ქართული არტილერია მთლიანად მობილური ხდება - კვირის პალიტრა

ქართული არტილერია მთლიანად მობილური ხდება

საარტილერიო ცეცხლის მართვის დაწყება უპილოტო საფრენი აპარატების დახმარებით, საშური საქმეა

ქართულ არმიაში წელს საინტერესო პროცესები იწყება, რომელთა დიდი ნაწილი გაწერილია დოკუმენტში - "თავდაცვის მინისტრის 2018 წლის დირექტივები". ეს დოკუმენტი თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 13 თებერვალს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ღია სხდომაზე წარადგინა.

"მინისტრის დირექტივები 2018" თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბისა და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების სახელმძღვანელო დოკუმენტია და ასახავს მოკლევადიანი დაგეგმვის ღონისძიებებს. დოკუმენტში აღწერილია ის პროცესები, რომელთაც ქართული არმია წელს სხვადასხვა (საჰაერო თავდაცვა, ჯავშანსაწინააღმდეგო და საჰაერო-სატრანსპორტო შესაძლებლობები, დაზვერვა, კიბერუსაფრთხოება და ა.შ.) მიმართულებებით განახორციელებს. თითოეულ მათგანზე ცალკე სტატიის დაწერა შეიძლება, მაგრამ ამჯერად იმ ცვლილებების ანალიზს შემოგთავაზებთ, რაც ქართულ არტილერიას უნდა შეეხოს.

სიმართლე რომ ითქვას, ქართული არტილერია 1992-93 წლების აფხაზეთისა და 2008 წელს ცხინვალის ომში ის ძირითადი ძალა იყო, რომელსაც მოწინააღმდეგე უფრთხოდა და არცთუ უსაფუძვლოდ.

1993 წლის მარტში სოხუმზე შემოტევა ძირითადად სწორედ ქართველმა არტილერისტებმა ჩაახშვეს ინტენსიური საარტილერიო ცეცხლით მდ. გუმისთის ორივე მხარეს. 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც, საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილმა რუსულმა საბრძოლო დანაყოფებმა ქართველი არტილერისტებისგან არაერთხელ მიიღეს მწარე "საჩუქარი".

თანამედროვე ომებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოწინააღმდეგისთვის შორეული დარტყმის მიყენებას მანამდე, სანამ საქმე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების დისტანციამდე მივა.

რამდენიმე ათეულ კილომეტრში დარტყმის მიყენება კი მხოლოდ არტილერიითა და ავიაციით შეიძლება. ქართული საბრძოლო ავიაცია, სამწუხაროდ, აღარ არსებობს (მოიერიშე თვითმფრინავები და დამრტყმელი შვეულმფრენები მერამდენე წელია აღარ დაფრინავენ) და გვინდა თუ არა, ქართული არტილერიის გაძლიერებაზე უნდა ვიფიქროთ, მით უმეტეს, რომ საარტილერიო ცეცხლის სიშორით რეგიონის ყველა არმიის არტილერისტები გვჯობნიან.

მაგრამ არტილერია მარტო სროლის სიშორე როდია, არანაკლები ყურადღება ექცევა საცეცხლე პოზიციის დროულად შეცვლის შესაძლებლობას, რომ მოწინააღმდეგემ რამდენიმე წუთში ზუსტი კონტრსაბატარეო ცეცხლით მთლიანად არ გაგინადგუროს შენი საარტილერიო დანადგარები თავისი გათვლებით.

შორს რომ არ წავიდეთ, აგვისტოს ომის დროს მოწინააღმდეგემ ხელში ჩაიგდო ქართული არმიის მე-4 ქვეითი ბრიგადის Д-30 ჰაუბიცების დივიზიონი. ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ისიც იყო, რომ ქართული ქვეითი ბრიგადების საარტილერიო დანაყოფები მხოლოდ ბუქსირებადი საარტილერიო დანადგარებით იყვნენ შეიარაღებული, რომელთა პოზიციაზე დაყენება-მოხსნა მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე თვითმავალი არტილერიის გამოყენების შემთხვევაში.

"მინისტრის დირექტივები 2018"-ში მითითებულია, რომ ქვეითი ბრიგადების სამანევრო საცეცხლე შესაძლებლობების გაზრდის მიზნით დაგეგმილია ქვეითი ბრიგადების ბუქსირებადი საარტილერიო დანადგარების ჩანაცვლება თვითმავალი საარტილერიო სისტემებით და შეიარაღებიდან მოძველებული ბუქსირებადი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხების მოხსნა.

დღეს ქვეითი ბრიგადების არტილერია 122 მმ-იანი კალიბრის Д-30 და 152 მმ-იანი MCTA-Б ბუქსირებადი ჰაუბიცებითაა წარმოდგენილი.

ამავე დროს 1-ლი და მე-2 საარტილერიო ბრიგადების შეიარაღებაში არის მხოლოდ თვითმავალი საარტილერიო დანადგარები "აკაცია", "დანა", "გრადი" და LAR-160.

ბუნებრივია, საარტილერიო ბრიგადების მობილურობა მეტია და ამიტომაც ქვეითი ბრიგადების არტილერიამაც რომ ანალოგიური სისწრაფე შეიძინოს საცეცხლე პოზიციების ცვლილების დროს, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნებოდა.

ჯერ ძნელია იმის თქმა, კონკრეტულად რომელი მობილური საარტილერიო სისტემები შეიძლება გამოჩნდეს ქართული ბატალიონების შეიარაღებაში, იქნება ის ისევ საბჭოთა, თუ უკვე NATO-ს სტანდარტისა და კალიბრის. არჩევანი შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე ძალიან დიდია და "ეფექტიანობა-ღირებულების" პრინციპის დაცვით შეიძლება ოპტიმალური ვარიანტის გამოძებნა.

თუმცა გამოთავისუფლებული ბუქსირებადი ჰაუბიცების ჯართში ჩაბარებაც არასწორი იქნება. ისინი შეიძლება გადაეცეს იმ სარეზერვო საარტილერიო დანაყოფებს, რომელთა რეზერვისტი არტილერისტებით ჩამოყალიბება შეიძლება ტოტალური თავდაცვის კონცეფციის განხორციელების ფარგლებში.

იგივე ეხება МТ-12 "რაპირას" ტიპის ბუქსირებად ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხებსაც, რომელთა საერთოდ შეიარაღებიდან მოხსნას აპირებენ. მისმა 100 მმ-იანმა ჯავშანგამტანმა ჭურვმა შეიძლება რუსული T-90C ტანკის შუბლა ჯავშანი ვერ გაარღვიოს, მაგრამ ყველა ჯავშანტრანსპორტიორსა თუ ქვეითთა საბრძოლო მანქანას გამჭოლად გახვრეტს. მოწინააღმდეგის შეტევაზე გადმოსულ ჯავშანჯგუფში კი, როგორც წესი, ტანკებზე მეტი სხვა, ნაკლებად შეჯავშნული ტექნიკაა. ამ ჭურვების მარაგი ჯერ კიდევ საკმაოდაა და უპრიანი იქნებოდა, ეს ტანკსაწინააღმდეგო საშუალებაც რეზერვისტი არტილერისტებისთვის გადაგველოცა.

დაბოლოს, იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელზეც "დირექტივაში" არაფერია ნათქვამი - ეს არის საარტილერიო ცეცხლის მართვისას უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება. თუმცა ამ დოკუმენტის ქვეთავში, რომელშიც "საჰაერო-სატრანსპორტო შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე" წერია, მითითებულია, რომ შემუშავდება უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლებლობების განვითარების გეგმა.

დღეისათვის, როდესაც უპილოტო საფრენ აპარატებს არა მარტო დასაზვერად, არამედ წერტილოვანი საჰაერო დარტყმის მისაყენებლად საერთაშორისო ტერორისტების დაჯგუფებებიც კი იყენებენ მასობრივად, რომ აღარაფერი ვთქვათ რეგულარულ არმიებზე, ქართული სინამდვილე ამ მხრივ ძალზე უნუგეშოა.

აგვისტოს ომის დროს ქართველმა არტილერისტებმა რამდენიმე ათასი სხვადასხვა კალიბრის ჭურვის გარდა, შეტევაზე გადმოსულ მოწინააღმდეგეს 600-მდე 203 მმ-იანი 110 კგ-იანი ჭურვი ესროლეს "პიონებიდან" და მარტო მას უნდა მიეყენებინა საშინელი ზარალი მტრისთვის, მაგრამ ასე არ მოხდა.

სხვა შედეგი იქნება, თუ საარტილერიო ცეცხლი იმართება იმ უპილოტო საფრენი აპარატიდან, რომელიც დროის რეალურ მასშტაბში იძლევა ვიდეოგამოსახულებას, თუ სად ეცემა შენ მიერ ნასროლი ჭურვები. ამით მიიღწევა სროლის დიდი სიზუსტე და, რაც არანაკლებ მთავარია, იზოგება ჭურვების მარაგი.

უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასში, უკვე დიდი ხანია, ორივე მხარე - უკრაინელი და პრორუსი სეპარატისტი არტილერისტები აქტიურად იყენებენ უპილოტო საფრენ აპარატებს საარტილერიო ცეცხლის კორექტირებისთვის. ანალოგიური მეთოდიკა დამუშავებულია Aაზერბაიჯანისა და სომხეთის საარტილერიო დანაყოფებში, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ რუსულ სამხედრო ბაზებზე.

საქართველოს რეგულარული შეიარაღებული ძალების მთელი არტილერიის მობილურობის გაზრდა, რა თქმა უნდა, საშური საქმეა, ოღონდ არ უნდა დავივიწყოთ ის ახალი ტექნოლოგიებიც (უპილოტო საფრენი აპარატები, ცეცხლის მართვის სპეციალური კომპიუტერული პროგრამები), რომლებიც იმავე საარტილერიო ცეცხლს ზეზუსტს გახდის.