თბილისისა და ვარშავისთვის დამიზნებული რუსული "ისკანდერები" - კვირის პალიტრა

თბილისისა და ვარშავისთვის დამიზნებული რუსული "ისკანდერები"

საქართველოსა და პოლონეთის საზღვრებთან, ჩრდილოეთ ოსეთსა და კალინინგრადის ოლქში, მოსკოვმა "ისკანდერებით" შეიარაღებული სარაკეტო ბრიგადების ტექნიკური ზონების მშენებლობა დაამთავრა

რუსეთის შეიარაღებული ძალების ორი სარაკეტო ბრიგადის მეთაურებმა იანვრის ბოლოს მასმედიის წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ დამთავრდა ტექნიკური ზონების მშენებლობა მათი ბრიგადების შეიარაღებისთვის.

ამ განცხადებებს ყოველდღიური ინფორმაციის უსასრულო მორევი შთანთქავდა, რომ არა რამდენიმე გარემოება - საქმე ეხება საქართველოსა და პოლონეთის საზღვართან, ჩრდილოეთ ოსეთსა და კალინინგრადის ოლქში, ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემებით, Искандер-М-ებით, აღჭურვილი სარაკეტო ბრიგადების სრულ საბრძოლო მომზადებას.

თუკი პოლონეთისთვის რუსული "ისკანდერებიდან" მომდინარე საფრთხე მაინც ჰიპოთეზურია, საქართველომ ათი წლის წინ საკუთარ თავზე გამოცადა "ისკანდერების" თავდასხმა - აგვისტოს ომის დროს რუსულმა 630-ე ცალკეულმა სარაკეტო დივიზიონმა სწორედ ჩრდილოეთ ოსეთიდან ჩვენი მიმართულებით გამოუშვა "ისკანდერის" ორი რაკეტა, რომელთაგან ერთი ვაზიანთან აფეთქდა, გორის ცენტრალური მოედნის თავზე მეორის კასეტური ქობინის აფეთქებას კი მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა.

ეს იყო რუსული "ისკანდერების" პირველი საბრძოლო გამოყენება, მაგრამ ვინ იცის, რომ პრეზიდენტად კვლავ არჩეული კრემლის ბინადარი იმავეს არ გაიმეორებს?

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში "ისკანდერებით" შეიარაღებული ორი სარაკეტო ბრიგადაა დისლოცირებული. 1-ლი ცალკეული სარაკეტო ბრიგადა კრასნოდარშია განთავსებული და მის ოპერატიულ გეგმებში უკრაინის აღმოსავლეთი მიმართულება უფრო შედის, ჩრდილოეთ ოსეთში, მოზდოკში დისლოცირებული ახლად შექმნილი მე-12 ცალკეული სარაკეტო ბრიგადა (რომელმაც "ისკანდერები" 2015 წელს მიიღო) კი სწორედ სამხრეთით, საქართველოსკენ არის მომართული.

რუსეთის არმიის "ისკანდერების" მოქმედების მაქსიმალური მანძილი 480 კმ-ია, ამიტომაც ამ ბრიგადის რაკეტებს შეუძლია, ჩრდილოეთ ოსეთიდან საქართველოს მთელი ტერიტორია "დაფარონ". ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში "ისკანდერების" გადმოსროლა მოსკოვს, პირიქით, ხელს შეუშლის, რადგან ამ სარაკეტო სისტემის სროლის მინიმალური მანძილი 50 კმ-ია.

მართალია, სამხრეთ კავკასიაში, სომხეთში, უკვე ჩატანილია რუსული "ისკანდერების" დივიზიონი, მაგრამ ოფიციალური ერევანი დაჟინებით ამტკიცებს, რომ ეს მისი საკუთრებაა, რომელიც მოსკოვისგან შეიძინა, თუმცა მაინც დიდია ეჭვი, რომ გიუმრიში თავმოყრილ "ისკანდერებს" ისევ რუსი გენერლები აკონტროლებენ.

საქართველოსთვის, ჩვენდა სამწუხაროდ, უცხო აღარ არის რუსული "ისკანდერების" სამიზნედ ქცევა, მაგრამ კალინინგრადის ოლქში გადასროლილი ეს ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო სისტემები, უპირველესად, პოლონელების დიდ შეშფოთებას იწვევს.

თავის დროზე, საბჭოთა არმიაში ყოფნისას, რამდენიმე თვე ვიმსახურე კალინინგრადის ოლქის ქალაქ ჩერნიახოვსკში (ყოფილი აღმოსავლეთ პრუსიის ქალაქი ინსტერბურგი), სადაც Dდღეს დისლოცირებული 152-ე გვარდიული სარაკეტო ბრიგადა "ტოჩკების" (აგვისტოს ომის დროს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ორ ათეულამდე ასეთი "ტოჩკა" და "ტოჩკა-უ" გამოიყენა, მათ შორის - ოჩამჩირიდან ფოთის დასაბომბად) ნაცვლად "ისკანდერებით" შეიარაღდა.

ქალაქ ჩერნიახოვსკის რაიონიდან თითქმის 500 კმ-ზე მფრენი "ისკანდერი" პოლონეთის დედაქალაქ ვარშავას იოლად სწვდება, ხოლო კალინინგრადის ოლქის ყველაზე დასავლეთ წერტილიდან ბერლინამდე, გერმანიის დედაქალაქამდე აღწევს!

რა გამოდის? "ისკანდერის" ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო სისტემებით Dდღეს რუსეთს შეუძლია, ისევე დაემუქროს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებს, როგორც "ცივი ომის" დროს ნადირაძისეული საშუალო სიშორის მოქმედების "პიონერების" რაკეტებით შიშის ზარს სცემდა მთელ NATO-ს.

რუსული სარაკეტო ბრიგადის არსენალში "ისკანდერის" 12 თვითმავალი გამშვები დანადგარია; თითოეული ორი რაკეტით არის შეიარაღებული. გარდა ამისა, მათ "კუდში" მიჰყვება 12 სატრანსპორტო-დამტენი მანქანა, ასევე ორ-ორი რაკეტით, ანუ დროის მცირე მონაკვეთში ბრიგადას შეუძლია, 48 რაკეტა გაუშვას, მათგან პირველი 24 - 25-26 წუთის განმავლობაში.

სწორედ ეს ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებელი და ის უმთავრესი გარემოება, რომ "ისკანდერზე" ფუგასურ-მსხვრევადი თუ კასეტური საბრძოლო ნაწილის გარდა, 50 კილოტონამდე სიმძლავრის ბირთვული ქობინიც მონტაჟდება, იწვევს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უდიდეს შეშფოთებას.

კალინინგრადის ოლქში გადასროლილი რუსული "ისკანდერების" მთავარი სამიზნე პოლონეთის ტერიტორიაზე შეიძლება გახდეს ამერიკული ანტისარაკეტო ბაზა რეძიკოვოში, სადაც წელს საბრძოლო მორიგეობაზე უნდა დადგეს მძლავრი რადიოლოკაციური სადგური და ანტირაკეტები, ისეთივე, როგორიც რუმინეთში. ჩერნიახოვსკის სარაკეტო ბაზიდან პოლონურ რეძიკოვომდე მხოლოდ 300 კმ-ია.

საქართველოში კი რუსული "ისკანდერების" სამიზნეები, ალბათ, არის აეროდრომები (ვაზიანი, ველი, მარნეული, კოპიტნარი, სენაკი), სამხედრო ბაზები და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები, მათ შორის - ქართულ-ამერიკული საბრძოლო მომზადების მშენებარე ცენტრი ვაზიანში. როგორც ჩანს, რუსეთი დასავლეთ და სამხრეთ მიმართულებებს ყველაზე საშიშად მიიჩნევს, სადაც აძლიერებს თავის სარაკეტო პოტენციალს და ემუქრება თავის უშუალო მეზობლებს - პოლონეთსა და საქართველოს.

პოლონეთის უკან მთელი NATO დგას, მაგრამ რა ქნას საქართველომ, რომლისთვისაც NATO-ს კარი დიდი ხანია ღიაა, მაგრამ სად არის ეს კარი, ჯერ ვერ მიგვიგნია?!