რვაბორბლიანი, ქუთაისური... - კვირის პალიტრა

რვაბორბლიანი, ქუთაისური...

შეიძლება ახალგაზრდა ქუთაისელებმა აღარც იციან, რომ მათ უძველეს ქალაქში ერთ დროს სატვირთო ავტომობილები სერიულად იწარმოებოდა. ზოგი ქუთაისურ "კოლხიდას" ირონიით "შინმოუსვლელსაც" ეძახდა ტექნიკური ხარვეზების გამო, მაგრამ მაშინ ასეთი იყო საბჭოთა ავტომრეწველობა.

ასაკოვან ქუთაისელებს, რა თქმა უნდა, ახსოვთ ის პერიოდი და ბევრი მათგანი თვითოOნაც მუშაობდა ქუთაისის ავტოქარხანაში, მაგრამ ეს უნიკალური ავტომობილი მათთვისაც უცნობი იქნება. მართალია, ისიც ქუთაისის ავტოქარხანაში აიწყო, მაგრამ სპეციალურ საკონსტრუქტორო ბიუროში, რომელიც იმ დროისთვის გასაიდუმლოებული, პირველი საბჭოთა რვაბორბლიანი ჯავშანტრანსპორტიორების შექმნაზე მუშაობდა.

თხუთმეტიოდე წლის წინ "კვირის პალიტრის" ერთგულ მკითხველს შევთავაზეთ ექსკლუზიური მასალა იმის შესახებ, თუ როგორ შექმნეს რვაბორბლიანი ჯავშანტრანსპორტიორი "ობიექტი-1015" და მისი მოდერნიზებული ვარიანტი "ობიექტი-1015ბ" 1958-1960 წლებში ქუთაისის საავტომობილო ქარხნის სპეციალურ საკონსტრუქტორო ბიუროში.

მაშინ, სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზის გამო, საბჭოთა არმიამ შეიარაღებაში გორკის ქარხნის ჯავშანტრანსპორტიორი БТР-60П მიიღო. იმდროინდელმა საბჭოთა გენერალიტეტმა რატომღაც ჩათვალა, რომ თუკი ბრძოლის დროს ერთი ძრავა მწყობრიდან გამოვიდოდა, ორძრავიანი გორკის ჯავშანტრანსპორტიორი ერთძრავიან ქუთაისურზე ეფექტიანი იქნებოდა. ამ უცნაური და ტექნიკურად გაუმართლებელი გადაწყვეტილების გამო ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა არმია ორძრავიან БТР-60-ებსა და БТР-70-ებს იყენებდა, სანამ ავღანეთის ომმა მათ დიზელის ერთძრავიან БТР-80-ზე გადასვლის აუცილებლობა არ დაანახა.

ქუთაისელმა კონსტრუქტორებმა, ჯავშანტრანსპორტიორის არჩევის კონკურსში მარცხის მიუხედავად, იხტიბარი არ გაიტეხეს და მოდერნიზებულ შასიზე "ობიექტი-1040"-ის, მცურავი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შექმნა სცადეს, რომელსაც პირველად მსოფლიო პრაქტიკაში რადარი და საზენიტო რაკეტები ერთ მანქანაზე ექნებოდა.

გამოცდები რთულად მიდიოდა, რადგან ისედაც არცთუ მსუბუქ შეჯავშნულ შასიზე მძიმე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის დამონტაჟებამ შეუძლებელი გახადა მისი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით - Ан-12-ით გადატანა, რაც საბჭოთა გენერალიტეტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გახლდათ. ამ კონკურსში ბრიანსკის ქარხნის ექვსბორბლიანმა შასიმ გაიმარჯვა, რომლის ბაზაზე შეიქმნა შემდგომში კარგად ცნობილი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Оса.

ქუთაისელებმა ერთხელაც გაიბრძოლეს, რომ საბჭოთა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შეკვეთა მიეღოთ, რაც იმ დროისთვის ქუთაისის საავტომობილო ქარხნის სწრაფი განვითარების წინა პირობა გახდებოდა.

1960 წელს ქუთაისელმა კონსტრუქტორებმა ააწყვეს ოთხღერძიანი და რვაბორბლიანი ექსპერიმენტული სატვირთო ავტომობილი - КаЗ-604Б.

ეს იყო მაღალი გამავლობის ავტომობილი, რომლის ყველა ბორბალი წამყვანი გახლდათ, ხოლო დაკიდების სისტემა ორიგინალური, ზამბარა-ტორსიონული სქემით იყო აწყობილი, ისევე, როგორც მისი წინამორბედი ქუთაისური ჯავშანტრანსპორტიორებისა, რაც ოღროჩოღრო გზაზეც რბილად სიარულის საშუალებას იძლეოდა.

4,5 ტონა ამწეობისა და 150 ცხ.ძ. სიმძლავრის ძრავიანი რვაბორბლიანი "კოლხიდა", ტექნიკური დახვეწის შემდეგ, შეიძლებოდა გამოეყენებინათ როგორც არმიაში - რაკეტმზიდად და საარტილერიო გამწევად, ისე - სოფლის მეურნეობაში, მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომობილად.

მაგრამ ქუთაისელ ავტომობილმშენებლებს ისევ არ გაუმართლათ და საბჭოთა კავშირის დაშლამდე მხოლოდ უნაგირა გამწევებს უშვებდნენ.

სხვათა შორის, "კოლხიდა" ისტორიაში დარჩა, როგორც პირველი საბჭოთა უკაპოტო უნაგირა გამწევი, რომელსაც კაბინაში დასაწოლი ადგილიც ჰქონდა.

დღეს იმ სქემის რვაბორბლიანი სატვირთო ავტომობილები და უნაგირა გამწევები, რომლის ერთადერთი ეგზემპლარი ქუთაისელმა კონსტრუქტორებმა 58 წლის წინ შექმნეს, გავრცელებულია ბევრი ქვეყნის არმიებში ამერიკული "ოშკოშების", გერმანული "მანების", ჩეხური "ტატრებისა" თუ რუსული "კამაზების" სახით.