ტრაგედია ყაზარმაში - კვირის პალიტრა

ტრაგედია ყაზარმაში

შეიარაღებულების კამათს ყოველთვის ახლავს ტრაგედიის საშიშროება

მას შემდეგ, რაც საქართველოს შეიარაღებული ძალების უდიდესი ნაწილი კონტრაქტით მომსახურეებმა შეავსეს, გაჩნდა იმედი, რომ ქართული არმია საბოლოოდ დაივიწყებდა საბჭოთა გადმონაშთებს - "დედოვშჩინას" და კუთხურობას.

სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცებისგან განსხვავებით, კონტრაქტით მომსახურე კაპრალები ქართულ არმიაში საკუთარი სურვილით მოვიდნენ, არც ისე მცირე ხელფასი აქვთ (საყოველთაო უმუშევრობის კვალად) და ყოველ კვირას ერთი-ორი დღე შინაც შეუძლიათ წავიდნენ.

ამით იმის თქმა გვინდა, რომ კონტრაქტით მომსახურე სამხედრო არ არის მუდმივად მიჯაჭვული ყაზარმას და პირადი პრობლემების გადაჭრის საშუალება აქვს.

21 ივნისს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი საარტილერიო ბრიგადის ყაზარმაში მომხდარმა ტრაგედიამ ალბათ ყველა შეძრა, ვისაც ქართული არმიის ბედი აწუხებს.

ერთმა კაპრალმა მეორეს ავტომატის თითქმის მთელი მჭიდი დააცალა - ასე ადამიანის გამეტება ძალზე ძნელია და ეტყობა, ამ ტრაგედიას რაღაც სერიოზული წინა პირობა ჰქონდა.

თავდაცვის სამინისტროდან გამოსულ ხმებს თუ ვენდობით, ერთი კაპრალი მეორეს ჩაგრავდა (თუმცა რა სახით - არ კონკრეტდება) და შეურაცხყოფილმა კაპრალმა ასე სასტიკად იძია შური...

სამწუხაროდ, მკვლელობები ქართულ ჯარში უცხო არასოდეს ყოფილა. შევარდნაძის დროს ასეთი შემთხვევა ხშირად ხდებოდა როგორც თავდაცვის სამინისტროში, ისე შინაგან ჯარსა თუ მესაზღვრეებში.

დიდი რეზონანსი ჰქონდა შინაგანი ჯარის ორი ჯარისკაცის მიერ თანამებრძოლებისა და ორი სამოქალაქო პირის დახვრეტის ფაქტს, რომელიც კახეთში, ნავთობჭაბურღილების დაცვის დანაყოფში მოხდა. არანაკლები სისასტიკით გამოირჩეოდა მეორე ტრაგედიაც.

დღევანდელი შსს-ს ახალი მინის შენობის ადგილზე ადრე შინაგანი ჯარების პირველი ოპერატიული ბრიგადა იყო დისლოცირებული, რომლის ორმა ჯარისკაცმა ყაზარმის წინ ავტომატებით ორი ახალგაზრდა ოფიცერი დაცხრილა.

ახალციხეში, საზღვრის დაცვისას, მესაზღვრემ თავისიანები დახოცა მათი მოკლელულიანი "კალაშნიკოვების" გატაცების მიზნით...

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა საყოფაცხოვრებო პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა ყაზარმული გარჩევები დავიწყებას არ მისცემია. ოღონდ იმ ტელევიზიებმა, რომლებიც შევარდნაძის დროს სამხედრო ნაწილებში ხვრელებიდან მიძვრებოდნენ ექსკლუზიური მასალის მოსაპოვებლად, რატომღაც პირში წყლის ჩაგუბება არჩიეს და აღარ აშუქებდნენ იქ გაგრძელებულ არასაწესდებო ურთიერთობებს...

წელს ეს პირველი ტრაგედია არ არის, რომელიც არმიაში მოხდა. 23 მარტს სპეციალური ოპერაციების ძალების კაპრალი გონიოს სასროლეთზე შემთხვევით ნასროლი ტყვიით დაიღუპა. ასევე გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ წვრთნების დროს, მდინარის გადალახვისას ერთი სამხედრო დაიხრჩო...

პოლიგონებზე და წვრთნებისას ასეთი ტრაგედიების საბოლოოდ გამორიცხვა, სამწუხაროდ, შეუძლებელია, რადგან არმიის საბრძოლო მზადებისას დანაკარგები სხვა ქვეყნების არმიებსაც აქვთ (თუმცა სხვა საკითხია, იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების წესები გონიოს პოლიგონზე და მდინარის ფორსირებისას), მაგრამ სრულიად მიუღებელია ყაზარმაში ურთიერთგარჩევები ავტომატებით ხელში...