ვისი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები ჯობია? - კვირის პალიტრა

ვისი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები ჯობია?

სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის არმია თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსებით შეიარაღდა

2018 წელს სამხრეთ კავკასიის რეგიონი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე "ტანკმოძულე" ადგილად იქცა - არც ერთ თანამედროვე ძირითად საბრძოლო ტანკს, ვისი წარმოებისაც უნდა იყოს, გადარჩენის მცირე შანსიც კი არ დარჩება, თუკი სამხრეთ კავკასიაში ბრძოლის ველზე აღმოჩნდება.

ამის თქმის საფუძველს ის გარემოება გვაძლევს, რომ საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის არმიების შეიარაღებაში თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსები გამოჩნდა.

პირველობა აზერბაიჯანელებს ეკუთვნით, რომლებმაც სამი წლის წინ ისრაელიდან "სპაიკის" ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების შესყიდვა დაიწყეს; ცოტა ხანში, 2016 წლის აპრილში, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ებრაული "სპაიკები" ეფექტიანად გამოიყენეს და სომხებს 12-მდე ტანკი გაუნადგურეს, თანაც - ყველა ზემოდან,ზუსტი მოხვედრით.

არაოფიციალური მონაცემების თანახმად, დღეისთვის Aაზერბაიჯანის არმიის შეიარაღებაში სხვადასხვა მოდიფიკაციის "სპაიკის" ას ერთეულამდე გამშვები დანადგარი და ორი ათასზე მეტი მართვადი რაკეტა შეიძლება იყოს, რაც ძალზე სერიოზული ტანკსაწინააღმდეგო ფარია ოფიციალური ბაქოსთვის.

აზერბაიჯანთან მუდმივად დაპირისპირებული სომხეთიც, ბუნებრივია, ფიქრობს თავისი ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერებაზე, მით უმეტეს, რომ მისი სტრატეგიული პარტნიორი - რუსეთი აზერბაიჯანს თანამედროვე T-90C ტიპის ტანკებით ამარაგებს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის საწყობებიდან სომხეთის არმიას უამრავი მართვადი ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება დარჩა, მაგრამ დრო გადის და ტანკების დაცვის დონე იზრდება.

გასული წლის ბოლოს სომხეთის არმიამ რუსეთიდან მიიღო "კორნეტის" ტიპის მოდერნიზებული ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსების ახალი მსხვილი პარტია.

თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების გარეშე, საბედნიეროდ, არც საქართველო დარჩა, რომლის შეიარაღებაში ამერიკული "ჯაველინები" ახალი წლიდან გამოჩნდა.

მკითხველს, ალბათ, დააინტერესებს, რომელი ტანკსაწინააღმდეგო საშუალება უფრო მრისხანეა ტანკის ჯავშნისთვის - ებრაული "სპაიკი", რუსული "კორნეტი" თუ ამერიკული "ჯაველინი"?

"სპაიკიც" და ჯაველინიც" მესამე თაობის მართვადი ტანკსაწინააღმდეგო იარაღია, "კორნეტი" კი - წინა, მეორე თაობის, ანუ თუკი "ჯაველინისა" და "სპაიკის" რაკეტები თვითდამიზნებით მიფრინავს, "კორნეტის" ოპერატორს ლაზერის სხივით მანამდე უნდა ჰყავდეს მონიშნული მოწინააღმდეგის ტანკის კორპუსი, სანამ რაკეტა მიზნამდე არ მიაღწევს.

ეს "კორნეტის" ნაკლია, მაგრამ სამაგიეროდ, მისი გამოყენება დღისით 5 კმ მანძილზე შეიძლება, "ჯაველინი" კი მხოლოდ ამის ნახევარ მანძილზე მიფრინავს. "სპაიკს" რამდენიმე მოდიფიკაცია აქვს და ამიტომ სამიზნის დაზიანება 2,5 კმ-მდეც შეუძლია და 4 კმ-შიც.

26 კგ-იანი "კორნეტის" ტანდემურად განთავსებული კუმულაციური ქობინები ტანკის დინამიკური დაცვის გარღვევის შემდეგ 1 000-1 200 მმ სისქის ჰომოგენურ ჯავშანს ხვრეტს. 10 კგ-იანი "ჯაველინისთვის" ეს მაჩვენებელი შედარებით მოკრძალებულია - მას მხოლოდ 600-800 მმ სისქის ჰომოგენური ჯავშნის გარღვევა შეუძლია, მაგრამ "სპაიკისა" არ იყოს, მას ტანკის ზემოდან აფეთქებაც შეუძლია, სადაც ჯავშანი უფრო თხელია.

გამოდის, მთავარია არა ძალა, არამედ - მოხერხება. რატომ უნდა იწვალო წინა მხრიდან ტანკის ძლიერი შუბლა ჯავშნის გარღვევაზე, როცა შეიძლება ზემოდან პირდაპირ კოშკურას ლიუკში მოარტყა?!

ვერც რუსული T-90C, ვერც ამერიკული "აბრამსი" თუ გერმანული "ლეოპარდი" ვერ გაუძლებენ ამ ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებს. აქტიური თავდაცვის სისტემით, "ტროფით" აღჭურვილ ებრაულ "მერკავებს" მეტი შანსი აქვთ, ჩამოყარონ მათკენ მფრენი ეს რაკეტები.

ქართული, აზერბაიჯანული და სომხური არმიების შეიარაღებაში "ჯაველინების", "სპაიკებისა" და "კორნეტების" გამოჩენა სამხრეთ კავკასიაში ჯავშანტექნიკის წარმატებულ საბრძოლო გამოყენებას საეჭვოს ხდის, რაც უპირველესად, იმ ქვეყნების ინტერესებს შეესაბამება, რომელთაც თავდაცვითი დოქტრინა გამოაცხადეს.