რეზერვისტო, როდის იქნები მზად ქვეყნის დასაცავად?
რეზერვისტო, როდის იქნები მზად ქვეყნის დასაცავად?
რეზერვისა და მობილიზაციის ახალი კონცეფცია დახვეწის შემდეგ სასწრაფოდ ამოქმედებას ითხოვს, რადგან საფრთხე იმატებს...

თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა რეზერვისა და მობილიზაციის ახალი კონცეფცია, რომელმაც უნდა გააძლიეროს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა.


ახალი კონცეფციის თანახმად, იქმნება ორი ტიპის რეზერვი - აქტიური და სამობილიზაციო, რომლებიც საქართველოს მოქალაქე მამაკაცების უდიდეს ნაწილს შეეხება.
მე, როგორც ექსპერტი, დაახლოებით სამი წლის წინ ჩავერთე რეზერვისა და მობილიზაციის ახალი კონცეფციის შემუშავების პროცესში. კონცეფციის შემუშავებისას ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო ქვეყნის პოტენციალის შეძლებისდაგვარად სრულად გამოყენება
თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად.
საქართველოს შეიარაღებული ძალები, ძირითადად, კონტრაქტით მომსახურე სამხედროებით არის დაკომპლექტებული, რაც უდავოდ მისასალმებელია, მაგრამ ქვეყნის შეზღუდული ეკონომიკური შესაძლებლობები საკონტრაქტო არმიის რაოდენობის გაზრდის საშუალებას არ იძლევა, არადა, ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში ორ საბრძოლო არენაზე (მაგალითად, როგორც ეს იყო ათი წლის წინ, აგვისტოს ომის დროს
ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში) ძალები არ გვეყოფა, მით უმეტეს - ბრძოლაში უეჭველი დანაკარგის (დაღუპულებისა და დაჭრილების სახით) გათვალისწინებით.
ასეთ დროს თავისი სიტყვა სწორედ კარგად მომზადებულმა რეზერვმა უნდა თქვას, მაგრამ მისი მომზადება მშვიდობიანობის დროს უნდა დაიწყოს, რადგან ომში ამისთვის არავის ეცლება.

აქტიური რეზერვის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი - შეიარაღებული ძალების რეზერვი, დაკომპლექტდება იმ პირებით, ვისაც საკონტრაქტო ან სავალდებულო სამხედრო სამსახური აქვს გავლილი. მათი საშუალებით დაკომპლექტებული სარეზერვო ბატალიონები მიმაგრებული იქნება კონკრეტულ ბრიგადაზე, რაც დროის მცირე მონაკვეთში შესაძლებელს გახდის განსაზღვრული მიმართულებით საბრძოლო დანაყოფების რიცხვის გაორმაგებას.
ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ ადგილობრივ მკვიდრთ შეუძლიათ მათ სოფელში გადასროლილი საარმიო დანაყოფის დახმარება, მაგალითად, შემოვლითი ბილიკებით მოწინააღმდეგის პოზიციის ზურგიდან მოსავლელად გამყოლის მოვალეობის შესრულება.

სპეციალისტთა რეზერვი საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, თავიანთი ცოდნა და გამოცდილება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად გამოიყენონ. მაგალითად, საავტომობილო და სარკინიგზო გზების სპეციალისტი სამხედროებს სასწრაფო კონსულტაციას გაუწევს აფეთქებული გზისა თუ რკინიგზის ხაზის დროულად მწყობრში ჩასაყენებლად, ან პირიქით, დაეხმარება ხიდისა თუ გვირაბის ზუსტად აფეთქებაში, რათა მოწინააღმდეგის შემოტევა შეფერხდეს.
გამოცდილი "ჰაკერი", რომელსაც ჯარში სამსახურის გაგონებაც არ სურს, შეიძლება გამოიყენონ ინტერნეტ­დაბომბვების მოსაგერიებლად და სულაც "ჰაკერული" კონტრშეტევების განსახორციელებლად.
Aახალი კონცეფციის გამოქვეყნების შემდეგ საზოგადოების ნაწილი ააღელვა კონცეფციაში ნახსენებმა სამობილიზაციო რეზერვმა, რომელიც სავალდებულოა და ეხება 18-დან 60 წლამდე მამაკაცებს.
სინამდვილეში ეს სიახლე არ არის. მოქმედი კანონმდებლობით, მობილიზაციის დაწყების შემთხვევაში ამ კატეგორიის მამაკაცებს ისედაც გვევალებოდა ქვეყნის დაცვა, მაგრამ ეს კანონი აგვისტოს ომის დროს ვერ ამოქმედდა, რადგან საბრძოლო მოქმედებები ხუთ დღეში შეწყდა და იმდროინდელმა ხელისუფლებამ საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება კი არა, ისიც არ იცოდა, ჯარი და საბრძოლო ტექნიკა სად გადაემალა.
რეზერვის მომზადება და სწორი სამობილიზაციო გეგმის ამუშავება საშური საქმეა. ეს უწყვეტი პროცესი უნდა იყოს და თანდათან იხვეწებოდეს, რადგან მომზადებული რეზერვისტები, ომის გარდა, საქართველოს ბუნებრივი კატაკლიზმებისა და ტექნოგენური კატასტროფების შედეგების სალიკვიდაციოდაც დასჭირდება.

ჩვენი დოსიე: რას ითვალისწინებს ახალი კონცეფცია

კონცეფციის მიხედვით, აქტიური სარეზერვო სამსახური იქნება ნებაყოფლობითი, გაფორმდება კონტრაქტი ხუთ წლამდე ვადით, ხუთწლიანი პერიოდი კი ჩაითვლება შრომის სტაჟად. გაწვევის შემთხვევაში რეზერვისტს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ხელფასი. კანონპროექტის მიხედვით, აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირს მიეცემა ყოველთვიური გასამრჯელო - მისი წოდებრივი სარგოს 20%, ხოლო გამოძახებისა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში - შრომის ანაზღაურების სრული ოდენობა.
აქტიური სარეზერვო სამსახური დაიყოფა სამ ნაწილად: შეიარაღებული ძალების რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტთა რეზერვი.

შეიარაღებული ძალების რეზერვი უზრუნველყოფს სამხედრო ძალების შემადგენლობაში რეზერვისტის დაუყოვნებლივ ჩართვას, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გაძლიერებასა და მხარდაჭერას. ტერიტორიული რეზერვი გახდება შეიარაღებული ძალების დამატებითი საბრძოლო მხარდამჭერი ტერიტორიული თავდაცვის გზით. ტერიტორიული რეზერვი იქნება შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში და განაწილდება ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფებში, რომლებიც შედგება სამანევრო ელემენტებისა და დასახულ ამოცანებსა და გეოგრაფიულ არეალს მორგებული ტერიტორიული რაზმებისგან. სპეციალისტების რეზერვის შექმნის მიზანია სამხედრო ძალების სპეციფიკური ამოცანების გადაჭრა.
რეზერვის მეორე ტიპი, სამობილიზაციო რეზერვი, აქტიური რეზერვისგან განსხვავებით, სავალდებულოა და მისი მიზანი სამხედრო ძალების გაძლიერება და დანაკარგის შევსებაა.
კონცეფციის თანახმად, სამობილიზაციო რეზერვის შემთხვევაში სამხედრო-სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირს სამხედრო სამსახურის წელთა ნამსახურობად ეთვლება სამხედრო-სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდი (წელიწადში არა უმეტეს 45 დღისა), ხოლო შრომის ანაზღაურება მიეცემა მხოლოდ გაწვევის შემთხვევაში. სამობილიზაციო რეზერვში ჩაირიცხებიან 18-დან 60 წლამდე მოქალაქეები, იარსებებს ელექტრონული სია და მათ გაწვევასა და რაოდენობას განსაზღვრავს შეიარაღებული ძალების საჭიროება.

საომარი მდგომარეობის დროს სამობილიზაციო რეზერვში მოქალაქეების გაწვევის უფლება ექნება პრეზიდენტს, საგანგებო მდგომარეობის დროს რეზერვში მოქალაქეთა გაწვევის უფლებამოსილება ექნება მთავრობას, ხოლო რეზერვისტთა მომზადების დონის შეფასებისა და წელიწადში 45-დღიანი მომზადების გადაწყვეტილებას თავდაცვის მინისტრი მიიღებს.
gio
04 აპრილი 2018 21:19
ty omi daizko meti arraa hemi mteri presidenti premieri da ministrebi hven vegar vnaxod sadme caqartvelohi.
ვეტერანი
03 თებერვალი 2018 15:19
რაც ამ სტატიაში წერია თუ გვეყო დრო და ფინანსები, გააზრებულად და ნორმალურადაა გაწერილი საგანგებო ვითარების შემთხვევებში რა და როგორ უნდა გაკეთდეს, სამწუხაროა მაგრამ ფაქტია (მითუმეტეს საქართველოსთვის) ,,თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის,, წარმატებები, ამ მეტად მნიშვნელოვან საქმეში.
ირაკლი
02 თებერვალი 2018 12:07
ჩემი აზრით კარგი სისტემაა. მგონი გვეღირსება ნორმალური რეზერვი
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები