რუსულმა C-300-ებმა საქართველოს გადაუფრინეს - კვირის პალიტრა

რუსულმა C-300-ებმა საქართველოს გადაუფრინეს

2008 წლის აგვისტოს ომის დროს სომხეთში რუსეთის გიუმრის სამხედრო ბაზიდან გამოყვანილი 50-მდე ტანკი და ჯავშანმანქანა, ეკიპაჟებითურთ სომხეთ-საქართველოს საზღვარს იყო მომდგარი.

მაშინ, მართალია, ამ რუსულ ჯავშანჯგუფს საქართველოს საზღვარი სომხეთის მხრიდან არ გადმოულახავს, მაგრამ ამის საფრთხე მუდმივად რჩება, მით უმეტეს, თუკი სომხეთის ხელისუფლებას არ ძალუძს, ხელი ააღებინოს მის ტერიტორიაზე განთავსებულ რუს სამხედროებს მეზობელ საქართველოზე შემოტევის სურვილზე.

ამიტომაც ჩვენთვის ნამდვილად აუცილებელია ვიცოდეთ, თუ რას წარმოადგენს რუსეთის შეიარაღებული ძალების დაჯგუფება მეზობელ სომხეთში, რითია შეიარაღებული და რა სახის სამხედრო საფრთხე შეიძლება შეგვექმნას სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ივნისის დასაწყისში სომხეთში რუსეთიდან დამატებით ახალი სამხედრო ტექნიკა შეიტანეს.

ყველაზე აღმაშფოთებელი კი ის არის, რომ რუსეთის გიუმრის სამხედრო ბაზის გაძლიერება ისევ საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით ხდება. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ეს ტექნიკა სომხეთის შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად იყო განკუთვნილი. მაშინ დამატებითი თავსატეხი ასევე მეზობელ აზერბაიჯანს უჩნდება.

ჩვენი ინფორმაციით, სომხეთში, ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე რეისი განახორციელეს "რუსლანის" ტიპის უზარმაზარმა რუსულმა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებმა, რომლებმაც რუსეთიდან სომხეთში რვა ერთეული C-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და მათთვის საჭირო დამატებითი აღჭურვილობა ჩაიტანეს.

მუხლუხებიან შასიზე დამონტაჟებული C-300B ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები უკვე ათ წელზე მეტია ისედაც არის სომხეთში რუსეთის გიუმრის ბაზის საჰაერო თავდაცვის უზრუნველსაყოფად.

მეტიც, თავად სომხეთის არმიას რამდენიმე წელია, შეიარაღებაში აქვს C-300ПС ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, რომლებიც ერევანს, ცხადია, მოსკოვმა მიაწოდა.

სომხეთში "რუსლანებით" საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით გადასროლილი ახალი С-300-ები მნიშვნელოვნად გააძლიერებენ საჰაერო კონტროლს არა მარტო სომხეთის, არამედ აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს საჰაერო სივრცეშიც, რადგან ამ კომპლექსის ძველი საზენიტო რაკეტების მოქმედების რადიუსი 75 კმ-მდეა, მოდერნიზებულისა კი 150-200 კმ-მდე.

თუკი სომხეთში რუსეთიდან ერთი თვის წინ გადასროლილი C-300 ტიპის საზენიტო კომპლექსები ყარაბაღშიც მოხვდება, მაშინ მის ოპერატორებს საჰაერო სამიზნის დაზიანება ბაქოს თავზეც შეეძლებათ...

ოკუპირებულ აფხაზეთში, ცხინვალთან, ახალგორთან და ასევე მეზობელი სომხეთის გიუმრიში რუსული C-300-ების მიერ ერთდროულად საჰაერო სივრცის გაკონტროლების დაწყება საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენას (საშუალო და მაღალ სიმაღლეებზე) ძალიან სახიფათოს გახდის.