"ჯაველინების" სისტემა უკვე საქართველოშია
23-01-2018
"ჯაველინების" სისტემა უკვე საქართველოშია
"ჯაველინების სისტემის შეძენის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. საქართველოში "ჯაველინების" სისტემა უსაფრთხო ადგილას არის განთავსებული" - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ლევან იზორიას განცხადებით, ახლო მომავალში დაიწყება მომზადება, რათა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა იმ უნარების დაუფლება შესძლონ, რაც ამ სისტემის გამოყენებისთვის არის აუცილებელი.

ლევან იზორიამ იან კელის თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. საუბარი შეეხო ასევე სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის
პროგრამის ამოქმედებასა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი, ჯეიმს მორისი და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ჯონ მეიერსი დაესწრნენ.

"ჯაველინები" რუსეთს სიგნალს გაუგზავნის, რომ საქართველოზე თავდასხმა ძვირი დაუჯდება"

"ჯაველინი"
მესამე თაობის გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსია, რომელიც მოქმედებს პრინციპით "გაისროლე-დაივიწყე-მოარტყი", ანუ მის თბოვიზურ სამიზნეში მოწინააღმდეგის ტანკის სილუეტის "ჩაჭერის" შემდეგ ოპერატორი უშვებს რაკეტას, მის შემდგომ მართვაში აღარ მონაწილეობს და შეუძლია სასწრაფოდ დატოვოს სტარტის ადგილი, რათა არ მოექცეს მოწინააღმდეგის საპასუხო ცეცხლში.

სტარტაღებული რაკეტა ისეთი ტრაექტორიით მიფრინავს, რომ სამიზნე ტანკს ზემოდან, სახურავის მხრიდან მოხვდეს, სადაც ტანკის შეჯავშნის დონე ბევრად ნაკლებია, ვიდრე შუბლაჯავშნისა, რაც ტანკის აფეთქების ძალიან დიდ ალბათობას იძლევა. გაგრძელება

რეზო
23 იანვარი 2018 19:19
ყოჩაღ ჩვენ მთავრობას!
123
23 იანვარი 2018 18:40
მტრის არ მცნობი, მოყვრის მგმობი, გარეთ მხდალი შინ ძლიერი. ილია ჭავჭავაძე. მადლობა ამერიკას.

რედაქტორის რჩევით