"იღბლის ჯარისკაცები" - კვირის პალიტრა

"იღბლის ჯარისკაცები"

ვინ ქმნის კერძო სამხედრო კომპანიებს, როგორ იყენებენ მათ ხელისუფალნი და ოლიგარქები, რამდენად რეალურია მათი ფუნქციონირება საქართველოში...

7თებერვლის ღამეს სირიაში, მდინარე ევფრატის მარცხენა სანაპიროზე, ამერიკულმა ავიაციამ რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" რამდენიმე ასეული მებრძოლი გაანადგურა თუ დაჭრა და ამ შემთხვევამ უფრო აქტუალური გახადა "იღბლის ჯარისკაცების" თემა.ვინ და რისთვის ქმნის კერძო სამხედრო კომპანიებს?

საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, საქვეყნოდ ცნობილი ფრანგული უცხოური ლეგიონი არ განეკუთვნება კერძო სამხედრო კომპანიას (მიუხედავად იმისა, რომ ის, ძირითადად, სწორედ უცხოელი "იღბლის ჯარისკაცებით" კომპლექტდება), რადგან უცხოური ლეგიონი საფრანგეთის სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში შედის.

კერძო სამხედრო კომპანია კომერციული ორგანიზაციაა, რომელიც სპეციალიზებულ შეკვეთებს ასრულებს, მაგალითად, იცავს ობიექტებსა და ამა თუ იმ პირს შეიარაღებული კონფლიქტების ზონებში, მოიპოვებს სადაზვერვო ინფორმაციას და აანალიზებს მას, ასევე კონსულტაციას უწევს მსურველებს სამხედრო საკითხებში და ა.შ. კერძო სამხედრო კომპანიების მომსახურებით სარგებლობენ როგორც ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფალნი, ისე მსხვილი კონცერნები ან ოლიგარქები.

რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებამ შეიძლება იმიტომ დაიქირაოს "იღბლის ჯარისკაცები", რომ არ გამოჩნდნენ მისი რეგულარული არმიის დანაყოფები შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში, რასაც უარყოფითი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვებოდა. ამასთან, თუკი დაქირავებული მებრძოლები დაიღუპებიან, ამას ქვეყნის საზოგადოება ბევრად გულგრილად მიიღებს, ვიდრე ეროვნული არმიის დანაკარგს.

საერთაშორისო დონის კონცერნებს კერძო სამხედრო კომპანიების დახმარება, ძირითადად, შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში საკუთრების (ნავთობგადამმუშავებელი ქარხნები, ფაბრიკები, ელექტროსადგურები და სხვ.) გაძარცვისა და განადგურებისგან დასაცავად სჭირდებათ.

რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" ზემოხსენებულ ორივე ამოცანას ასრულებდა - უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასში, კრემლის დავალებით მოქმედებდა, ხოლო სირიაში, რუსეთის ხელისუფლების გარდა, უმსხვილესი კონცერნ "გაზპრომის" ინტერესებისთვისაც იბრძოდა.

სიმართლე ითქვას, რუსული "ვაგნერი" კერძო სამხედრო კომპანია არც არის, რადგან მისი მებრძოლები სპეციალურ მომზადებას გადიან კრასნოდარის მხარეში, მოლკინოს სამხედრო ბაზაში, სადაც რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს - ГРУ-ს მე-10 სპეციალური დანიშნულების ბრიგადაა დისლოცირებული (ამ ბრიგადის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები აგვისტოს ომის დროს მოქმედებდნენ ქართულ მიწაზე), ამასთან, დაფინანსებას რუსეთის ბიუჯეტიდან იღებს. "ვაგნერი" სინამდვილეში კერძო სამხედრო კომპანია კი არა, პუტინის საიდუმლო მინიარმიაა, რომლის გამოყენება კრემლს ნებისმიერი საჩოთირო საქმისთვის შეუძლია - სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად რომელიმე პატარა ქვეყანაში თუ "გაზპრომისთვის" ნავთობსაბადოების მისატაცებლად.

კერძო სამხედრო კომპანია აშშ-სა თუ ევროპაში მრავლად არის, მათი "გაფურჩქნის" ხანა ავღანეთისა და ერაყის ომების პერიოდს დაემთხვა.

იმის მტკიცება, რომ ამერიკული "იღბლის ჯარისკაცების" კომპანიები უფრო "სუფთები" არიან და არაფერს აშავებენ, ტყუილი იქნება, რადგან მათაც დატოვეს ერაყში "შავი" კვალი და ჩაიდინეს არაერთი დანაშაული, მათ შორის ერაყის მშვიდობიანი მოსახლეობის წინაშე.

საქართველოშიც არიან კერძო დაცვის სამსახურები, მაგრამ ისინი ძალიან შორს დგანან კერძო სამხედრო კომპანიებისგან, თუნდაც იმიტომ, რომ კანონმდებლობით აკრძალული აქვთ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება.

სხვა ქვეყნების ომებში საქართველოს მოქალაქეთა უმნიშვნელო ნაწილი დღესაც იბრძვის, მაგალითად, უკრაინაში კანონიერი ხელისუფლების მხარდასაჭერად და სირიაში საერთაშორისო ტერორისტების რიგებში.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ისინი, როგორც დაქირავებული მებრძოლები, ისჯებიან, მაგრამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ ქართველებზე ეს, რა თქმა უნდა, ვერ გავრცელდება.

არის კიდევ ერთი კატეგორია საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებმაც არმიაში, პოლიციასა და სპეცსამსახურებში შეიძინეს პროფესიული ცოდნა, მაგრამ ისინი სხვადასხვა მიზეზის გამო დაითხოვეს ან პენსიაში გავიდნენ. სამწუხაროდ, სამშობლოში მათი გამოცდილება აღარავის სჭირდება და ისინი იძულებული არიან, სხვა ქვეყნების არმიებში დაქირავებული კონსულტანტების სახელით მოიერიშე თვითმფრინავებსა და დამრტყმელ შვეულმფრენებზე იფრინონ, დანაღმონ, საზენიტო დანადგარი აამოქმედონ ან სულაც სნაიპერულ ოპტიკურ სამიზნეში მიზანი ზუსტად ამოიღონ.

კერძო სამხედრო კომპანიებთან თანამშრომლობამ საქართველოს სამხედროებს 10-11 წლის წინ მოუწიათ, როდესაც ამერიკელი და განსაკუთრებით ებრაელი ყოფილი სამხედროები, გენერლებიც კი, ქართული არმიის კონკრეტულ დანაყოფებს მოკლეკურსიანი პროგრამით წვრთნიდნენ. ამ პროგრამებში არაერთი მილიონი დაიხარჯა, მაგრამ რამდენად გამოადგა ეს ქართულ არმიას, გაგვიჭირდება შეფასება.

ამჟამად კერძო სამხედრო კომპანიების მომსახურებით მთელ მსოფლიოში სარგებლობენ. უკვე ბევრი ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს სწორედ "იღბლის ჯარისკაცებს" გადააწყვეტინოს ის საჩოთირო პრობლემები, რომელთა მოსაგვარებლად საკუთარი არმიის გამოყენება არ სურს, რადგან დიდმა დანაკარგმა შეიძლება ამომრჩეველთა ხმები დააკარგვინოს.