რა ელის თრუსოს ხეობას... - კვირის პალიტრა

რა ელის თრუსოს ხეობას...

ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ თრუსოს ხეობამ კოდორის, დიდი და პატარა ლიახვის ხეობების ბედი არ გაიზიაროს

ჟურნალისტისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, პირველმა მიაწოდოს მკითხველს ექსკლუზიური მასალა, მაგრამ ხანდახან ამაზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დგება.

"კვირის პალიტრას" ჯერ კიდევ ორი თვის წინ ჰქონდა ინფორმაცია, თუ რა სპეციალური საიდუმლო ზომების განხორციელება დაიწყეს საქართველოს ხელისუფლებამ და ძალოვანმა სტრუქტურებმა თრუსოს ხეობაში, მაგრამ შეგნებულად არ გავავრცელეთ ეს ინფორმაცია. მიგვაჩნია, რომ დასწრებით სპეცოპერაციას მხოლოდ მაშინ აქვს სასურველი შედეგი, თუ დიდხანს იქნება დაცული მისი საიდუმლოება.

ცოტა ხნის წინ ქართულ მასმედიაში მაინც გამოჩნდა ინფორმაცია თრუსოს ხეობაში ქართული ძალოვანი სტრუქტურების დანაყოფების შეყვანის შესახებ.

დღეს ეს უკვე საიდუმლოებას აღარ წარმოადგენს ისევე, როგორც ის ფაქტი, რომ ცხინვალელი სეპარატისტები ჩრდილო ოსეთის გარკვეული წრეებისა და, რა თქმა უნდა, რუსეთის მხარდაჭერით ეცდებიან თრუსოს ხეობის ოკუპაციას, დიდი და პატარა ლიახვის ხეობების მსგავსად.

მართალია, თრუსოს ხეობა არ შედიოდა საბჭოთა რეჟიმის დროს შექმნილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის საბჭოთა ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მაგრამ ამ შემთხვევაში საქართველოს არაკეთილმსურველები, სავარაუდოდ, ეცდებიან, ახალ ტაქტიკას მიმართონ.

თავის დროზე (1990-1992 წწ) საქართველოს ზოგიერთი დასახლებული პუნქტი ბევრმა ეთნიკურმა ოსმა დატოვა. ზოგჯერ ეს ძალდატანებით ხდებოდა, ზოგჯერ საკუთარი სურვილით, რადგან დიდ რუსეთში უფრო ადვილი იყო სამუშაოს შოვნა (იმ პერიოდში ათიათასობით ქართველმა ანალოგიური მიზეზით დატოვა ქვეყანა), ვიდრე უშუქოდ დარჩენილ საქართველოში.

სწორედ ამ მიზეზს იყენებენ სეპარატისტული ცხინვალის რეჟიმის ლიდერი კოკოითი და ჩრდილო კავკასიაში რუსეთის სპეცსამსახურების მიერ შექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობა "დარიალი", როდესაც აცხადებენ, თრუსოს ხეობა ჩვენ გვეკუთვნის და იქ უნდა დაბრუნდნენ XX საუკუნის 90-იან წლებში წასული ოსებიო...

არადა, ისტორიკოსებს საკუთარი ექსპერტული მოსაზრება აქვთ - საბჭოთა პერიოდში ჩრდილო კავკასიიდან ყოველ წელიწადს, სეზონზე, თრუსოს ხეობაში 50-მდე ოსი ეროვნების მწყემსს გადმოჰყავდა საქონელი საიალაღოდ. მათ დასახმარებლად ოჯახის წევრებიც მოჰყავდათ. თრუსოს ხეობაში სამიოდე თვე რჩებოდნენ და სანამ კავკასიონზე თოვლს დადებდა, უკანვე ბრუნდებოდნენ.

1995 წელს ქართველმა მესაზღვრეებმა საქართველო-რუსეთის საზღვრის ამ მონაკვეთზე კონტროლი გაამკაცრეს, რის შემდეგაც ფაქტობრივად შეწყდა ჩრდილო კავკასიიდან ოსი მწყემსების ოჯახებით გადმოსვლა.

სოფელ კობში, რომლის "დაბრუნებასაც" ასევე მოითხოვს ჩრდილოოსური მოძრაობა "დარიალი", 15-მდე ოსი ოჯახი ცხოვრობს.

მთავარი საშიშროება შემდეგშია: რუსეთის სპეცსამსახურები ეცდებიან, საქართველოში დააბრუნონ ის ოსი ეროვნების მოქალაქეები, რომლებსაც დაბადების ადგილად საქართველო უწერიათ ან მოასწრეს, გამხდარიყვნენ დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეები. თრუსოს ხეობაში შემორჩენილია მწყემსების სახლები, სადაც მათ შეეძლებათ დროებით ჩასახლება.

ისინი, ამასთანავე, შეინარჩუნებენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობას (საქართველოს კანონები არ კრძალავს ორმაგ მოქალაქეობას), რის შემდეგაც მოსკოვმა შეიძლება გამოიყენოს ჯერ კიდევ 1938 წელს ფაშისტური გერმანიის მიერ მოფიქრებული ხრიკი. მაშინ ჰიტლერმა სუდეტელი გერმანელების დაცვის მოტივით ჩეხოსლოვაკია დაიპყრო. 70 წლის შემდეგ კრემლმა ჰიტლერის ეს მიგნება საქართველოში გაიმეორა და "რუსეთის მოქალაქეების დასაცავად" საქართველოს ნაწილების ოკუპაცია განახორციელა.

ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნა გარკვეულწილად ხელს უწყობს ოსი ეროვნების მოსახლეობის ჩრდილო ოსეთიდან კობში და თრუსოს ხეობაში დაბრუნებას.

გაზაფხულზე ორი ოსი მამაკაცი უკვე ჩამოვიდა ამ ხეობაში და ცხოვრება დაიწყო. ოფიციალურმა თბილისმა წაუყრუა. მალე ლარსის გამშვებ პუნქტს ჩრდილო ოსეთის მხრიდან მართლაც მოადგა რამდენიმე ათეული ოსი და თრუსოს ხეობაში შეშვება მოითხოვა...

მართალია, თბილისის ბრძანებით ქართველმა მესაზღვრეებმა შეიძლება შეაჩერონ ლარსის ოფიციალური სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან თრუსოს ხეობაში შემომსვლელი ოსების "შემოტევა", მაგრამ არსებობს შემოვლითი გზებიც.

ერთ-ერთი მათგანია თრუსოს უღელტეხილი, რომელიც 3132,3 მეტრზე გადადის და თრუსოს ხეობას ჩრდილო ოსეთთან აკავშირებს. გაზაფხულამდე ჩაკეტილი ეს უღელტეხილი ზაფხულში მცირე ხნით იხსნება, რაც სრულიად საკმარისია ჩრდილო ოსეთიდან თრუსოს ხეობაში საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთების მქონე ოსების გადმოსასვლელად...

მაგრამ საშიშროება არა მარტო ჩრდილოეთიდან თრუსოს უღელტეხილიდან მოდის. თრუსოს ხეობას დასავლეთიდან რუსეთის მიერ ოკუპირებული ახალგორის რაიონი ესაზღვრება, საიდანაც თრუსოს ხეობაში გადადის ბილიკები, რომლებიც კარგად იციან ადგილობრივი ოსი ეროვნების მწყემსებმა და მონადირეებმა.

როგორც ცხინვალიდან ახალგორამდე გაიყვანეს შემოვლითი სამანქანო გზა რუსი სამხედროებისა და მათი სამხედრო-საინჟინრო ტექნიკის დახმარებით, არ არის გამორიცხული, რომ დაიწყოს (უკვე არსებობს წინასწარი ინფორმაცია) სამანქანო გზის გაყვანა ახალგორის რაიონიდან თრუსომდე. ამ შემთხვევაში კი თრუსოს ხეობასაც ისევე დავკარგავთ, როგორც კოდორის, დიდი და პატარა ლიახვისას.

თუკი საქართველოს მტრებმა ეს ავბედითი გეგმა მაინც განახორციელეს, თრუსოს ხეობა გახდება ის პლაცდარმი, საიდანაც რუსი ოკუპანტების მიერ მხარდაჭერილი ოსი სეპარატისტები საქართველოს ყაზბეგის რაიონსაც მოსწყვეტენ...

ამიტომაც თრუსოს ხეობაში საქართველოს ხელისუფლებისა და შესაბამისი სტრუქტურების (გასაგები მიზეზების გამო, შეგნებულად არ ვასახელებთ თრუსოს ხეობაში გადასროლილი ძალების შემადგენლობასა და რაოდენობას) პრევენციული მოქმედებების სწორად წარმართვას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება, ოღონდ ქართული მხარე არავითარ შემთხვევაში ისევ არ უნდა წამოეგოს რაიმე პროვოკაციას და ჩაერთოს ღია შეიარაღებულ დაპირისპირებაში ამ ხეობაში ან მის სიახლოვეს.

ეს სპეცსამსახურებმა რაც შეიძლება ფარულად უნდა გააკეთონ და არა ტანკების გრუხუნით, რაც შეიძლება რუსული სამხედრო აგრესიის გაგრძელების საბაბი გახდეს...