ბატალიონები რეალური საფრთხის მოსაგერიებლად
ბატალიონები რეალური საფრთხის მოსაგერიებლად
ქვეითი ბატალიონების პირადი შემადგენლობის ახალი ავტომატებითა და ტყვიამფრქვევებით გადაიარაღებაზე 37 მლნ დოლარი დაიხარჯება

117 მილიონდოლარიანი ამერიკული დაფინანსებით ცხრა ქართული ბატალიონი სავარაუდო მოწინააღმდეგის ჯავშანსატანკო და საჰაერო შემოტევების მოგერიებაში დახელოვნდება


უახლოეს მომავალში სტარტს აიღებს "საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა", რომელმაც ქართული არმიის საბრძოლო შესაძლებლობები უნდა აამაღლოს.

მაისში ვაზიანში უნდა გაიხსნას ახალი სამხედრო-სასწავლო ცენტრი, რომელშიც ამერიკელი ინსტრუქტორები ცხრა ქართული სამანევრო ბატალიონის პირად შემადგენლობას სამი წლის განმავლობაში მოამზადებენ.

16 წლის წინ ამერიკელმა სამხედრო კონსულტანტებმა და
ინსტრუქტორებმა "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის ფარგლებში რამდენიმე ათასი ქართველი მეომარი მოამზადეს. ეს უდიდესი წარმატება იყო იმ ქართული არმიისთვის, რომელსაც მაშინ თითქმის ყველაფერი, უპირველესად კი - სახელმწიფოს ყურადღება აკლ
და.

მაგრამ მიუხედავად მომზადებისა და ნაჩუქარი აღჭურვილობისა, მაშინვე გაჩნდა შეგრძნება, რომ ქართული ბატალიონების მებრძოლებს ამერიკელი კოლეგები უფრო ავღანეთისა და ერაყის, ანუ ასიმეტრიული ომებისთვის ამზადებდნენ.
მართლაც, ერაყის ანტიპარტიზანულ ომში ქართველები ხუთი წელი ამერიკელი სამხედროების გვერდით ერთგულად იდგნენ სტაციონარულ ბლოკ-პოსტებსა თუ სწრაფად მოწყობილ ჩეკ-პოინტებზე, თუმცა ანტიპარტიზანული ბრძოლის გამოცდილება ერაყგამოვლილ ოთხი ათასამდე ქართველ მებრძოლს აგვისტოს ომში რუსული ტანკების შესაჩერებლად არ გამოადგა...

აგვისტოს ომის შემდეგ ასიმეტრიული ომი ქართული ბატალიონებისთვის ავღანეთში გაგრძელდა, სადაც ქართველი სამხედროები შეიძლება, ერაყთან შედარებით, მეტ გასვლით ოპერაციაში მონაწილეობდნენ, მაგრამ ტანკის აფეთქება და თვითმფრინავის ჩამოგდება არც იქ უსწავლიათ.

აგვისტოს ომში მოწინააღმდეგეს სამიოდე ტანკი თუ ავუფეთქეთ, არადა, საჭიროზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო საშუალება გვქონდა ქვეითი ბრიგადების საწყობებში, მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების ჩათვლით.
მოწინააღმდეგის ტანკების ასეთი უმნიშვნელო დანაკარგი შეიძლება მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ მაშინ შესაბამისი შეიარაღების მიუხედავად, ქართული არმიის მეთაურობა და მებრძოლთა ნაწილიც არ იყო მზად ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების ეფექტიანად გამოყენებისთვის, "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამაში კი ამერიკული მხარე ქართული ბატალიონების ტანკსაწინააღმდეგო მომზადებას იმის გამო არ აქცევდა ყურადღებას, რომ საქართველოში რუსული სამხედრო აგრესიის შესაძლებლობას თეთრი სახლი არაფრად მიიჩნევდა.
"ცივი ომის" დასასრულმა და საბჭოთა იმპერიის დაშლამ ამერიკელებსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ევროპელ წევრებს კრემლზე სრული გამარჯვების ცრუ ილუზია შეუქმნა.

დასავლეთმა ამ ილუ­ზიას თავი ვერც 21-ე საუკუნის პირველ წლებში დააღწია, როდესაც პუტინმა მეორე ომში ჩეჩნეთი დააჩოქა და ვერც 2008 წელს, როდესაც საქართველოში შემოიჭრა. მხოლოდ 2014 წლის გაზაფხულზე ყირიმის დაპყრობისა და დონბასში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ დაიწყო გამოღვიძება თეთრი სახლისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბიუროკრატიულმა მანქანამ...

სირიაში რუსული ავიაციისა და ჯავშანსატანკო დანაყოფების აქტიური მოქმედებების შემდეგ პენტაგონმა დაინახა საფრთხე, რომელიც დღევანდელი პუტინის რუსეთისგან შეიძლება დაემუქროს არა მარტო საქართველოსა თუ უკრაინას, არამედ ალიანსის წევრ ქვეყნებს ევროპაში, ამიტომაც სამწლიანი გადამზადების "საქართველოს მზადყოფნის პროგრამის" მთავარი მიზანი იქნება საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლება ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველსაყოფად.
სწორედ ტერიტორიული თავდაცვაა უმთავრესი როგორც ქართული არმიის, ისე მთლიანად საქართველოს უსაფრთხოებისთვის, და არა - ავღანეთში "საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში საქართველოს კონტრიბუციის გაღება", როგორც ზოგ ჩვენს პოლიტიკოსს უყვარს ხატოვნად გამოცხადება.
თუმცა, მეორე მხრივ, არ უნდა დავივიწყოთ - ამერიკული მხარე იმიტომაც აპირებს ჩვენს დახმარებას, რომ ქართველ მებრძოლებს, მეცხრე წელია, ავღანეთში ამერიკელებისთვის არ უღალატიათ.
2018 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის ამერიკული სამხედრო დახმარება 117 მლნ დოლარს გაუტოლდება და ამ თანხის უდიდესი ნაწილი სწორედ "საქართველოს მზადყოფნის პროგრამის" მატერიალურ უზრუნველყოფას მოხმარდება.

დაგეგმილია, რომ ცხრავე ქართული სამანევრო ბატალიონის პირადი შემადგენლობა გადამზადების პროცესში ახალ ავტომატურ კარაბინებსა და ტყვიამფრქვევებს მიიღებს. სულ ქართული არმიის მცირე ცეცხლსასროლი იარაღით გადაიარაღებისთვის წელს ზემოთ ხსენებული 117 მლნ-დან 37 მლნ დოლარი დაიხარჯება. გადამზადებული ქართული ბატალიონების მებრძოლებს გადაეცემათ 25 მლნ დოლარის ღირებულების კავშირგაბმულობის თანამედროვე საშუალებებიც (კომპაქტური რაციები და სხვ.), რომლებსაც საბრძოლო მოქმედებების ზონაში დაშიფრული რადიოგადაცემების გაგზავნა შეეძლება.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის გახლავთ, რომ ვაზიანის საბრძოლო მომზადების ცენტრი აღიჭურვება თანამედროვე სიმულაციური და საწვრთნელი ტექნიკური მოწყობილობებით, რომელთა გამოყენებით ამერიკელი ინსტრუქტორები ქართული ბატალიონების მებრძოლებს მოწინააღმდეგის ჯავშანსატანკო და საჰაერო თავდასხმის საშუალებებთან გამკლავებას ასწავლიან.

ამ სასწავლო კურსების ერთ-ერთი მიმართულება აუცილებლად იქნება "ჯაველინის" ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების (რომლებიც უკვე არის ქართული არმიის არსენალში) ზუსტად გამოყენება შეტევაზე გადმოსული მოწინააღმდეგის ტანკების შესაჩერებლად.

ასევე კარგი იქნებოდა ქვეითი მებრძოლების მომზადება დაბალ სიმაღლეზე მფრენი მოწინააღმდეგის შვეულმფრენებისა და მოიერიშე თვითმფრინავების მოსაგერიებლად საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის (ავტომატური კარაბინებისა და ტყვიამფრქვევების) ჯგუფურად გადამღობი ცეცხლის გახსნით.
ვაზიანის საბრძოლო მომზადების ცენტრი ბატალიონების სხვა მიმართულებით გადამზადების საშუალებასაც იძლევა, იქნება ეს ნაღმსატყორცნებისა და ჰაუბიცების გამოყენებით საარტილერიო მომზადება, სადაზვერვო ოპერაციებისა და ჩასაფრებების მოწყობა, აეროდრომის დაცვაში ან პირიქით, მისი ინფრასტრუქტურის განადგურებაში ვარჯიში და სხვ.

სამი წლის განმავლობაში "საქართველოს მზადყოფნის პროგრამის" ფარგლებში ცხრა სამანევრო ბატალიონის არანაკლებ ხუთი ათასი მებრძოლი შეიძლება მომზადდეს, რომელთა საბრძოლო შესაძლებლობები, განსაკუთრებით - თავდაცვითი ოპერციებისთვის, წესით, უნდა ამაღლდეს.
საქართველოს უსაფრთხოების განსამტკიცებლად აუცილებელია, სავარაუდო მოწინააღმდეგემ იცოდეს, რომ საქართველოზე თავდასხმის შემთხვევაში ის მძიმე დანაკარგის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, რამაც შეიძლება მას სამხედრო აგრესია გადააფიქრებინოს.
mzirali
25 მარტი 2018 22:42
ქართულ არმიიის დაგეგმარებას და მომზადებას დროა ქარტველებმა დაიწყონ. რას ქვია არ იცოდნენ ამერიკელებმა რომ ტანკები, რუსების რკინის მუშტი იყო. რატომ ვყიდულობდიტ მაშინ ამდენ ტანკსაწინააღმდეგო იარაღს ტუნდაც საბჭოური კონსტრუქციის. გავიგით ერთხელ და სამუდამოდ, რომ ჩვენ წინაშეა მოწინააღმდეგე, რომელიც კლასიკური საბრძოლო ტაქტიკით იბრძვის და აღწევს გამარჯვებასაც, ჩვენს უნდა ვისწავლოთ. მიამაჩნია, რომ სამხედრო რეზერვშიც მტავრი უნდა იყოს ტანკსაწინააღმდეგო იარაღის ეფექტური გამოყენება და დანამვა ,თუნდაც მარტივი სისტემების. თორემ მარტო ავტომატით სროლა არაფერი ბედანაა. ომში ყველფერი გამოდგება ტუ მას რაციონალურად მიუდეგები და სირიაში და ერაყში (ამბოხელების მხრიდან)განვითრებული მოვლენები ამის მაგალითია
vaso
11 მარტი 2018 15:57
მართალია, თუ სამხედრო ძლიერებამ არ მიაღწია ანგარიშ გასაწევ დონეს, რაც სავსებით რეალურია, ეკონომიკას არაფერიც არ ეშველება. როცა ძლიერი იქნები ექსპორტ იმპორტს დაარეგულირებ და ხალხიც სოფელს დაუბრუნდება. როცა არა გაქ ძალა ყველა თავში წამოგარტყამს, რუსეთს რო თავი დავანებოთ აქ აზერებზე და თურქეთზეა ძირითადი აქცენტი. გაგვატყავა აზერულმა გაზმა, ნავთმა და თურქულმა სოფლის პროდუქტებიდან დაწყებულმა ყველაფერმა ხო მთლად დედა უტირა გლეხს. მიტოვებულია ყველაფერი, აღარ დავაკონკრეტებ. ოკრიბის ჩაი ცეილონისას სჯობს და დღეს მიგდებული და გავერანებულია. ეს ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულია. ტკბილი სიტყვით არაფერი არ კეთდება. დიდი იმედი მაქვს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროგრამების. ესდ ნამდვილად წაადგება ქვეყანას და თუ სუების წარმოებაც განახლდა მითუფრო. ნეტა მოვესწრებოდე
კანონმორჩილი მოქალაქე
10 მარტი 2018 13:48
ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომ ვიხდით 20 % საშემოსავლო გადასახადს,იმიტომ ვიხდით რომ გვქონდეს როგროც შინაგანი აგრეთვე საგარეო უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში და ვგრძნობდეთ თავს დაცულად.12 მილიარდიანი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მინიმუმ 10 % უნდა მოხმარდეს თავდაცვის და უსაფრთხოების უზრუნველყოფას და არა ათას სისულელის დაფინანსებას და ფულის გაფლანგვას. დამოუკიდებლობა თუ გამოვაცხადედ,და თუ გვინდა მისი შენარჩუნება თავად უნდა დავიცვათ ეც სიმწრით და საუკუნეებს ნანატრი დამოუკიდებლობა.
მადლობა ნებისმიერ ქვეყანას ვინც დაგვეხმარება ამ საქმეში,მაგრამ თუ ვინმე 100 მილიონით დაგეხმარა 200~300 მილიონი დოლარი ყოველწლიურად თავად უნდა დავხარჯოთ ტექნიკის და შეიარაღების შენახვა,მოვლა,მოდერნიზება და შეძენაში.

კანონმორჩილი მოქალაქე ვითხოვ გადასახადის გადამხდელთა ფულის დიდი ნაწილის უსაფრთხოების და დავდაცვისთვის დახარჯვას,ნაცვლად ასობით სისულელის და არაფრის მკეთებელი ბიუროკრატებისთვის ფულის ფლანგვას.
მადლობთ ყურადღებისთვის.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები