ბატალიონები რეალური საფრთხის მოსაგერიებლად - კვირის პალიტრა

ბატალიონები რეალური საფრთხის მოსაგერიებლად

ქვეითი ბატალიონების პირადი შემადგენლობის ახალი ავტომატებითა და ტყვიამფრქვევებით გადაიარაღებაზე 37 მლნ დოლარი დაიხარჯება

117 მილიონდოლარიანი ამერიკული დაფინანსებით ცხრა ქართული ბატალიონი სავარაუდო მოწინააღმდეგის ჯავშანსატანკო და საჰაერო შემოტევების მოგერიებაში დახელოვნდება

უახლოეს მომავალში სტარტს აიღებს "საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა", რომელმაც ქართული არმიის საბრძოლო შესაძლებლობები უნდა აამაღლოს.

მაისში ვაზიანში უნდა გაიხსნას ახალი სამხედრო-სასწავლო ცენტრი, რომელშიც ამერიკელი ინსტრუქტორები ცხრა ქართული სამანევრო ბატალიონის პირად შემადგენლობას სამი წლის განმავლობაში მოამზადებენ.

16 წლის წინ ამერიკელმა სამხედრო კონსულტანტებმა და ინსტრუქტორებმა "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის ფარგლებში რამდენიმე ათასი ქართველი მეომარი მოამზადეს. ეს უდიდესი წარმატება იყო იმ ქართული არმიისთვის, რომელსაც მაშინ თითქმის ყველაფერი, უპირველესად კი - სახელმწიფოს ყურადღება აკლდა.

მაგრამ მიუხედავად მომზადებისა და ნაჩუქარი აღჭურვილობისა, მაშინვე გაჩნდა შეგრძნება, რომ ქართული ბატალიონების მებრძოლებს ამერიკელი კოლეგები უფრო ავღანეთისა და ერაყის, ანუ ასიმეტრიული ომებისთვის ამზადებდნენ.

მართლაც, ერაყის ანტიპარტიზანულ ომში ქართველები ხუთი წელი ამერიკელი სამხედროების გვერდით ერთგულად იდგნენ სტაციონარულ ბლოკ-პოსტებსა თუ სწრაფად მოწყობილ ჩეკ-პოინტებზე, თუმცა ანტიპარტიზანული ბრძოლის გამოცდილება ერაყგამოვლილ ოთხი ათასამდე ქართველ მებრძოლს აგვისტოს ომში რუსული ტანკების შესაჩერებლად არ გამოადგა...

აგვისტოს ომის შემდეგ ასიმეტრიული ომი ქართული ბატალიონებისთვის ავღანეთში გაგრძელდა, სადაც ქართველი სამხედროები შეიძლება, ერაყთან შედარებით, მეტ გასვლით ოპერაციაში მონაწილეობდნენ, მაგრამ ტანკის აფეთქება და თვითმფრინავის ჩამოგდება არც იქ უსწავლიათ.

აგვისტოს ომში მოწინააღმდეგეს სამიოდე ტანკი თუ ავუფეთქეთ, არადა, საჭიროზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო საშუალება გვქონდა ქვეითი ბრიგადების საწყობებში, მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების ჩათვლით.

მოწინააღმდეგის ტანკების ასეთი უმნიშვნელო დანაკარგი შეიძლება მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ მაშინ შესაბამისი შეიარაღების მიუხედავად, ქართული არმიის მეთაურობა და მებრძოლთა ნაწილიც არ იყო მზად ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების ეფექტიანად გამოყენებისთვის, "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამაში კი ამერიკული მხარე ქართული ბატალიონების ტანკსაწინააღმდეგო მომზადებას იმის გამო არ აქცევდა ყურადღებას, რომ საქართველოში რუსული სამხედრო აგრესიის შესაძლებლობას თეთრი სახლი არაფრად მიიჩნევდა.

"ცივი ომის" დასასრულმა და საბჭოთა იმპერიის დაშლამ ამერიკელებსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ევროპელ წევრებს კრემლზე სრული გამარჯვების ცრუ ილუზია შეუქმნა.

დასავლეთმა ამ ილუზიას თავი ვერც 21-ე საუკუნის პირველ წლებში დააღწია, როდესაც პუტინმა მეორე ომში ჩეჩნეთი დააჩოქა და ვერც 2008 წელს, როდესაც საქართველოში შემოიჭრა. მხოლოდ 2014 წლის გაზაფხულზე ყირიმის დაპყრობისა და დონბასში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ დაიწყო გამოღვიძება თეთრი სახლისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბიუროკრატიულმა მანქანამ...

სირიაში რუსული ავიაციისა და ჯავშანსატანკო დანაყოფების აქტიური მოქმედებების შემდეგ პენტაგონმა დაინახა საფრთხე, რომელიც დღევანდელი პუტინის რუსეთისგან შეიძლება დაემუქროს არა მარტო საქართველოსა თუ უკრაინას, არამედ ალიანსის წევრ ქვეყნებს ევროპაში, ამიტომაც სამწლიანი გადამზადების "საქართველოს მზადყოფნის პროგრამის" მთავარი მიზანი იქნება საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლება ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველსაყოფად.

სწორედ ტერიტორიული თავდაცვაა უმთავრესი როგორც ქართული არმიის, ისე მთლიანად საქართველოს უსაფრთხოებისთვის, და არა - ავღანეთში "საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში საქართველოს კონტრიბუციის გაღება", როგორც ზოგ ჩვენს პოლიტიკოსს უყვარს ხატოვნად გამოცხადება.

თუმცა, მეორე მხრივ, არ უნდა დავივიწყოთ - ამერიკული მხარე იმიტომაც აპირებს ჩვენს დახმარებას, რომ ქართველ მებრძოლებს, მეცხრე წელია, ავღანეთში ამერიკელებისთვის არ უღალატიათ.

2018 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის ამერიკული სამხედრო დახმარება 117 მლნ დოლარს გაუტოლდება და ამ თანხის უდიდესი ნაწილი სწორედ "საქართველოს მზადყოფნის პროგრამის" მატერიალურ უზრუნველყოფას მოხმარდება.

დაგეგმილია, რომ ცხრავე ქართული სამანევრო ბატალიონის პირადი შემადგენლობა გადამზადების პროცესში ახალ ავტომატურ კარაბინებსა და ტყვიამფრქვევებს მიიღებს. სულ ქართული არმიის მცირე ცეცხლსასროლი იარაღით გადაიარაღებისთვის წელს ზემოთ ხსენებული 117 მლნ-დან 37 მლნ დოლარი დაიხარჯება. გადამზადებული ქართული ბატალიონების მებრძოლებს გადაეცემათ 25 მლნ დოლარის ღირებულების კავშირგაბმულობის თანამედროვე საშუალებებიც (კომპაქტური რაციები და სხვ.), რომლებსაც საბრძოლო მოქმედებების ზონაში დაშიფრული რადიოგადაცემების გაგზავნა შეეძლება.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის გახლავთ, რომ ვაზიანის საბრძოლო მომზადების ცენტრი აღიჭურვება თანამედროვე სიმულაციური და საწვრთნელი ტექნიკური მოწყობილობებით, რომელთა გამოყენებით ამერიკელი ინსტრუქტორები ქართული ბატალიონების მებრძოლებს მოწინააღმდეგის ჯავშანსატანკო და საჰაერო თავდასხმის საშუალებებთან გამკლავებას ასწავლიან.

ამ სასწავლო კურსების ერთ-ერთი მიმართულება აუცილებლად იქნება "ჯაველინის" ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების (რომლებიც უკვე არის ქართული არმიის არსენალში) ზუსტად გამოყენება შეტევაზე გადმოსული მოწინააღმდეგის ტანკების შესაჩერებლად.

ასევე კარგი იქნებოდა ქვეითი მებრძოლების მომზადება დაბალ სიმაღლეზე მფრენი მოწინააღმდეგის შვეულმფრენებისა და მოიერიშე თვითმფრინავების მოსაგერიებლად საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის (ავტომატური კარაბინებისა და ტყვიამფრქვევების) ჯგუფურად გადამღობი ცეცხლის გახსნით.

ვაზიანის საბრძოლო მომზადების ცენტრი ბატალიონების სხვა მიმართულებით გადამზადების საშუალებასაც იძლევა, იქნება ეს ნაღმსატყორცნებისა და ჰაუბიცების გამოყენებით საარტილერიო მომზადება, სადაზვერვო ოპერაციებისა და ჩასაფრებების მოწყობა, აეროდრომის დაცვაში ან პირიქით, მისი ინფრასტრუქტურის განადგურებაში ვარჯიში და სხვ.

სამი წლის განმავლობაში "საქართველოს მზადყოფნის პროგრამის" ფარგლებში ცხრა სამანევრო ბატალიონის არანაკლებ ხუთი ათასი მებრძოლი შეიძლება მომზადდეს, რომელთა საბრძოლო შესაძლებლობები, განსაკუთრებით - თავდაცვითი ოპერციებისთვის, წესით, უნდა ამაღლდეს.

საქართველოს უსაფრთხოების განსამტკიცებლად აუცილებელია, სავარაუდო მოწინააღმდეგემ იცოდეს, რომ საქართველოზე თავდასხმის შემთხვევაში ის მძიმე დანაკარგის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, რამაც შეიძლება მას სამხედრო აგრესია გადააფიქრებინოს.