ტრაექტორიის დადგენას.

პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკით მოქმედ ჯგუფებს Aაეროდრომები მრავალჯერ დაუბომბავთ ვიეტნამშიც, ავღანეთშიც, ერაყშიც და გასაკვირი არც ჰმეიმის რუსული საავიაციო ბაზის დაბომბვა იქნებოდა (სიმართლე ითქვას, საკვირველი უფრო ის იყო, ანტიასადისეულმა საბრძოლო ჯგუფებმა ასეთ "მსხვილ ლუკმას" მანამდე რომ არ მიაყენეს საარტილერიო დარტყმა), მაგრამ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა, რათა ახალი წლის დღეებში არც რუსეთის საზოგადოებას და არც მსოფლიოში არავის გაეგო, რომ ჰმეიმის აეროდრომზე ნაღმები სწორედ იმ ადგილზე Fაფეთქდა, საიდანაც რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა პუტინმა მთელ მსოფლიოს სირიაში "გამარჯვება" "ახარა".

მხოლოდ 3 იანვარს რუსული მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელ გაზეთ "კომერსანტით" გახმაურდა ჰმეიმის რუსული საჰაერო ბაზის დაბომბვის ფაქტი. ათზე მეტი სამხედრო დაიჭრა და შვიდი საბრძოლო თვითმფრინავი განადგურდა - ასეთი იყო პირველი არაოფიციალური ინფორმაცია.

ამას რუსულ და საერთაშორისო ინტერნეტსივრცეშიც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იძულებული გახდა, ოფიციალური განცხადებით ეღიარებინა მოულოდნელი დაბომბვა და ორი რუსი სამხედროს დაღუპვა, თუმცა შვიდი თვითმფრინავის განადგურება რუსულმა გენერალიტეტმა კატეგორიულად უარყო.

არაოფიციალური წყაროები ჰმეიმის აეროდრომზე განადგურებულ თვითმფრინავებს შორის ასახელებდა Су-24М ტიპის საფრონტო ბომბდამშენებსა და უახლეს Су-35С გამანადგურებლებსაც კი, რაც რუსეთის სამხედრო ავიაციას 200 მლნ-მდე დოლარის ზარალს მიაყენებდა.

ამ თემაზე ვნებათაღელვა უფრო გააღვივა ინტერნეტსივრცეში გამოჩენილმა ორმა ფოტოსურათმა. ერთ ფოტოზე Су-24М ტიპის საფრონტო ბომბდამშენის ფიუზელაჟის მარჯვენა მხარეს ნამსხვრევით დაზიანებული ადგილიდან საავიაციო ნავთი უწყვეტ ნაკადად იღვრება, მეორე კი უფრო შთამბეჭდავია - ასევე Су-24М-ის (საბორტე ნომერი 29) სტაბილიზატორის მარჯვენა ნაწილი აფეთქების შედეგად არის დეფორმირებული.

ამ ფოტოების გამოქვეყნებისთანავე რუსული ინტერნეტსივრცის ოფიციალურმა ბოტებმა დაიწყეს ინფორმაციული შეტევები იმ არცთუ ბევრი დამოუკიდებელი რუსი სამხედრო ექსპერტის წინააღმდეგ, რომლებმაც ეს დაზიანებული ბომბდამშენები ჰმეიმის აეროდრომის საახალწლო დაბომბვას დაუკავშირეს, ანუ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კვლავ სიმართლის დამალვაში დაადანაშაულეს.

რუსეთის ოფიციალური ტელევიზიებით 5 იანვარს უჩვენეს ვიდეოკადრები, რომლებზეც ჩანს ჰმეიმის აეროდრომზე მგორავი Су-24М ტიპის საფრონტო ბომბდამშენი, საბორტე ნომრით 29. ამით რუს გენერლებს სურდათ, ეჩვენებინათ, თითქოს მას არაფერი მოსვლია, თუმცა ალბათ, ამ თვითმფრინავს სატელევიზიო გადაღების წინ სასწრაფოდ შეუცვალეს დაბომბვით დაზიანებული სტაბილიზატორის მარჯვენა ნაწილი.

როგორც ჩანს, სიმართლე სადღაც შუაშია - საახალწლო ღამეს ფეიერვერკების ფონზე მართლაც დაიბომბა ჰმეიმის აეროდრომზე დისლოცირებული რუსული სამხედრო-საჰაერო ბაზა, დაიღუპა ორი და დაიჭრა ათამდე რუსი სამხედრო, დაზიანდა (ოღონდ არ აფეთქებულა) რამდენიმე თვითმფრინავი და შვეულმფრენი.

რუსული გენერალიტეტის სურვილი, მიეჩქმალათ ეს ფაქტი, შეიძლება იმითაც იყო განპირობებული, რომ დაბომბვამდე რამდენიმე საათით ადრე, 31 დეკემბერს, სირიაში ჩამოვარდა რუსული დამრტყმელი შვეულმფრენი Ми-24 და ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა. ოფიციალური განცხადების თანახმად, შვეულმფრენი ელექტროსადენებს წამოედო, თუმცა არც მისი ჩამოგდებაა გამორიცხული.

რატომ გავამახვილეთ ყურადღება სირიაში რუსული სამხედრო ბაზის საახალწლო დაბომბვაზე? როგორც ჩანს, ფრონტალურ ბრძოლებში დამარცხებული "ისლამური სახელმწიფოს" ნარჩენები და სხვა ოპოზიციური ძალები ისევ პარტიზანული თავდასხმის ტაქტიკას უბრუნდებიან, რაც სირიაში ჰმეიმის საჰაერო და ტარტუსის საზღვაო რუსული სამხედრო ბაზებისთვის შეიძლება სერიოზულ საფრთხედ იქცეს.

ერთი-ორი ასეთივე მოულოდნელი საარტილერიო დაბომბვის შედეგად რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შეიძლება უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რადგან ჰმეიმის აეროდრომზე Y30-40 თვითმფრინავი და შვეულმფრენი ღია ცის ქვეშ დგას და თანაც - ერთმანეთის გვერდით და ერთმა 82 მმ-იანმა ნაღმმა, რომლის ფასი ათ დოლარს არ აღემატება, აფეთქებისას შეიძლება რამდენიმე საფრენი აპარატი დააზიანოს ან სულაც ააფეთქოს, თითოეული მათგანის ღირებულება კი 10 მლნ დოლარზე ნაკლები არ არის.

სხვათა შორის, ეს არაერთხელ მომხდარა 1979-89 წლების ავღანეთის ომის დროს. 1988 წლის 23 ივნისს მოჯაჰედებმა უმართავი რაკეტებით დარტყმა მიაყენეს ქაბულის აეროდრომს, რის შედეგადაც თბილისის საავიაციო ქარხნიდან ახალი ჩაყვანილი რვა Су-25 ტიპის მოიერიშე აფეთქდა.

P.S. რა გასაკვირვია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თავის ბომბდამშენებზე ათი დღის წინანდელ თავდასხმას მალავს - რუსეთის გენშტაბს ხომ დღემდე არ უღიარებია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს თავისი ორი Су-24М ტიპის ბომბდამშენის დაკარგვა?

ერთ-ერთი ჩამოგდებული რუსული ბომბდამშენის მცირე ფრაგმენტებს მე დღემდე ვინახავ ყოველი შემთხვევისთვის - იქნებ მოსკოვმა მომხდარი აღიაროს...