რუსეთი საქართველოს საჰაერო დაზვერვის "გაპრავებას" ცდილობს
15-01-2018
რუსეთი საქართველოს საჰაერო დაზვერვის "გაპრავებას" ცდილობს
რუსეთისა და აშშ-ის "ღია ცის" ხელშეკრულების დაპირისპირებაში განტევების ვაცად საქართველოს გამოყვანა სურთ?

იანვარში ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართება "ღია ცის" ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების შეხვედრა, რომელზეც მოსკოვი ამ ხელშეკრულების შეფერხებაში საქართველოს დადანაშაულებას აპირებს, რადგან თბილისი რუსეთს ქართულ ცაში საინსპექციო ფრენის უფლებას არ აძლევს.

საქართველომ რუსეთს 2012 წლის აპრილიდან აუკრძალა "ღია ცის" ხელშეკრულების ფარგლებში ქართულ ცაში საინსპექციო ფრენა. ამის ძირითადი მიზეზი ის გახლდათ, რომ რუსეთმა, როგორც ამ ხელშეკრულების მონაწილემ,
დაბლოკა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის საოკუპაციო ხაზამდე 10 კმ მანძილზე იმ დასავლური თვითმფრინავების მიფრენა, რომლებიც საქართველოს ცაში საინსპექციო ფრენებს ახორციელებდნენ.

კრემლის ძირითადი მოტივაცია ემყარებოდა "ღია ცის" ხელშეკრულების ერთ-ერთ მუხლს, რომელიც კრძალავს საჰაერო ინსპექციას 10 კმ-ზე ახლოს იმ ქვეყნების საზღვრებთან, რომლებიც ამ ხელშეკრულების მონაწილეები არ არიან.

გამოდის, რომ რუსეთის
ფედერაცია, რომელიც მის მიერვე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას ცნობს, ამის აღიარებას სთხოვს "ღია ცის" ხელშეკრულების მონაწილე სხვა ქვეყნებსაც, მათ შორის - საქართველოსაც, რაც დაუშვებელია და იმედია, საქართველო ვენის შეხვედრაზე იმავე პოზიციას შეინარჩუნებს.

მეორე მხრივ, საინტერესოა, რა ხდება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, რომლებიც ოკუპანტმა მეზობელმა საქართველოსთვისაც და მთელი მსოფლიოსთვისაც "შავ ხვრელად" აქცია და სადაც ყოველწლიურად ზრდის მილიტარიზაციის დონეს.

"ღია ცის" ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების თვითმფრინავებს ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველოს ცაში არაერთი საჰაერო მონიტორინგი ჩაუტარებიათ (ერთხელ მეც მომეცა საშუალება თბილისის აეროპორტში მდგარი ასეთი ორძრავიანი თვითმფრინავის ბორტზე ავსულიყავი და დამეთვალიერებინა ის ფოტო-ვიდეოაპარატურა, რომლის საშუალებითაც დეტალური საჰაერო გადაღება ხორციელდება) და ქართულ მხარეს დაბრკოლება არავისთვის შეუქმნია, დღეს კი სურთ, საქართველო განტევების ვაცად წარმოაჩინონ. საქმე ის არის, რომ ამერიკელებს სურთ საჰაერო ინსპექცია განახორციელონ რუსეთის დასავლეთ ანკლავის, კალინინგრადის ოლქის თავზე. ბოლო წლებში ეს რეგიონი კრემლმა თავის ძირითად სამხედრო ფორპოსტად გადააქცია და იქ თანამედროვე შეიარაღება გადაისროლა, "ისკანდერის" ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემების ჩათვლით, რომელთა რაკეტები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ფრთას "ფარავს", გერმანიის ნაწილისა და ბერლინის ჩათვლით.

მოსკოვს არ სურს, დროზე ადრე მისცეს ამერიკელებს კალინინგრადის ოლქის თავზე "განავარდების" საშუალება (სანამ ახალაშენებული სამხედრო ობიექტების სრულ შენიღბვას არ დაამთავრებს) და დროის გაყვანის მიზნით, ჯოხის გადატეხას, სავარაუდოდ, "ურჩ" ქართველებზე ცდილობს.
სხვათა შორის, 2017 წლის 9 აგვისტოს "ღია ცის" ხელშეკრულების ფარგლებში რუსულმა Ту-154-მა ერთი კმ-ის სიმაღლეზე გადაუფრინა "თეთრ სახლსა" და პენტაგონს. უცნაურია, რაში დასჭირდა კრემლს მაინცდამაინც ამ ისედაც კარგად ცნობილი ორი შენობის დეტალური საინსპექციო სურათი, თუმცა ამით მოსკოვმა საინფორმაციო ომის ერთი "შეტაკება" მოიგო: ვაშინგტონელები დაზაფრა სამძრავიანი და თანაც რუსული თვითმფრინავის ასეთ დაბალ სიმაღლეზე გამოჩენამ, მით უფრო, რომ არავის აქვს უფლება ამ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე გადაფრენის, განსაკუთრებით - 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ, როდესაც პენტაგონის შენობას ტერორისტების გატაცებული სამგზავრო ლაინერი შეეჯახა.
რუსული ოფიციოზის ზოგიერთი წარმომადგენელი გამოთქვამს ვარაუდს, რომ საქართველოში მალულად შენდება საიდუმლო ობიექტები და თბილისს ამიტომ არ სურს ქართულ ცაში რუსული საინსპექციო თვითმფრინავის გამოჩენა.M მოსკოვი, ალბათ, გულისხმობს ქართულ-ამერიკული გადამზადებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მშენებლობას, სადაც მაისიდან ქართული ბატალიონების მომზადება უნდა დაიწყოს, მაგრამ ეს ხომ საიდუმლო არ არის - ამ პროცესს აშუქებენ და მისი ოფიციალური პრეზენტაციაც გაიმართება. სხვათა შორის, ვაზიანში ამ ობიექტის, ისევე როგორც თბილისის ზღვაზე აშენებული დაზვერვის სამსახურის ახალი კომპლექსის გადაღება იმ რუსული სამგზავრო თვითმფრინავების ეკიპაჟებსა და მგზავრებსაც შეუძლიათ, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყოველდღიურად ეშვებიან ან ფრინდებიან, რადგან მათი ფრენის მარშრუტი ამ ობიექტების სიახლოვეს გადის.
როგორც ჩანს, რუსეთს სურს, "გააპრავოს" საქართველოს საჰაერო დაზვერვა, რაც აგვისტოს ომის მოახლოებულ ათი წლისთავზე სრულიად მიუღებელია...

როგორ ზვერავს საქართველოს რუსეთი

რუსეთი საქართველოს ტერიტორიას მუდმივად ზვერავს კოსმოსური, საჰაერო და რადიოელექტრონული საშუალებებით. Dდეტალური დაზვერვისთვის უფრო ხშირად გამოიყენება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზებისა და ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო საგუშაგოების შეიარაღებაში არსებული უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატები "ორლანი", "გრანატი", "ზასტავა" და სხვ. მათი ნაწილი აღჭურვილია ინფრაწითელი ხედვის ფოტო-ვიდეკამერებით, რაც სამიზნეების ღამით აღმოჩენის საშუალებას იძლევა.

ეს სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატები მცირე გაბარიტებით გამოირჩევა, რაც მცირერიცხოვანი ქართული რადიოლოკატორებით მათ აღმოჩენას აძნელებს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო დაზვერვას ასევე აქვს რადიოელექტრონული დაზვერვის თანამედროვე ტექნიკური საშუალებები, რომლებითაც ცდილობენ ქართველი სამხედროების, პოლიციელების, სპეცსამსახურის თანამშრომლების სატელეფონო და რადიოსაუბრების "ჩაჭერას", ასევე - ქართული რადიოლოკატორების, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისა და ავიაციის ტექნიკური პარამეტრების დაფიქსირებას.
მათივე განკარგულებაშია რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები, რომელთაც საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ ქართული ძალოვანი სტრუქტურების რადიოკავშირების ჩასახშობად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გლობალური ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი სისტემის GPS-ის (რომელიც ასე პოპულარულია დღეს საქართველოს ძალოვან სამინისტროებში) გასათიშად.

ჩვენი დოსიე: რა არის "ღია ცის" ხელშეკრულება


ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში 1992 წლის 24 მარტს ეუთოს წევრმა 23-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას "ღია ცის" შესახებ, რომლის მთავარი მიზანი იყო შეიარაღებაზე კონტროლის მონიტორინგი, რისთვისაც ხელშეკრულებაში მონაწილე ქვეყნებს ერთმანეთის საჰაერო სივრციდან ინსპექტირების უფლება ეძლეოდათ. დღეისათვის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების რიცხვი 34-მდე გაიზარდა. ყველა მონაწილე ქვეყანას ყოველწლიურად სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ასეთი ფრენების რაოდენობის მკაცრად განსაზღვრული ლიმიტი აქვს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, სხვა ქვეყნების დამკვირვებლებთან ერთად, მათი თვითმფრინავებით ახორციელებენ საჰაერო მონიტორინგს.

"ღია ცის" ღონისძიებებში, ჩვეულებრივ, გადაკეთებული სამგზავრო და სატვირთო თვითმფრინავები გამოიყენება, რომელთა ბორტზე შეიარაღების დაყენება აკრძალულია. თვითმფრინავებზე შეიძლება დამონტაჟდეს მხოლოდ ოპტიკური პანორამული ფოტოაპარატები, ვიდეოკამერა, რომლის გადაღებული კადრები ბორტზე დამონტაჟებულ მონიტორზე აისახება, და გვერდითი ხედვის რადიოლოკატორი. ამასთან, გადაღებული ფოტოები აუცილებლად შავ-თეთრი და 30 სმ-ის გარჩევადობის უნდა იყოს. საჰაერო ინსპექტირების თვითმფრინავის ბორტზე უსათუოდ არის მასპინძელი ქვეყნის ორი დამკვირვებელი და ერთი თარჯიმანი. თვითმფრინავის ეკიპაჟს არ აქვს უფლება, გადაუხვიოს წინასწარ დამტკიცებულ მარშრუტს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით