ახალი ომი იწყება?! - კვირის პალიტრა

ახალი ომი იწყება?!

თურქები ქურთების გამო აშშ-ს უპირისპირდებიან

სამხრეთ კავკასიის რეგიონის სიახლოვეს ახალი შეიარაღებული კონფლიქტის კერის გაჩენა ჩვენთვის სულერთი არ არის, მით უმეტეს, რომ შეიძლება დიდ ომში საქართველოს უშუალო მეზობელი თურქეთიც ჩაერთოს.

19 იანვარს, გამთენიისას, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა მეზობელი სირიის ჩრდილოეთით აფრინის ის რაიონი დაბომბეს, სადაც სირიელი ქურთები კომპაქტურად ცხოვრობენ და თავიანთი პატარა არმიაც კი აქვთ.

ეს მაინცდამაინც მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ყველა ფიქრობდა, რომ სირიასა და ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფების თითქმის დამარცხების შემდეგ უსათუოდ გამწვავდებოდა ქურთების საკითხი.

სანამ "ისლამური სახელმწიფო" სირიასა და ერაყში რამდენიმე წელი თითქმის დაუსჯელად თარეშობდა, სწორედ ერაყელი და სირიელი ქურთები იყვნენ ის ძალა, რომელმაც მას დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა. ამიტომ საერთაშორისო ტერორისტებიც ერაყელებსა თუ სირიელებზე მეტად სწორედ ქურთებს ერჩოდნენ და დიდ-პატარას ანადგურებდნენ.

ამ რამდენიმეწლიან დაუნდობელ ბრძოლებში ქურთებმა ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე კარგად გაწვრთნილი და ორგანიზებული შეიარაღებული დანაყოფები ჩამოაყალიბეს, რომელთაც იარაღით (მათ შორის - "ჯაველინის" ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებით) აშშ ამარაგებდა.

"ისლამური სახელმწიფო" ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე თითქმის განადგურებულია; ახლა ქურთებს გაუჩნდათ შანსი, აისრულონ საუკუნოვანი ოცნება და აღადგინონ ქურთული სახელმწიფო, რისთვისაც საჭირო ძალა მათ უკვე გამოავლინეს.

შარშან, 25 სექტემბერს, ერაყელმა ქურთებმა სახალხო რეფერენდუმზე ერთსულოვნად მისცეს ხმა ერაყის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი ქურთული სახელმწიფოს შექმნას. რამდენიმე დღეში ოფიციალურმა ბაღდადმა ქურთული "პეშმერგას" წინააღმდეგ საარმიო ოპერაცია ჩაატარა და ისინი აიძულა, არა მარტო უკან დაეხიათ, არამედ ამ სახალხო რეფერენდუმის შედეგების განხორციელებაც შეეჩერებინათ.

მაშინ ერაყელმა ქურთებმა მეტი ვერ გაბედეს, რადგან "დიდი ქურთისტანის" სახელმწიფოს შექმნის წინააღმდეგ ერთდროულად გამოვიდნენ ერაყის, სირიის, ირანისა და, რა თქმა უნდა, თურქეთის ხელისუფალნი, ამასთან, ქურთების დიდმა მხარდამჭერმა, აშშ-მა, ქურთებს ურჩია, თავი შეეკავებინათ ერაყის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი ქურთული სახელმწიფოს გამოცხადებისაგან.

ამით ქურთების დამოუკიდებლობის საკითხის სიმწვავე თითქოს მინელდა, მაგრამ ისევ აშშ-ის სურვილმა, სირია-თურქეთის საზღვართან, აფრინის რაიონში მცხოვრები სირიელი ქურთებისგან შეექმნა 30-ათასიანი სამხედრო შენაერთი, ოფიციალური ანკარის გაღიზიანება გამოიწვია და 19 იანვარს თურქებმა სირიის მიმართულებით ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.

როგორ განვითარდება მოვლენები, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ერთი რამ უკვე აშკარაა: ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორ წევრს - აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობა გაუარესდა, რაც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი წევრის, თურქეთის (რომელსაც ევროპაში ალიანსის წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს) უფრო მეტად გადახრა რუსეთისკენ (რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევა) დიდ დარტყმას მიაყენებს დასავლეთის პოზიციებს არა მარტო ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში.

აშშ-თურქეთის შემდგომი ურთიერთობა საქართველოსთვისაც ძალზე მნიშვნელოვანი იქნება, რადგან რუსეთ-თურქეთის ტანდემის შემდგომი გაძლიერება, ალბათ, უფრო შეუშლის ხელს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების ისედაც გაჭიანურებულ პროცესს.