"ქართული ლეგიონი" დასაღუპად გაწირეს" - კვირის პალიტრა

"ქართული ლეგიონი" დასაღუპად გაწირეს"

2014 წლიდან დონბასში მებრძოლმა "ქართულმა ლეგიონმა" სრული შემადგენლობით დატოვა უკრაინის შეიარაღებული ძალების 54-ე ბრიგადა. საუბარია 100-მდე მებრძოლზე. როგორ ლეგიონის წევრები აცხადებენ, ბრიგადის მეთაურობა ბოლო რამდენიმე თვეა ქართველ მეომრებს სხვადასხვა პროვოკაციას უწყობს, უკანონო დავალებებს აძლევს, ბოლოს, 16 დეკემბერს კი მხოლოდ ეთნიკური ქართველები განზრახ სასიკვდილო დავალებაზეც გაუშვა, რა დროსაც 11 ქართველი დაიჭრა, რასაც ლეგიონის მიერ 54-ე ბრიგადის დატოვება მოჰყვა. ლეგიონის წევრები 23 იანვარს პრესკონფერენციას აანონსებენ, სადაც დეტალურად გეგმავენ 54-ე ბრიგადის მეთაურის უკანონობაზე საუბარს.

პასუხად უკრაინის შეიარაღებული ძალების 54-ე ბრიგადის ხელმძღვანელობა ავრცელებს განცხადებას, რომ ეს არის უკრაინის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია და არ დაუშვებენ 54-ე მექანიზებული ბრიგადის სახელის მერკანტილური თუ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობებს. პლუს, ამბობენ, რომ ქვედანაყოფი, სახელწოდებით "ქართული ლეგიონი" მათ რიგებში არასდროს ყოფილა. ბრიგადის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია: "მიუხედავად მრავალი მცდელობისა, მოხდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია, რომელიც მოხალისეობასა და კეთილ ნებაზე დამყარებული ორგანიზაციაა, ხაზს ვუსვამთ, რომ არ დავუშვებთ 54-ე მექანიზებული ბრიგადის სახელის მერკანტილური და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობებს. გამარჯვება ჩვენი იქნება! დიდება უკრაინას", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ქართული ლეგიონი" უკრაინის 54-ე ბრიგადას ტოვებს და უფროსობას ღალატში ადანაშაულებს

"ქართული ლეგიონის" წევრები "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია უკრაინის შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებში მათი გარევის მცდელობა და ამ მხრივ მათი ბრალდებების წამოყენება. კითხვაზე, რატომ დატოვა "ქართულმა ლეგიონმა" უკრაინის შეიარაღებული ძალების 54-ე ბრიგადა და საიდან დაიწყო დაპირისპირება, "ქართული ლეგიონის" მეთაურმა მამუკა მამულაშილმა განაცხადა, რომ, ფაქტობრივად, პირველი შემთხვევაა, როცა რომელიმე მეთაურს დაუპირისპირდნენ. ალექსეი მაისტრენკოს - ბრიგადის მეთაურს, რამდენიმე პროვოკაციული ბრძანება ჰქონდა, ბოლოს კი 20 დეკემბერს დავსვით წერტილი.

"23 იანვარს ვაპირებთ პრესკონფერენციის მოწყობას, იმიტომ, რომ ჩვენი, 25-ე ბატალიონის მეთაურმა გამოთქვას თავისი აზრი. მან შეგვატყობინა ბრიგადის მეთაურის ამ განზრახვაზე. ეს იყო ბრიგადის მეთაურის არასწორი ბრძანებები, რაც საბრძოლო ინტერესის დროს არ შეიძლება და რასაც ბატალიონის მეთაური არ დაეთანხმა. მეთაურმა შემატყობინა, რომ არ შეიძლებოდა ასეთი რამის გაკეთება. მიუხედავად ამისა, ქართველ მებრძოლებს მაინც შეასრულებინეს დავალება და ბიჭები დაიჭრნენ. ფაქტობრივად, "ქართული ლეგიონის" მებრძოლები სასიკვდილოდ გაწირეს. ბოლო 4 თვეა ცდილობს რაღაც სისულელეებში გაგვხვიოს. ეს იყო მესამე დანაშაულებრივი დავალება. ბატალიონის მეთაურმა ორჯერ გაატარა, მესამედ კი შეგვატყობინა, რომ ბრიგადის მეთაური იძლევა აბსურდულ დავალებებს და ეს განზრახულია იმისთვის, რომ ქართველი ბიჭები დაიღუპონ", - განაცხადა მამულაშვილმა გამოცემასთან.

იხილეთ სრულად გაზეთ "რეზონანსის" 10 იანვრის ნომერში