ნუ დასცინებ სხვასაო... - კვირის პალიტრა

ნუ დასცინებ სხვასაო...

გურიაში ჩამოვარდნილ ფრანგულ "ევროკოპტერს" რუსული "კასატკა" უკან მიჰყვა...

22 ივნისს საქართველოში მორიგი საავიაციო შემთხვევა მოხდა, ოღონდ ამჯერად მხოლოდ ავარია და არა კატასტროფა - გურიაში ჩამოვარდა ფრანგული, "ევროკოპტერის" გამოშვებული AS.350 ტიპის მცირე ზომის შვეულმფრენი, რომელიც დაბალი სიმაღლიდან წამლავდა ნარგავებს ამერიკული პეპლის დასახოცად.

ერთ-ერთი ვერსიით, დაბალ სიმაღლეზე მფრენი ეს შვეულმფრენი ხეებს წამოედო და მერე ჩამოვარდა. ასეა თუ ისე, პილოტი, საბედნიეროდ, ცოცხალი გადარჩა.

მაგრამ ამ კონკრეტულმა შემთხვევამ მეზობელ რუსეთში იქაურ ბლოგერებს საქართველოს აბუჩად აგდების მორიგი საბაბი მისცა. ინტერნეტში აშკარად დასცინოდნენ იმ ქართულ საინფორმაციო სააგენტოს, რომლის ცნობის თანახმად, თურმე მფრინავმა კატაპულტირება განახორციელა და იმიტომ გადარჩა.

არადა შვეულმფრენებს კატაპულტას არ უყენებენ, რადგან თავს ზემოთ მბრუნავი ხრახნი ნებისმიერ კატაპულტირებულ პილოტს ფარშად აქცევს. მსოფლიოში მხოლოდ ორად-ორი სერიულად წარმოებული შვეულმფრენია, რომელთა ეკიპაჟები კატაპულტირებადი სავარძლებითაა აღჭურვილი - რუსული Ка-50 "შავი ზვიგენი" და Ка-52 "ალიგატორი".

კატაპულტირების წინ ხრახნზე პიროპატრონები ფეთქდება და ფრთები დიდი სისწრაფით სხვადასხვა მხარეს გაიტყორცნება, რის შემდეგაც შეიძლება კატაპულტირება. თუმცა სამი ჩამოვარდნილი "შავი ზვიგენიდან" რეალურად ვერც ერთმა პილოტმა ვერ მოასწრო ამ კატაპულტის ამოქმედება.

KvirisPalitra.Geგახსოვთ ქართული ანდაზა? - ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო! სწორედ ასე მოუვიდათ იმ რუს ბლოგერებს, რომლებიც დაგვცინოდნენ ამერიკული პეპლების წინააღმდეგ მებრძოლი შვეულმფრენის ჩამოვარდნის გამო.

მეორე დღეს, 23 ივნისს, მოსკოვის მახლობლად, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის წინ მის მცხოვრებთათვის მოულოდნელად შვეულმფრენი დაეცა. საბედნიეროდ, აქაც, ისევე როგორც გურიაში, ეს საავიაციო შემთხვევა უმსხვერპლოდ დამთავრდა, თუმცა ეკიპაჟის ორივე წევრი მძიმედ დაშავდა.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ავარია განიცადა ერთ-ერთმა უახლესმა რუსულმა სამხედრო შვეულმფრენმა Ка-60 "კასატკამ".

კამოვის ფირმის ეს შვეულმფრენი ცნობილი Ми-8-ს ჩასანაცვლებლად შეიქმნა. ამ ერთ-ერთი იშვიათი რუსული წარმოების საფრენი აპარატის შესაქმნელად დიდი რაოდენობითაა გამოყენებული თანამედროვე კომპოზიციური მასალები. "კასატკას" კუდის ხრახნი ისეთივე ფენესტრონის ტიპისაა, როგორიც საქართველოს პრეზიდენტის ფრანგულ "ევროკოპტერ" AS.365 "დელფინისა".

ამ სტატიის ავტორს ჯერ კიდევ 1999 წელს საშუალება ჰქონდა დეტალურად დაეთვალიერებინა პირველი "კასატკა", რომელიც ჟუკოვსკის აეროდრომზე იყო გამოფენილი.

სხვათა შორის, ჩამოვარდნამდე დაბალ სიმაღლეზე მფრენ "კასატკაზე" გვერდით მიმყოლი Ми-8-დან ვიდეოფილმს იღებდნენ, რომელიც უცხოეთის ქვეყნების თავდაცვის სამინისტროებისთვის - "კასატკას" პოტენციური მყიდველებისთვის უნდა გაეგზავნათ, თუმცა ეს ამ კონკრეტული "კასატკის" ბოლო კადრი აღმოჩნდა...